გამოჯანმრთელებულთა დღიურმა რაოდენობამ 2000-ს გადააჭარბა, ეს კი ოპტიმიზმის საფუძველს გვაძლევს - გახარია
საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, კორონავირუსთან დაკავშირებული პროცესები მართვადია, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობის ზრდა კი ოპტიმიზმის საშუალებას იძლევა:
„სამწუხაროდ, ყველა ვხედავთ, რომ მსოფლიოში, განსაკუთრებით ევროპაში, ინფიცირებულების რაოდენობა იზრდება. ჩვენს ქვეყანაშიც, ინფიცირებულების რაოდენობა ყოველდღიურად გვეზრდება, თუმცა 1 მლნ მოსახლეზე, სხვებთან შედარებით, ევროპის ფარგლებში, ასე თუ ისე, ნორმალურად გამოვიყურებით, თუმცა ეს არ არის დამშვიდების საფუძველი. დღეს, ფრთხილი ოპტიმიზმის საფუძველს გვაძლევს ჩვენი გამოჯანმრთელებული მოქალაქეების რაოდენობის ზრდა. დღეს, ამ ციფრმა 2 000-ს გადააჭარბა. მე, კიდევ ერთხელ შემიძლია ხაზგასმით აღვნიშნო, რომ პროცესი სრულად მართვადია, ეფექტურად მუშაობს კლინიკური მართვის ახალი მოდელი და ექიმები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ უკვე საკმაოდ დიდი რაოდენობის ინფიცირებულების პირობებში, მართონ ეს პროცესი შეუფერხებლად.
ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენი წერტილოვანი შეზღუდვების სტრატეგიას, მაგრამ ყველამ კარგად უნდა გავითვალისწინოთ ერთი რამ, რომ პირბადეების ტარება და დისტანცია არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი, უნდა ვატაროთ პირბადე უკვე ყველგან, როგორც დახურულ, ასევე ღია სივრცეებში და პირდაპირი კავშირია პირბადის ეფექტურ ტარებასა და წერტილოვანი შეზღუდვების საჭიროებასთან - რაც უფრო მეტი ჩვენი მოქალაქე ატარებს პირბადეს, მით უფრო ნაკლები აუცილებლობა იქნება წერტილოვანი შეზღუდვების და ეს, ყველას კარგად უნდა გვესმოდეს“, - განაცხადა გახარიამ.
წყარო:newposts.ge