გასაიდუმლოებული შეხვედრა განათლების მინისტრთან და "ოცნების" კანდიდატთან - რა დავალება მიიღეს ხონის სამუსიკო სკოლაში სკოლის მასწავლებლებმა
გუშინ გვიან ღამით ხონის სამუსიკო სკოლაში სკოლის პედაგოგები და დირექტორები განათლების მინისტრს, მიხეილ ჩხენკელს შეხვდნენ. ინფორმაციას ამის შესახებ ფორმულა" ავრცელებს.
ტელეკომპანიის ცნობით, შეხვედრას ესწრებოდა, ხონის საკრებულოს თავჯდომარე, გამგებელი და ხონში ვანსა და წყალტუბოში "ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატი, გივი ჭიჭინაძე.
ფორმულას ინფორმაციით, მასწავლებლები აიძულეს, რომ შეხვედრაზე მისულიყვნენ, თუმცა შეხვედრის დასრულების შემდეგ პედაგოგებმა ინფორმაცია უარყვეს და თქვეს, რომ შეხვედრაზე საუბარი განათლების სისტემაში არსებულ პრობლემებს შეეხებოდა.
"ვისაუბრეთ იმ პრობლემებზე, რაც იყო ახლა განათლების სისტემაში, კითხვებიც დაისვა, ბატონმა მაჟორიტარმაც უპასუხა. მაჟორიტარი დეპუტატიც ბრძანდებოდა, ბატონი გივი ჭიჭინაძე“,-აცხადებს სკოლის პედაგოგი.
ხონში, ვანსა და წყალტუბოში მმართველი გუნდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, გივი ჭიჭინაძე ამბობს, რომ შეხვედრა სკოლის პედაგოგების მოთხოვნით გაიმართა და ისინი სკოლაში თავიანთი სურვილით მოვიდნენ.
"პედაგოგების მოთხოვნით ბატონი მინისტრი ჩამობრძანდა სამუშაო საათის შემდეგ, ძირითადი საუბარი იყო პრობლემებზე. ეს იყო სუფთა პროფესიული შეხვედრა“,-განაცხადა გივი ჭიჭინაძემ.
ხონის სამუსიკო სკოლასთან ასევე იმყოფებოდნენ პარტია ლელოს წარმომადგენლები, რომლებიც გვიან ღამით ხონის სამუსიკო სკოლაში, დახურულ ფორმატში, შეხვედრას აპროტესტებდნენ.
წყარო: newposts.ge