თეგებით ძიება

ჩემი ჩანგლიდან გადადის კორონავირუსი და თმის საშრობიდან, რომელიც მილიონ ბაქტერიას ატრიალებს, არა? - შეფი კონსტანტინე

„ეს ყველაფერი ძალიან არაჯასაღად გამოიყურება. ჩემი სარესტორნო სივრცე ისედაც ერთადგილიანი იყო, სხვები კი მაქსიმალურად დაშორებული მაგიდებით, დაცული იყო რეგულაცია, ისევე როგორც უმეტეს დაწესებულებაში, მაგრამ მაინც მოვყევი ამ პროცესებში,“ – ამის შესახებ „კომერსანტთან“ რესტორატორმა, შეფ კონსტანტინე თედელურმა ისაუბრა.

შეფ კონსტანტინეს ერთმაგიდიანი ბუტიკური რესტორანი – „შეფ კონსტანტინე თედელური“, ასევე Graph Sandwich IV და კრწანისის რეზიდენციის სარესტორნო სივრცე – სხვა კვების ობიექტებთან ერთად 28 ნოემბრიდან ორი თვით დაიხურა, რასაც რესტორატორი გაუგებარ გადაწყვეტილებად მიიჩნევს. ამას ემატება ისიც, რომ თედელურის თქმით, მზარეულებს, რომლებსაც თავიანთ ობიექტებში მიტანის სერვისის ამოქმედების უფლება აქვთ, არ აქვთ საშვები და შეკვეთების ყველაზე აქტიურ საათებში, მათ სამუშაო დღის დასრულება უწევთ.

„ერთი იმის თქმა შემიძლია, რომ ამ შეზღუდვებით ბევრი რესტორანი და კვების ობიექტი გაიცხრილება და დაიხურება. ეს კარგია, იმ მხრივ, რომ ბევრია ისეთი, ვინც ამ სფეროში ვერ ერკვეოდა, ბევრმა არ იცოდა მართვა და ის, თუ რას ნიშნავს ხარისხი. ეს ხალხი მიხვდება ამას და აღარ დაბრუნდება ამ სფეროში. მაგრამ, რესტორატორები, ვინც ხარისხიან მომსახურებას და უსაფრთხო გარემოს აწვდიან მომხმარებლებს, როგორ გადარჩებიან არ ვიცი. ეს ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი თემაა, ამას სჭირდება გაძლება და დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად ჯანსაღი გაქვს ფსიქიკა.

ჩემი ერთი სივრცე ერთ მაგიდიანია, ხოლო „კრწანისის რეზიდენცია“ – რომელიც 18 ჰექტარს მოიცავს, კერძო ღონისძიებებისთვისაც აქტიურად გამოიყენებოდა, ეზოშიც იყო დიდი ტერიტორია და აუზი – როცა ყველაფერი დაცულია და ხარისხს და უსაფრთხოებას 100 პროცენტით უზრუნველყოფ და გაუგებარი შედეგს იღებთ.

ველოდი ადამიანებზე მორგებულ რეგულაციებს, მაგრამ დახურვას — არა. თუმცა, ფაქტია ორი ადამიანი წყვეტს ამ ყველაფერს. უცნაურია სალონების მუშაობის დაშვება – ჩემი ჩანგლიდან გადადის კორონავირუსი და თმის საშრობიდან, რომელიც მილიონ ბაქტერიას ატრიალებს, არ გადადის?

ისიც კი არ გაითვალისწინეს, რომ მზარეულებისთვის დაეშვათ საშვები. მზარეული სახლში მიმყავს 7 საათზე, როდესაც სწორედ ამ დროიდან იწყება აქტიურად შეკვეთები და გამოძახებები. ამ ადამიანებისთვის მაინც მიეცათ ნორმალურად მუშაობის საშუალება.

არ მაქვს მოლოდინი, რომ თებერვალში მაინც ჩვეულ რეჟიმს დავუბრუნდებით. იმედია და ვფიქრობ, რომ 2021 წლის მარტის ბოლოდან დაიწყება ხელახლა ფეხის ადგმა რესტორნებისთვის – ამბობს კონსტანტინე თედელური.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, 28 ნოემბრიდან მაღაზიები, რესტორნები, ფიტნესცენტრები და საცურაო აუზები დაიხურა, აიკრძალა საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილება. შეზღუდვები 2 თვეს – 31 იანვრამდე გაგრძელდება.

წყარო: კომერსანტი


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა