გასაკეთებელი კიდევ ბევრია - პომპეოსა და ენჯეოების შეხვედრას აშშ-ს საელჩო განცხადებით ეხმაურება
აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოსა და არასამთავრობო სექტორის შეხვედრას საქართველოში აშშ-ს საელჩო ეხმაურება და სოციალურ ქსელში ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს.
განცხადებაში ყურადღება გამახვილებულია იმ თემებზე, რის შესახებაც მხარეებს შორის შედგა საუბარი:
"სახელმწიფო მდივანი პომპეო სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს სასამართლო რეფორმასა და საქართველოს განვითარებაში სამოქალაქო საზოგადოების როლზე გულწრფელი და ღია საუბრისთვის შეხვდა. სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა საქართველოს ბოლოდროინდელი ძალისხმევა სასამართლო რეფორმის კუთხით და სამოქალაქო საზოგადოების მნიშვნელოვანი როლი კანონის უზენაესობის ხელშეწყობასა და თანამედროვე სახელმწიფო ინსტიტუტების განვითარებაში. თუმცა, ყველა შეთანხმდა, რომ გასაკეთებელი კიდევ ბევრია და შეერთებული შტატები მზადაა მხარდაჭერის გასაგრძელებლად. შეხვედრაში ჩართული იყო საქართველოში მოღვაწე მრავალი პროფესიონალური არასამთავრობო ორგანიზაციის ნაწილი, მათ შორის: საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატა, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი, საქართველოს დემოკრატიის ინიციატივა, ღია საზოგადოების ფონდი, უფლებები საქართველო და საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ს სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო საქართველოს ორდღიანი ვიზიტით გუშინ ეწვია. დღეს კი შეხვედრა გამართა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვბილთან, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან, საქართველოს კათალიკოს-პატრიარქ ილია მეორესთან და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.ამ დროისთვის კი აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა უკვე დატოვა ქვეყნის ტერიტორია და ისრაელში გაემგზავრა.
წყარო:newpost.ge