მნიშვნელოვანია აშშ-სთან თანამშრომლობა, რათა საქართველომ ერთ-ერთმა პირველმა მიიღოს კოვიდ-ვაქცინა - დავით ზალკალიანი
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული შეხვედრის შემდეგ საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა იმ საკითხებზე ისაუბრა, რაც აშშ-ს სახელმწიფო მდივანს მაიკ პომპეოსა და პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას შორის შედგა. სხვადასხვა თემებს შორის მხარეებმა განიხილეს კოვიდ პანდემიის საკითხი და ახალი ვაქცინა, რომლის მწარმოებელიც ამერიკაა
ზალკალიანის თქმით, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს პანდემიასთან ბრძოლის კუთხით დიდი დახმარება აღმოუჩინა:
„საუბარია ახლა ვაქცინაზე, რომლის ერთ-ერთი მწარმოებელი ამერიკული კომპანიები არიან. მომავალში ამ მიმართულებით თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რათა საქართველო იყოს ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც ვაქცინას მიიღებს. ეს ჩვენ ამ უსერიოზულეს პრობლემასთან გამკლავებაში დაგვეხმარება“, - განუცხადა ჟურნალისტებს დავით ზალკალიანმა.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ს სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო საქართველოს ორდღიანი ვიზიტით გუშინ ეწვია. დღეს კი შეხვედრა გამართა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვბილთან, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან, საქართველოს კათალიკოს-პატრიარქ ილია მეორესთან და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.
წყარო:newpost.ge