თეგებით ძიება

დედაქალაქში BMC-ს მარკის ავტობუსების და FORD-ის მარკის მიკროავტობუსების პირველი ნაკადი შემოვიდა

მუნიციპალური ავტოპარკის განახლების პროექტის ფარგლებში, თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ხელშეწყობით, 226 ერთეული 12-მეტრიანი, კომპრესირებულ ბუნებრივ აირზე (CNG) მომუშავე, EURO 6-ის სტანდარტის ავტობუსი შეისყიდა. მათი ნაწილი უკვე დედაქალაქშია, დანარჩენი კი 2021 წლის მარტამდე ეტაპობრივად შემოვა.

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, სატრანსპორტო რეფორმას, რომელიც ამჟამად ხორციელდება, ქალაქისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს. მისივე თქმით, ავტობუსების განახლების პარალელურად დედაქალაქში საგზაო ინფრასტრუქტურაც წესრიგდება.

„ძალიან მიხარია, რომ ეს რეფორმა ხორციელდება და საზოგადოებრივი ტრანსპორტი ქალაქში იქნება ყველასთვის ხელმისაწვდომი, ყველაზე სწრაფი და კომფორტული. ძალიან ხშირად ისმის ბრალდებები, თუ რატომ არ შემოვიდა ჯერ ავტობუსები და მერე არ განხორციელდა სხვადასხვა პროექტი. ამას აქვს ერთი მარტივი მიზეზი - დრო ძალიან ცოტაა. ჩვენ მართლაც არ გვაქვს დასაკარგი დღეები, დასაკარგი თვეები და ამ პროექტის და რეფორმის ფარგლებში ყველაფერი პარალელურად კეთდება. ეს არის ავტობუსების ჩანაცვლების პროექტი, რომელიც დაწყებულია და ძალიან მალე, მთლიანად პარკი იქნება განახლებული. ის ყვითელი ავტობუსები, რომელიც სერიოზულ დისკომფორტს წარმოადგენს მგზავრებისთვის, პრობლემაა ეკოლოგიური და ვიზუალური თვალსაზრისით ქალაქისთვის მთლიანად იქნება ჩანაცვლებული ასეთი, ევროპული ტიპის, ევრო 6-ის ავტობუსებით. პარალელურად, რა თქმა უნდა, მიმდინარეობს საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა-განახლება, ჩნდება ავტობუსის ზოლები იმისთვის, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი იყოს ყველაზე სწრაფი და საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება იყოს ყველაზე კომფორტული“,- განაცხადა კახა კალაძემ.

ახალი ავტობუსები გათვლილია 90 მგზავრზე, აქედან 28 დასაჯდომი ადგილით; სრულად ადაპტირებულია შშმ პირებისთვის: სალონში გამოყოფილია სპეციალური სივრცე და აქვს გადმოსაშლელი პანდუსი, ეტლით ავტობუსში ასვლის უზრუნველსაყოფად; დამონტაჟებულია თანამედროვე სტანდარტის, ინტეგრირებული გათბობის, კონდიცირებისა და ვენტილაციის სისტემა, რომელიც გათვლილია თბილისის კლიმატურ პირობებზე; აქვს როგორც საინფორმაციო ხმოვანი სისტემა, შიდა და გარე ანტივანდალური ვიდეო მონიტორინგის სისტემა, ასევე usb-დამტენები და გაჩერების დასახელების გამოცხადების ტექნიკური საშუალება.

ახალი ავტობუსების პირველი ნაკადი ათ სატრანსპორტო დერეფანზე გადანაწილდება, რომლითაც დაიწყება კომპანია „სისტრას“ მიერ შემუშავებული ახალი სამარშრუტო სქემის ეტაპობრივი დანერგვის პროცესი.

გარდა ავტობუსებისა, პროექტის ფარგლებში შესყიდულია 300 ერთეული FORD-ის მარკის, დიზელის ძრავზე მომუშავე, ევრო 5 ემისიის, ეკოლოგიურად სუფთა მიკროავტობუსი.

აღნიშნული მიკროავტობუსი, დასაჯდომი ადგილების მიხედვით, გათვლილია 17 მგზავრზე. მძღოლისა და წინა მგზავრისათვის განსაზღვრულია უსაფრთხოების ბალიშები, ხოლო ავტოსატრანსპორტო საშუალების ყველა სავარძელზე დამონტაჟებულია სამწერტილოვანი უსაფრთხოების ღვედები. მძღოლისა და მგზავრების ფანჯრები იღება ელექტრონულად. მიკროავტობუსები აღჭურვილია თბილისის კლიმატზე გათვლილი გათბობა-კონდიცირების სისტემებით, გარდა ამისა, აქვს AM/FM რადიო და AUX, USB შესაერთებლები. აღნიშნული მიკროავტობუსების სრულად შემოყვანისთვის განსაზღვრულია 180 კალენდარული დღე.

„მძიმე სურათია ე.წ. ყვითელი მარშუტკების თვალსაზრისით, რომელიც მართლაც კრიტიკას ვერ უძლებს და ყველანაირი რესურსი ამოწურული აქვს. მათი გამონაბოლქვი სერიოზული პრობლემაა ჩვენი ჯანმრთელობისთვის, ჩვენი შვილებისთვის და მომავალი თაობებისთვის. შესაბამისად ხდება ასევე მიკროავტობუსების განახლება. დღეის მდგომარეობით 200 ერთეული მიკროავტობუსი არის შემოყვანილი, თქვენ იცით, რომ პირველ ეტაპზე 300 ერთეული მოემსახურება თბილისს და ეტაპობრივად მოხდება ჩანაცვლება. რაც შეეხება ზოგადად მიკროავტობუსებს, დაახლოებით 3000 მიკროავტობუსი გადაადგილდებოდა ქალაქში სხვადასხვა უბნებსა და რაიონებში. ჩვენი სატრანსპორტო პოლიტიკისა და რეფორმის ფარგლებში ეს ციფრი განახლდება და დაახლოებით 1500-1200-მდე მიკროავტობუსი იმოძრავებს, რადგან მეტის საჭიროება არ არის. ესეც იქნება დამაკავშირებელი საშუალება ავტობუსებთან, რათა თანხვედრაში მოვიდეს მიკროავტობუსი, ავტობუსი და მეტრო“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ, მუნიციპალური ავტოპარკის განახლების პროექტის ფარგლებში, შეისყიდა და ექსპლუატაციაში გაუშვა 143 ერთეული MAN-ის მარკის 12-მეტრიანი ავტობუსი (CNG ძრავზე მომუშავე); 90 ერთეული MAN-ის მარკის 10-მეტრიანი ავტობუსი (EURO 6 ემისიის დიზელის ძრავზე მომუშავე); 220 ერთეული ISUZU-ს მარკის 8-მეტრიანი ავტობუსები (EURO 6 ემისიის დიზელის ძრავზე მომუშავე).

2021 წელს, ასევე დაგეგმილია 180 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსების შეძენა.



წყარო: newposts.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა