ვიმედოვნებ, გვერდით დაგვიდგება მუსიკალური საზოგადოება - თამილა ფოლადაშვილის მიმართვა
თამარ მეფის სახელობის ხელოვნების სკოლა-პანსიონის სახელოვნებო მიმართულების ხელმძღვანელი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
სკოლა-პანსიონის სახელოვნებო მიმართულების ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ 90-იან წლებიდან მოყოლებული მძიმე სოციალურ და ეკონომიურმა მდგომარეობამ, საორკესტრო სკოლებში მოსწავლეთა შემცირებულმა რაოდენობამ და საზოგადოების მოთხოვნის არ არსებობამ საგრძნობლად შეამცირა სტუდენტთა ნაკადი კონსერვატორიაში. აქედან გამომდინარე, ისევ შეიქმნა საორკესტრო ინსტრუმენტებზე შემსრულებელთა დეფიციტი. სწორედ ამიტომ იყო და არის სკოლა-პანსიონის არსებობა და სახელმწიფო ჩართულობა აუცილებელი.
თამილა ფოლადაშვილის თქმით, სახელოვნებო სკოლა-პანსიონს ორმაგი დატვირთვა აქვს. ეს არის ტოლერანტობის კერა, სადაც ფერეიდანიდან, ტაოკლარჯეთიდან, ზემო აჭარიდან და საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსულმა ნიჭიერმა ბავშვებმა უნდა ისწავლონ და შეავსონ ორკესტრები,როგორც პროფესიონალმა შემსრულებლებმა.
ფოლადაშვილი საზოგადოებას, ხელოვნებისა და კულტურის მოღვაწეებს მოუწოდებს, რომ გვერდით დაუდგნენ, რათა სკოლა-პანსიონმა არ შეწყვიტოს არსებობა.
\'\'მოგმართავთ ქართველ ხელოვანთა საზოგადოებას!....
სკოლა, რომელმაც ეპოქა შექმნა,...... სადაც საქართველოს სხვადასხვა რაიონებიდან ჩამოსული მუსიკალური ნიჭით დაჯილდოვებული უამრავი ბავშვი სწავლობდა.....ეს გახლდათ ნაძალადევში, ლოტკინის დასახლებაში მდებარე, რესპუბლიკური მუსიკალური სკოლა - ინტერნატი (204 -ე საშუალო სკოლა).
70-იან წლებში საქართველო, საორკესტრო კლასიკური მუსიკის სფეროში მუსიკოს შემსრულებელთა დიდ დეფიციტს განიცდიდა. სწორედ ამიტომ, მაშინდელმა მუსიკალურმა საზოგადოებამ გადაწყვიტა, შექმნილიყო სკოლა-ინტერნატი , რომლის მიზანი იქნებოდა ქვეყნის წამყვანი ორკესტრებისათვის კვალიფიციური კადრების აღზრდა........ სასწავლებელში, საშუალო განათლებასთან და ხალხურ საკრავებთან ერთად, მოსწავლეები დაეუფლებოდნენ ისეთ უნიკალურ საკრავებზე დაკვრას, როგორიცაა: ვალტორნა, ტრომბონი, ტუბა, ფაგოტი, კლარნეტი, ფლეიტა, ტენორი, საყვირი, ვიოლინო,ფორტეპიანო, ალტი, ჩელო, კონტრაბასი და სხვა…..
სკოლა-ინტერნატმა, თავისი არსებობის მანძილზე, უამრავი მუსიკოსი აღუზარდა საქართველოს, რომელთა უმრავლესობამ შემდგომში სწავლა გააგრძელა სახელმწიფო კონსერვატორიაში და დღეისათვის წარმატებით მოღვაწეობენ სიმფონიურ ორკესტრებსა და სხვა სახელოვნებო დაწესებულებებში.......
2007 წელს, მოხდა სკოლა-ინტერნატის რეორგანიზაცია და სასწავლებელმა ფუნქციონირება შეწყვიტა......
ორი წლის განმავლობაში ითხოვდა ქართული სახელოვნებო საზოგადოება, სკოლა-ინტერნატის ფუნქციონირების აღდგენას. მხოლოდ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე აღმოჩნდა, რომელმაც თხოვა ეკონომიკის სამინისტროს, გაუქმებული სკოლა-ინტერნატის შენობა-ნაგებობების გადმოცემა და 2009 წლის ივლისში დააფუძნა, პირველი სახელობო და სახელოვნებო სასწავლებელი საქართველოში, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონი, სადაც ერთი ადმინისტრაციის ქვეშ სამი სტრუქტურული ერთეული გაერთიანდა: 1. ზოგადსაგანმანათლებლო საშუალო სკოლა 2. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები და 3. სახელოვნებო სკოლა- პანსიონი.
სახელოვნებო სწავლება იყო ერთ - ერთი წარმატებული მიმართულება სკოლა-პანსიონში, რომელმაც თავისი არსებობის 11 წლის განმავლობაში, მრავალ წარმატებას მიაღწია, თავისი სიტყვა თქვა და თავისი მოკრძალებული, ლამაზი ისტორია შექმნა სახელოვნებო საგანმანათლებლო მიმართულებაში.
მიუხედავად წარმატებული საქმიანობისა, სკოლა-პანსიონს წლების განმავლობაში ქონდა ფინანსური პრობლემები, რომელიც, მიუხედავად მრავალგზის თხოვნისა საპატრიარქოსადმი და სამთავრობო ორგანიზაციებისადმი - სრულყოფილად ვერ მოგვარდა.
მიმდინარე წლის 3 სექტემბერს საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ლოცვა-კურთხევით მოხდა სკოლა-პანსიონის რეორგანიზაცია და დამოუკიდებელ იურიდიულ პირად ჩამოყალიბდა წმიდა თამარ მეფის სახელობის ხელოვნების სკოლა-პანსიონი.
სახელოვნებო სკოლა - პანსიონში დღეისათვის ცხოვრობს და სახელოვნებო საგანმანათლებლო პროგრამებს /მუსიკა, მხატვრობა/ ეუფლება 102 ბავშვი - საქართველოს მაღალმთიანი რაიონებიდან, აგრეთვე ეკომიგრანტები, იძულებით გადაადგილებული პირები, საზღვარგარეთ /ირანი, აზერბაიჯანი, თურქეთი/ მცხოვრები ჩვენი თანამემამულეების შვილები. /აქედან 42 მოსწავლე მუსულმანური აღმსარებლობისაა/.
სკოლა- პანსიონში ფუნქციონირებს ვაჟთა ფოლკლორული ანსამბლი, გოგონათა აკადემიური და ფოლკლორული გუნდი, საფორტეპიანო და სავიოლინო კლასები, ხალხურ საკრავთა ანსამბლი და სხვა, თუმცა ეს საკმარისი არ არის პრობლემის მოსაგვარებლად. სრულყოფილი დაფინანსების შემთხვევაში ხალხური საკრავების გარდა, შესაძლებელია გაიხსნას კველა კლასიკური ინსტრუმენტების ჯგუფები.
90-იან წლებიდან მოყოლებული მძიმე სოციალურ და ეკონომიურმა მდგომარეობამ, საორკესტრო სკოლებში მოსწავლეთა შემცირებულმა რაოდენობამ და საზოგადოების მოთხოვნის არ არსებობამ საგრძნობლად შეამცირა სტუდენტთა ნაკადი კონსერვატორიაში. აქედან გამომდინარე, ისევ შეიქმნა საორკესტრო ინსტრუმენტებზე შემსრულებელთა დეფიციტი. სწორედ ამიტომ იყო და არის სკოლა-პანსიონის არსებობა და სახელმწიფო ჩართულობა აუცილებელი.
თემა იმდენად აქტუალურია და ისეთი რანგისაა, მხოლოდ პატრიარქის ზრუნვის საგანს კი არა, სახელმწიფო ზრუნვის აუცილებლობას უნდა წარმოადგენდეს, რადგან ქვეყანას ეს ძალიან სჭირდება.
რაც შეეხება ჩვენს სახელოვნებო სკოლა-პანსიონს ორმაგი დატვირთვა აქვს. ეს არის ტოლერანტობის კერა, სადაც ფერეიდანიდან, ტაოკლარჯეთიდან, ზემო აჭარიდან და საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსულმა ნიჭიერმა ბავშვებმა უნდა ისწავლონ და შეავსონ ორკესტრები,როგორც პროფესიონალმა შემსრულებლებმა.
მე, როგორც ერთი რიგითი მოქალაქე, ვაცნობიერებ რა არსებული ტიპის სასწავლებლის აქტუალობას, ვიმედოვნებ გვერდით დაგვიდგება ხელოვნებისა და კულტურის მოღვაწეები მუსიკალური საზოგადოება, სახელმწიფო, რომ სკოლა-პანსიონმა შეძლოს ჯეროვანი ფუნქციონირება, რაც ქვეყნის მომავალს აუცილებლად წაადგება..\'\', - წერს თამილა ფოლადაშვილი