თეგებით ძიება

სისტემა უძლებს იმ დატვირთვას, რაც დღეს არსებობს - ეკატერინე ტიკარაძე

ჩვენი მზადება ყოველთვის ორიენტირებული იყო ყველაზე რთული სცენარისთვის და დღეის მდგომარეობით რა ვითარებაც გვაქვს, გათვლილია ყველაზე რთულ სცენარზე, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ „ღია ეთერში“ განაცხადა.

მისი თქმით, სისტემა უძლებს იმ დატვირთვას, რაც დღეს არსებობს.

„ჯანდაცვის სისტემა, არის ერთ-ერთი ყველაზე რთული და კომპლექსური სისტემა და აქ ყოველთვის ხაზს ვუსვამთ, რომ არ შეიძლება ადამიანებს ჰქონდეთ მოლოდინი, რომ შესაძლებელია სისტემის იმაზე მეტად მომზადება, რაც დღეს ჯანდაცვის სამინისტრომ შეძლო და გააკეთა. ჩვენ რეალურად არ გვქონდა ისეთი ძლიერი სისტემა, როგორიც აქვთ ევროპის ქვეყნებსა და ამერიკას. ჩვენი ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის ადამიანური რესურსიც, რა თქმა უნდა, მწირია იმ რესურსთან შედარებით, რაც სხვა ქვეყნებს გააჩნია. მიუხედავად ამისა, ჩვენ შევძელით გაზაფხულთან შედარებით ათჯერ უფრო გაგვეზარდა საწოლფონდი და მაქსიმალურად მოვმზადებულვიყავით იმ მეორე ტალღისთვის, რომელიც გაზაფხულზე იყო დაანონსებული. ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში ვაკვირდებოდით ვირუსის გავრცელების იმ პერსპექტივასა და შესაძლებლობას, რომელიც არსებობდა. მოსახლეობისთვის ცნობილია, რომ არსებობს ვირუსის გავრცელების სამი დონე, მსუბუქი, საშუალო და რთული და ჩვენი მზადება ყოველთვის ორიენტირებული იყო ყველაზე რთული სცენარისთვის. დღეის მდგომარეობით რა ვითარებაც გვაქვს, გათვლილია ყველაზე რთულ სცენარზე. ეს გახდა მიზეზი იმისა, რომ მიუხედავად ძალიან ბევრი და ზოგ შემთხვევაში საფუძვლიანი კრიტიკისა, სისტემა უძლებს იმ დატვირთვას, რაც დღეს არსებობს.

ჩვენ შევძელით და ჩავატარეთ არჩევნები საქართველოში და ვთვლი, რომ ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი მოქალაქეებისთვის. მათ არჩევნებზე თავიანთი აქტივობით დაადასტურეს, რომ ეს იყო ქართველი ხალხის გადაწყვეტილება და მათ სურდათ დემოკრატიული არჩევნები იმისთვის, რომ გარანტირებული ჰქონოდათ ქვეყნის დემოკრატიული განვითარება და რა თქმა უნდა, ეკონომიკური ბალანსი და ქვეყნის მდგრადობა. მოქალაქეების აქტივობამ ეს დაადასტურა და ეს რა თქმა უნდა, ასევე მნიშვნელოვნად აისახა ინფექციის გავრცელებაზე“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა