გამოაცხადებს თუ არა მთავრობა ე.წ. ლოკდაუნს? - თურნავას განმარტება
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ პანდემიის გამო ქვეყანაში ამოქმედებულ შეზღუდვებსა და ე.წ. ლოკდაუნზე გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ წერტილოვანი შეზღუდვები გაგრძელდება.
თურნავას თქმით, მასშტაბურ „ლოკდაუნს“ არ გამოაცხადებენ, რადგან ეს ეკონომიკას კიდევ უფრო დააზარალებს და ხელს შეუშლის ზამთრის კურორტების მუშაობას:
„ჩვენ ვმუშაობთ ამ საკითხზე. თქვენ იცით, რომ მასშტაბურ „ლოკდაუნს“ არ ვაპირებთ ქვეყანაში, ეს არის ჩვენი პოზიცია. უნდა მოვახერხოთ ადაპტაცია, ანუ ვმართოთ თუნდაც ეპიდემიის ასეთი გაზრდილი გამოვლინებები. ამავდროულად ნაკლებად დავაზარალოთ ეკონომიკა და ბიზნესი, პირიქით, შევინარჩუნოთ და მხარი დავუჭიროთ გაჯანსაღების ტენდენციას, მაგრამ წერტილოვანი შეზღუდვები იქნება. თუ რა დოზით შეეხება ეს ზამთრის კურორტებს, ამაზე ვმსჯელობთ და თქვენთვის ცნობილი გახდება. ყოველ შემთხვევაში, ჩვენთვის პრიორიტეტი არის, რა თქმა უნდა, ჯანმრთელობა და უსაფრთხოება.
არ მინდა მოვლენებს გავუსწრო. რა თქმა უნდა, იმედი მაქვს, რომ ყველაფერი ნორმალურად იფუნქციონირებს, მაგრამ პირველ რიგში, უნდა გავაანალიზოთ ეპიდემიოლოგების რჩევები. თუ რა დოზით, რა დონით და რა გეოგრაფიით იქნება ეს წერტილოვანი შეზღუდვები აქედან გამომდინარე ვიმსჯელებთ ზამთრის კურორტებზე. ზამთრის კურორტი ისევე, როგორც საზაფხულო კურორტი, დიდი მობილობის გენერატორი არის და ამ თვალსაზრისით ეპიდემიოლოგიურად გარკვეული კითხვები არსებობს. ამ პირობებში, რამდენად შევძლებთ სრულფასოვნად ვამუშაოთ ზამთრის კურორტები, რა თქმა უნდა, ეს კითხვა დგას. ვმუშაობთ და გადაწყვეტილებას მოგახსენებთ“, - განაცხადა ნათია თურნავამ.