საკუთარი თავისთვის, როგორც ექიმისთვის ვიყავი ძალიან საინტერესო პაციენტი - თენგიზ ცერცვაძე
როგორც ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
„კორონავირუსის შემთხვევაში ორმაგად მივეკუთვნები რისკჯგუფს. ერთი ეს გახლავთ ასაკი და მეორე ის, რომ მე მაქვს სერიოზული თანმხლები დაავადება, რაც ყველაზე მაღალი რისკის მდგომარეობაა.
ჩემი დაავადებები ძალიან რთულია და მეტი შანსია, რომ კორონავირუსი ფატალურად დამთავრდეს.
საკუთარი თავისთვის, როგორც ექიმისთვის ვიყავი ძალიან საინტერესო პაციენტი. ორშაბათიდან მდგომარეობა საკმაოდ სწრაფად დამძიმდა. მქონდა ცხელება, ხველა, ძლიერი ყელის ტკივილი და 4 დღე მკვეთრად უარესდებოდა ჩემი იმუნური სტატუსის მაჩვენებლები, ხუთშაბათს მან მიაღწია კრიტიკულ დონეს.
სწორედ ამის გამო მივიღე გადაწყვეტილება, რომ დამეწყო რემდესივირის გადასხმა. სამწუხაროდ, ჯერ საქართველოში არ გვაქვს და მე უცხოეთიდან გამომიგზავნეს. შესაძლოა, არ არის იდეალური, მაგრამ უკეთესი არ არსებობს.
სერიოზული რისკის წინაშე ვიყავი, დავიწყე რემდესივირის გამოყენება. ერთი შემთხვევით არანაირი დასკვნის გაკეთება არ შეიძლება. რაც ჩემს შემთხვევაში მოხდა, მას ვერ მივაწერ, მაგრამ ამის უარყოფაც არ შეძლება“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ სატელევიზიო ეთერში