რატომ იჩენს მამაკაცი საყვარელს?
რატომ იჩენს მამაკაცი საყვარელს? - ამ კითხვაზე შეიძლება ორი პასუხი არსებობდეს: 1. იმიტომ, რომ მამაკაცი პოლიგამიურია. 2. მეუღლე ან პარტნიორი არ შეეფერება.
თქვენ წარმოიდგინეთ, ორივე პასუხი ნაწილობრივ სწორია. კაცები კი არა, ზოგადად, ადამიანები არიან პოლიგამიურები - ქალებიც და კაცებიც და რა ხდება მეორე პუნქტთან დაკავშირებით?
მოღალატე კაცის ფსიქოლოგია - ღალატობს, იმიტომ, რომ სხვანაირად არ შეუძლია.
სწორედ ეს არის ამომწურავი პასუხიკითხვაზე - „რატომ?“ იმიტომ, რომ ძნელი არ არის ისეთი ქალის პოვნა, რომელიც მასთან საწოლს გაიზიარებს. იმიტომ, რომ ზოგჯერ ძებნაც არაა საჭირო და ის თვითონ მოდის. იმიტომ, რომ საზოგადოება ამას არ გმობს - რატომღაც მიაჩნიათ, რომ მამაკაცებს მეტი სექსი სჭირდებათ, ვიდრე ქალებს და შესაბამისად, არაფერია სამარცხვინო იმაში, რომ ეს სექსი სხვაგან ეძებოს, მაგრამ რატომ, რაში სჭირდება მამაკაცს სხვა ქალი?
დიასახლისი დალაქავებული ხალათით
ეს ერთ-ერთი მიზეზია, რომლის გამოც მამაკაცს ცოლი ან მუდმივი პარტნიორი აღარ სურს და ამ შემთხვევაში მამაკაცის ღალატზე პასუხისმგებლობა ქალს ეკისრება - სწორედ მან შეწყვიტა თავის მოვლა. გასუქდა, სახლში დაჭმუჭნული ან დასვრილი სამოსით დადის და სულაც არ ჰგავს იმ სექსუალურს კნუტს, როგორიც ქორწილამდე იყო. მოკლედ, ეს მისი ბრალია. უნდა აპატიოს ქმარს და ბედნიერი იყოს, რომ საერთოდ არ მიატოვეს.
სინამდვილეში, პრობლემა მხოლოდ თავის მოვლაში არაა. ასეთ შემთხვევაში ლამაზ და მოვლილ ქალბატონებს არავინ უღალატებდა. არადა, ღალატობენ. მთავარი ის კი არაა როგორ გამოიყურება ქალი, არამედ ის, თუ ვინ გახდა ის ქორწინების შემდეგ.
ცოლი და საყვარელი ორი, ერთმანეთისგან განსხვავებული ქალია.
თითოეულ ჩვენგანს სოციუმში თავისი ადგილი უკავია და ცდილობს ცხოვრება ამ როლს მოარგოს. პრობლემა ისაა, რომ ცოლის და საყვარლის როლებს საერთო არაფერი აქვთ. თუ მამაკაცს იდეალური საყვარლის აღწერას თხოვთ, ის დაახლოებით ასეთ პორტრეტს დახატავს: მსუბუქი ხასიათი, თავისუფალი, სექსუალური ქცევა და სექსუალური მიმზიდველობა. თუ იდეალური მეუღლის აღწერას სთხოვთ, აღმოჩნდება, რომ მას სჭირდება ერთგული, ეკონომიური და მზრუნველი ქალი. როგორც ხედავთ, ამ ორ ქალს შორის საერთო არაფერია, თუმცა დაქორწინებამდე საცოლე საყვარლის ყველა თვისებას განასახიერებდა. როგორ და რატომ მოხდა მისი გარდაქმნა?
ვინ არის დამნაშავე?
ბუნებრივია, ამაში ქალი კი არა, საზოგადოებაა დამნაშავე, რომელიც მას გარკვეულ როლს აკისრებს. შედეგად, დაქორწინებული ქალი ჩიხში აღმოჩნდება: 1. მან უნდა დააკმაყოფილოს მამაკაცის და საზოგადოების მოლოდინი და კარგი ცოლი და დედა გახდეს. ფრაზის „სამზარეულოს მაგიდა“ გაგებისას ცომის გაბრტყელება უნდა გაახსენდეს და არა მაგიდაზე სექსი. 2. წყვილის სექსუალური მოთხოვნილება არსად ქრება, მაგრამ როგორ, თუ როლი, რომელიც ქალს დაუწესეს, სექსუალურ ქცევას არ გულისხმობს?
ბუნებრივია, ეს ყველაფერი კაცის დანაშაულს არ ამსუბუქებს, რომელმაც პარტნიორი მოატყუა. როგორ მოვიქცეთ იმ შემთხვევაში, თუ ღალატი ჯერ არ მომხდარა, მაგრამ გრძნობთ, რომ ადრე თუ გვიან შეიძლება მოხდეს?
რა ვქნათ?
ზოგადად, პრობლემის თავიდან აცილება უფრო ადვილია, ვიდრე მოგვარება. მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ აუცილებელი არ არის გახდეთ „იდეალური ცოლი“ ანუ მასტერშეფი სამზარეულოში, ქალბატონი მისაღებ ოთახში და პანტერა საწოლში. ეს უბრალოდ შეუძლებელია. პრობლემა შეიძლება სხვანაირად მოგვარდეს: მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ სტატუსის შეცვლა თქვენს შეცვლას არ მოითხოვს. არ არის აუცილებელი ხარჩოს საკეთებელ და პერანგების მრეცხან რობოტად იქცეთ. რაც უფრო ადრე დაივიწყებთ ფრაზას ”ქალი ვალდებულია “ მით უფრო ადვილად აიცილებთ თავიდან ქალი-ცოლის როლს, რომელიც იმდენად არასექსუალურია, რომ საყვარლის გაჩენის აუცილებლობას თავისთავად გულისხმობს.
და ბოლოს, ცოლობა არ ნიშნავს, რომ პრობლემაზე მხოლოდ თქვენ უნდა იდარდოთ. პერანგების დაუთავება ქმარსაც შეუძლია და სხვათა შორის, ხარჩოს მომზადებასაც შეძლებს, სანამ თქვენ მაღაზიაში დაუჯერებლად სექსუალურ თეთრეულს აირჩევთ.