არც გამიგია, გრიპზე უფრო მსუბუქად გადავიტანე - მიხეილ სააკაშვილი კორონავირუსზე
მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ რამდენიმე კვირის წინ მსუბუქად გადაიტანა კორონავირუსი, რაც მოგვიანებით აღმოაჩინა ანტისხეულებზე ტესტით.
„მე თვითონ გადავიტანე ეს ვირუსი რამდენიმე კვირის წინ. მსუბუქ გრიპზე უფრო მსუბუქად გადავიტანე. ბევრი ადამიანი ასე იტანს. რა თქმა უნდა, ფრთხილად უნდა ვიყოთ“, – თქვა სააკაშვილმა 3 ნოემბერს, „ტვ პირველის“ ეთერში საუბრისას და დასძინა: „თითქმის არც გამიგია, უბრალოდ, მერე ამომიგდო ანტისხეულები“.
ამის შემდეგ სააკაშვილმა „მასობრივი კონსოლიდაციის“ მნიშვნელობაზე ისაუბრა და განაცხადა: „მე იმას ვიძახი, რომ არ უნდა გვეშინოდეს. რა თქმა უნდა, ფრთხილად უნდა ვიყოთ, ნიღაბი უნდა გვეკეთოს, ხელები დავიბანოთ, ყველა ნორმა დავიცვათ. მაგრამ რომ გითხრათ, რომ რაღაცა… ჩემ გარშემო უამრავმა ადამიანმა გადაიტანა და თითქმის არავის არანაირი გართულება არ ჰქონია“, – თქვა მან.
„ქვეყნის დაკარგვა მართლა მომაკვდინებელია. ქვეყნის დაკარგვა მართლა თითოეული ჩვენგანის არსებობის დასრულება შეიძლება იყოს. ამიტომ ახლა ერთადერთი გზა დაგვრჩენია: კონსოლიდაცია, მასობრივი კონსოლიდაცია, როგორც მოხდა ყირგიზეთში, სომხეთში, თავის დროზე საქართველოში“, – განაცხადა მან და დასძინა: “ეს მაგალითები მასობრივი დემონსტრაციების მაგალითებიცაა”.
წყარო: ნეტგაზეთი