აზრიან წინადადებას ველით - დავით ბაქრაძე
„ევროპული საქართველოს“ ლიდერის, დავით ბაქრაძის განცხადებით, პასუხისმგებლობა „ქართული ოცნების“ მხარესაა და ოპოზიცია მმართველი გუნდის წინადადებას ელოდება.
როგორც ბაქრაძემ ჟურნალისტებს ევროკავშირის ელჩთან კარლ ჰარცელთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა, „ქართული ოცნების“ შეთავაზება უნდა იყოს „აზრიანი, რომელიც ქვეყანას კრიზისიდან გამოიყვანს“.
„დღეს გვქონდა კიდევ ერთი ძალიან გულახდილი და კარგი დისკუსია ჩვენს მეგობრებთან და პარტნიორებთან. შექმნილი ვითარება არის მარტივი - ოპოზიცია პასუხისმგებლობიდან გამომდინარე ცდილობს მოძებნოს გამოსავალი იმ პოლიტიკური კრიზისიდან, რომელშიც ქვეყანა ხელისუფლებამ გაყალბებული არჩევნებით შეიყვანა. ასეთი გამოსავლის ძებნას ცდილობენ ჩვენი უცხოელი პარტნიორებიც და დღეს ჩვენ ვისაუბრეთ, რა შეიძლება იყოს გამოსავალი და საით შეიძლება წავიდეს პროცესები კრიზისის განსამუხტად. ამიტომ ბურთი და პასუხისმგებლობა მთლიანად არის „ქართული ოცნების“ მხარეს. ველოდებით, რომ საქართველოს ხელისუფლებაც გამოიჩენს პასუხისმგებლობას ამ ქვეყნის წინაშე და ისე, როგორც ოპოზიცია ფიქრობს, როგორც ჩვენი პარტნიორები ფიქრობენ, „ქართული ოცნებაც“ დაიწყებს ფიქრს გამოსავლის მოძებნისთვის კრიზისიდან, რომელშიც ქვეყანა თავად შეიყვანეს. ჯერჯერობით შეთავაზება, რაც მაგიდაზეა, გახლავთ კვლავ ოპოზიციის შეთავაზება გაზაფხულზე ვადამდელი არჩევნების შესახებ, არაფერი ახალი “ქართული ოცნებისგან“ არ მოგვისმენია, ველოდებით მათი მხრიდან წინადადებებს, როგორ შეიძლება განიმუხტოს კრიზისი. ეს გვინდა ჩვენ, უნდათ ჩვენს უცხოელ პარტნიორებს და ბურთი არის „ქართული ოცნების“ მხარეს, ველოდებით და მზად ვიქნებით განვიხილოთ. ოღონდ, უნდა განვიხილოთ აზრიანი წინადადება, რომელიც ქვეყანას კრიზისიდან გამოიყვანს და არა რაღაც იმდაგვარი, რომლითაც გვეტყვიან, რომ თურმე პარლამენტში ჩვენი სურვილის წინააღმდეგ უფლებამოსილებას არ შეგვიწყვეტენ. ამიტომ აზრიან წინადადებას ველით და იმედი გვაქვს, ხელისუფლება ელემენტარულ პასუხისმგებლობას გამოიჩენს ამ ქვეყნის მომავლის წინაშე“,- განაცხადა ბაქრაძემ.
Ipn