თეგებით ძიება

დიალოგს ალტერნატივა არ აქვს, გვინდა, ყველა გაუგებრობა საუბრით წყდებოდეს - იაგო ხვიჩია

„გირჩის“ წევრის, იაგო ხვიჩიას შეფასებით, შექმნილ პოლიტიკურ ვითარებაში ხელისუფლებასა და ოპოზიციურ პარტიებს შორის დიალოგს ალტერნატივა არ აქვს.

მისივე თქმით, „გირჩი“ რამე სახის დიალოგში იმ შემთხვევაში ჩაერთვება, თუ სერიოზული საუბარი შედგება. იაგო ხვიჩია ამბობს, რომ „გირჩის“ დიალოგში მონაწილეობისთვის ამ პირობის დაკმაყოფილება აუცილებელია.

„ჩემი აზრით, დიალოგს ალტერნატივა არ გააჩნია, ჩვენ ამას პირველივე დღიდან ვამბობთ. დიალოგის ალტერნატივა არის ჩხუბი, ჩხუბი ხომ არავის გვინდა? ამიტომ უნდა ვისაუბროთ. უბრალოდ, „გირჩის“ რამე დიალოგში ჩასართავად აუცილებელია ერთადერთი პირობის დაკმაყოფილება, სერიოზულობის, რომ დიალოგზე ვინც ზის და ლაპარაკობს, ის ხალხი მართლა ლაპარაკობდეს და სხვა რამეს არ ჰქონდეს იქ ადგილი. მგონია, რომ ერთადერთი ჩვენგან ეს კრიტერიუმი არის დასაყენებელი. წინა დიალოგი რომ სერიოზული იყო, ამიტომაც მივიღეთ შედეგი, რომ არჩევნებამდე მშვიდად მივედით. მას შემდეგ, რაც გამკაცრდა საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან ზეწოლა, „ქართული ოცნება“ დასერიოზულდა“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

ამასთან, ხვიჩია აღნიშნავს, რომ ბოლო პერიოდში ხელისუფლების განცხადებები ძირითადად არასერიოზული იყო.

„ამ შემთხვევაში, მთელი ეს პერიოდი რა განცხადებებიც გაკეთდა, არის არასერიოზული. სამეგრელოში იციან გამოთქმა, ენა სველზე არის და ყველაფერს ილაპარაკებსო, ძირითადად ხელისუფლების განცხადებები ბოლო პერიოდში ასეთი იყო და თუ სერიოზული იქნება, რა თქმა უნდა, უნდა დავილაპარაკოთ. ზოგადად მე მაქვს მოლაპარაკების და მოლაპარაკების მშვიდობიანად ჩავლის იმედი, მართლა მაგიტომ ვმონაწილეობ ამ ყველაფერში, მაგის რომ არ მჯეროდეს და ვიცოდე, რომ საბოლოო ჯამში ქუჩაში ბრძოლა ერთადერთი გამოსავალია, მაშინ სხვანაირად მოვიქცეოდი. ასევე მაქვს წინა გამოცდილებების იმედი, რომ ჩვენ გვჭირდება შუამავალი ერთმანეთთან დალაპარაკების დროს, სამწუხაროდ, ეგეთი ხალხი აღმოჩნდა ხელისუფლებაში, რომ არავისთან შეუძლიათ პირდაპირ ლაპარაკი, გარდა საერთაშორისო ფასილიტატორებისა, მაშინ ეს უნდა გამოვიყენოთ. ლაპარაკს ალტერნატივა არ გააჩნია, ჩვენი პარტია ამაზე დგას, გვინდა, რომ ყველა გაუგებრობა ლაპარაკით წყდებოდეს“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

გარდა ამისა, ხვიჩიამ განმარტა, თუ რა იყო „გირჩის“ მოთხოვნა. ხვიჩიას თქმით, ითხოვდნენ საჩივრების ისე განხილვას, რომ მეორე ტურს აზრი ჰქონოდა.

„ჩვენი მოთხოვნა ოდნავ განსხვავებული იყო დანარჩენი ოპოზიციური სპექტრისგან, რამდენი მოგვპარეს არავინ იცის, ამის აღდგენა ძალიან რთულია. ვითხოვდით, ისე განვიხილოთ საჩივრები ნებისმიერი წესით, რომ მეორე ტურში გასვლას ჰქონდეს აზრი, მეორე ტურში როგორი შედეგითაც უნდა დამთავრდეს, ყველანი შევიდეთ და ერთი წლის ფარგლებში ჩავატაროთ ახალი არჩევნები, როცა ტემპერატურა დაიწევს, რომ ყველა მხარემ სახე შეინარჩუნოს და გაყალბებული არჩევნების სირცხვილი ჩამოვირეცხოთ ჩვენ, როგორც ქვეყანამ, რომელსაც ამის შემდეგ სერიოზულად აღარავინ შემოგხედავს, გავხდებით ის ქვეყანა, სადაც არჩვენებით არ იცვლება ხელისუფლება, ეს სხვა რამეს ნიშნავს – სიღატაკეს და უპერსპექტივობაში ცხოვრებას. არავის უთქვამს, არც ხელისუფლებიდან, არც ოპოზიციიდან, რომ ჩვენ სისულელეს ვლაპარაკობთ, უბრალოდ აზრი მაინტერესებს, შეიძლება, გადავიფიქრო, ჯიუტი კი არ ვარ. თუ მეუბნებიან, რომ სხვა რაღაც უფრო სწორია და უკეთეს შედეგს მოიტანს, რა თქმა უნდა, მადლობას ვეტყვი“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა