პუტინმა COVID19-ის წინააღმდეგ მოსახლეობის ვაქცინაციის ბრძანება გასცა
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მომავალი კვირიდან COVID19-ის წინააღმდეგ მოსახლეობის მასობრივი ვაქცინაციის ბრძანება გასცა. შესაბამისი დავალება პუტინმა რუსეთის ვიცე-პრემიერს ტატიანა გოლიკოვას მისცა. „მოდი ასე შევთანხმდეთ, მამავალ კვირას უკვე მომახსენე, რომ მოსახლეობის მასობრივი ვაქცინაცია დაიწყო“ - უთხრა პუტინმა გოლიკოვას. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
მისი თქმით, უახლოეს დღეებში რუსეთს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის 2 მილიონი დოზა ექნება. ვაქცინის სახელწოდებაა "Sputnik V" და რუსული ოფიციალური სტრუქტურების განცხადებით. მისი ეფექტიანობა 92%-ს შეადგენს.
ტატიანა გოლიკოვას ინფორმაციით, ვაქცინაცია ნებაყოფლობითია და ის დეკემბერში დაიწყება. როგორც მანამდე ვლადიმერ პუტინის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რუსული ვაქცინა პირველ რიგში რუსეთის მოსახლეობისთვის იქნება გამოყენებული, მომავალში კი მისი ექსპორტირებაც იგეგმება.
რუსეთის ამჟამად კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების მიხედვით მსოფლიოში ერთ-ერთი ლიდერია. პანდემიის დაწყებიდან რუსეთის ფედერაციაში COVID19-ის 2,347,401 შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო 41,053 ადამიანი გარდაიცვალა.
ცნობისთვის, დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის ვაქცინა, რომელიც კომპანია Pfizer-ის მიერ არის წარმოებული, დღეს ოფიციალურად დარეგისტრირდა. დიდმა ბრიტანეთმა ამ კომპანიის ვაქცინის 40 მლნ დოზა უკვე შეუკვეთა