თეგებით ძიება

ახალშობილთა მშობლებს 25-ლარიანი სასაჩუქრე ვაუჩერი გადაეცემათ

ახალშობილთა მშობლებს, რომლებიც იუსტიციის სამინისტროს შვილის დაბადების რეგისტრაციისთვის მიმართავენ, სასაჩუქრე ვაუჩერს გადასცემენ.

იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ვაუჩერის ღირებულება 25 ლარია და მისი გამოყენება ბავშვთა მოვლისა და კვების პროდუქტების შესაძენად იქნება შესაძლებელი.

მშობლები ვაუჩერებს 15 დეკემბრიდან მიიღებენ.

"ამ გზით პროექტი "კეთილი იყოს შენი მობრძანება", რომელიც დღემდე სოციალურად დაუცველ ოჯახებში დაბადებული ახალშობილებისათვის იყო განკუთვნილი, საყოველთაო ხდება.

სამინისტროში ამბობენ, რომ მშობლებს ფასდაკლების ბარათებსაც გადასცემენ:

"სოციალურად დაუცველი ოჯახების გარდა, სასაჩუქრე ნაკრები გადაეცემა იუსტიციის სახლში, საზოგადოებრივ ცენტრსა თუ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში მისულ ყველა მშობელს, რომელიც პირველად იღებს ბავშვის დაბადების დამადასტურებელ მოწმობას. მათ ბავშვთა მოვლისა და კვების პროდუქტების 25-ლარიანი ვაუჩერები გადაეცემათ. გარდა ამისა, ბავშვის საფენების, კვებისა და მოვლის კონკრეტულ ბრენდებს 10-20-40%-იანი ფასდაკლებით შეიძენენ", - აცხადებენ სამინისტროში.

მათივე თქმით, "მნიშვნელოვნად უმჯობესდება" სოციალურად დაუცველთა სასაჩუქრე პაკეტიც.

"სოციალურად დაუცველ ოჯახებში დაბადებული ახალშობილების მშობლები, შვილის დაბადების მოწმობასთან ერთად, ჩვილის ტანისამოსისა და ჰიგიენური საშუალებების გარდა, ბავშვთა მოვლისა და კვების პროდუქტებზე 25-ლარიან ვაუჩერებს მიიღებენ; ბავშვის საფენების, კვებისა და მოვლის ბრენდებზე კი ერთი წლის განმავლობაში 30-40-პროცენტიანი ფასდაკლებით ისარგებლებენ. ამასთან, ბენეფიციარები სხვადასხვა მწარმოებლის პროდუქციის შეძენისას ერთჯერადად 50-პროცენტიანი ფასდაკლების ბარათით სარგებლობას შეძლებენ", - აცხადებენ უწყებაში.

პროექტის ბენეფიციარები ვაუჩერების გამოყენებას სს "გეფას" სააფთიაქო ქსელებში − "ფარმადეპოსა" და "ჯპს"-ის ფილიალებში შეძლებენ.

პროექტი 2016 წლიდან მოქმედებს, მის ფარგლებში სასაჩუქრე ნაკრები სოციალურად დაუცველ ოჯახში დაბადებულ დაახლოებით 15 ათას ბავშვს გადაეცა, ამიერიდან ის წლიურად 50 ათას ადამიანს შეეხება.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა