სილამაზის სალონების უმრავლესობაში პრევენციულ ღონისძიებებს კარგად იცავენ - გამყრელიძე
შეფასდა შედარებითი რისკი და სილამაზის სალონების უმრავლესობაში აღმოჩნდა, რომ პრევენციულ ღონისძიებებს კარგად იცავენ, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, სილამაზის სალონების ფუნქციონირების გაჩერება, შესაძლოა, უფრო მეტად ყოფილიყო ინფექციის გავრცელების საფრთხის მატარებელი, ვინაიდან სალონების დაკეტვის შემდეგ ეს ადამიანები დადიან სახლებში.
„რისკი ყველგან არის, მაგრამ შედარებითია ეს რისკი. შეფასდა შედარებითი რისკი და სილამაზის სალონების უმრავლესობაში აღმოჩნდა, რომ პრევენციულ ღონისძიებებს კარგად იცავენ. არის მეორე რისკი, რომ დაკეტო დღეს და შეზღუდო სილამაზის სალონები, ეს ბიზნესი მერე ინაცვლებს ჩრდილში, ანუ, შემდეგ ეს ადამიანები დადიან სახლებში და შესაძლოა, უფრო მეტი იყოს გავრცელების რისკი. ამიტომ ეს რისკი რომ შეფასდა, საკოორდინაციო საბჭომ მიზანშეწონილად ჩათვალა, რომ ამ ტიპის მიდგომა ყოფილიყო“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.