რა გაძვირდა და გაიაფდა საქართველოში – ოქტომბრის თვის მონაცემები
2020 წლის ოქტომბერში წლიურმა ინფლაციამ 3,8 პროცენტი შეადგინა, ხოლო სექტემბერთან შედარებით ფასები 0,8 პროცენტით გაიზარდა.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ოქტომბერში, წინა თვესთან შედარებით, ფასების საერთო დონეზე ყველაზე მეტად, 0.2 პროცენტული პუნქტით ყველის გაძვირებამ იმოქმედა.
„მნიშვნელოვანი იყო ბენზინის, ზეთისა და ზამთრის ფეხსაცმლის გაძვირებაც. თითოეული ამ პროდუქტის ფასის მატების გავლენამ ინფლაციაზე 0.1 პროცენტული პუნქტი შეადგინა. საპირისპიროდ, 0,1 პროცენტული პუნქტით შეამცირა ინფლაცია ვაშლის გაიაფებამ. წლიურ ჭრილში აღსანიშნავია, რომ სურსათის ჯგუფის ინფლაციის შემცირების დინამიკა ოქტომბერშიც გაგრძელდა და 5.4 პროცენტი შეადგინა. თუმცა, სურსათის წვლილი საერთო ინფლაციაში კვლავ მნიშვნელოვანია. ოქტომბრის 3.8-პროცენტიანი ინფლაციიდან სურსათზე 1,5 პროცენტული პუნქტი მოდიოდა, საიდანაც მხოლოდ ყველზე, ზეთზე, პურსა და ლობიოზე – 0,7 პროცენტული პუნქტი. სხვა პროდუქტებიდან წლიურად 13,5 პროცენტით სიგარეტისა და მსოფლიო ბაზარზე ოქროზე ფასის მატებით გამოწვეული, ქორწინების ოქროს ბეჭდის 43,2 პროცენტით გაძვირებაა გამოსარჩევი. ოქტომბერში წლიურ ინფლაციაზე შემცირების მიმართულებით ყველაზე მეტად ბენზინის 16.7 და დიზელის საწვავის 17.8 პროცენტით გაიაფებამ იმოქმედა“, – აღნიშნულია სებ-ის ანგარიშში.
სებ-ის განმარტებით, ოქტომბერში წლიურმა ინფლაციამ იმპორტირებულ საქონელზე 2.8 პროცენტი, ხოლო ადგილობრივად წარმოებულ საქონელზე 4.1 პროცენტი შეადგინა. შერეული საქონელი 4.3 პროცენტით გაძვირდა. იმპორტირებული საქონლის ინფლაციის დაბალი მაჩვენებელი საწვავის ფასის წლიურად შემცირებას უკავშირდება.
ეროვნული ბანკის ცნობით, 2020 წლის ოქტომბერში, წინა თვესთან შედარებით, ხანმოკლე, საშუალო და ხანგრძლივი მოხმარების საქონელზე ფასებმა, შესაბამისად, 0.9, 3.1, 1.1 პროცენტით მოიმატა. თითქმის არ შეცვლილა ფასები მომსახურებაზე. წლიური მაჩვენებლების მიხედვით, ხანმოკლე, საშუალო და ხანგრძლივი მოხმარების საქონელზე ფასებმა, შესაბამისად, 4.3, 5.1 და 8.6 პროცენტით მოიმატა. მომსახურება 1.9 პროცენტით გაძვირდა.
Kvira.ge