TIA.GE - ინტერნეტ ტელევიზია
ბულინგი საკუთარ თავზე გამოვცადე — კაშია დისკრიმინაციის შესახებ უეფას მიერ გადაღებულ ფილმში მონაწილეობს
  • ბულინგი საკუთარ თავზე გამოვცადე — კაშია დისკრიმინაციის შესახებ უეფას მიერ გადაღებულ ფილმში მონაწილეობს

    უეფამ გადაიღო ფილმი დისკრიმინაციის შესახებ, სადაც ერთ-ერთი მთავარ როლში საქართველოს ფეხბურთის ნაკრების წევრი, გურამ კაშიაა.

    ფეხბურთელი ყვება ისტორიას ჰოლანდიის კლუბ ვიტესში თამაშისას თანასწორობის იდეის მხარდაჭერისა და ჰომოფობიის შესახებ, როცა ლგბტ სამკლაური გაიკეთა. მის ამ საქციელს კი საქართველოში, საზოგადოების გარკვეული ნაწილი პროტესტით შეხვდა. კაშია ამბობს, რომ თავად გამოსცადა, რა რთულია ბულინგი.


    "ჩემს ქვეყანაში ამას დიდი უკმაყოფილება მოჰყვა. როდესაც ნაკრებში უნდა მეთამაშა, მატჩის დაწყების წინ საპროტესტო აქცია გაიმართა, ბევრი ცუდი და ნეგატიური კომენტარი გაკეთდა ჩემი მიმართულებით. რთული დრო იყო. არ მეგონა, რომ ამდენი ზიზღი იქნებოდა. ასეთი რაღაცები დიდ გავლენას ახდენს ადამიანზე და ზოგჯერ მტკივნეულია. წარმომიდგენია, რამდენად რთულია, როცა ასეთი ბულინგის მსხვერპლი ხარ. ეს თავადაც გამოვცადე. უფრო მეტად ჩემს ოჯახზე ვდარდობდი. ვდარდობდი, მაგრამ მშობლებმა მითხრეს, რომ ვიცოდი რა იყო სწორი, მათ მე თავდაჯერებულობის გრძნობა გამიჩინეს", — ამბობს კაშია.

    ფილმში ნახავთ ლგბტქი+ აქტივისტ გიორგი თაბაგარსაც, რომელიც, ასევე, იხსენებს კაშიაზე თავდასხმებს იმ პერიოდში, როდესაც მან თანასწორობის იდეას მხარი დაუჭირა და ლგბტქი+ სამკლაურით საფეხბურთო მოედანზე გავიდა.

    "საქართველო ძალიან კონსერვატიული და რელიგიური ქვეყანაა, ამ ქვეყანაში მართლმადიდებლობა საკმაოდ ძლიერია. ჩვენ ვნახეთ, როგორ გავიდა გურამი მოედანზე. ამან მაშინვე გამოიწვია პროტესტი საქართველოში. ადამიანები ცუდ რაღაცებს წერდნენ. გურამი საზოგადოების ბულინგის ქვეშ მოხვდა. მივიჩნიე, რომ გურამისთვის ხმა უნდა მიგვეწვდინა, გვეჩვენებინა ლგბტქი+ საზოგადოების სოლიდარობა სტადიონზე", — ამბობს თაბაგარი.

    2017 წლის ოქტომბერში, გურამ კაშიამ მატჩისას ხელზე ლგბტ დროშის ფერებში სამკლაური გაიკეთა, რაც ცნობიერების ამაღლების კამპანიის ნაწილი იყო. მისი ფოტოს გამოჩენამ, ქართველი მომხმარებლების ნაწილი გააღიზიანა. კაშიამ განაცხადა, რომ ძალადობის წინააღმდეგია და არ ნანობს რაც გააკეთა, რის შემდეგაც მის წინააღმდეგ ონლაინბულინგის კამპანია დაიწყო.

    ამის გამო ფეხბურთელმა ფეისბუქის ვერიფიცირებული გვერდი გააუქმა და ინსტაგრამის ანგარიში დახურა. სოციალური ქსელის მომხმარებლები მის მხარდაჭერად გაერთიანდნენ და კამპანია #გურამშენთანვარ დაიწყეს. კაშიას მხარდაჭერა გამოუცხადა ფეხბურთის ფედერაციამ, თანაგუნდელებმა, ომბუდმსმენმა, პოლიტიკოსებმა, ქალაქის მერმა, ქომაგებმა, ჟურნალისტებმა და სხვადასხვა აქტივისტმა.

    საზოგადოების მხარდაჭერას ფეხბურთელმა მადლიერებით უპასუხა და უფრო აქტიურად ჩაერთო სოციალურ აქტივობებში.

    UEFA-მ კაშიას ლგბტ თემის მიმართ გამოხატული მხარდაჭერისა და ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისთვის #EqualGame-ს ჯილდო გადასცა. #EqualGame უეფას ახალი ჯილდოა, რომელიც პირველად ქართველ ფეხბურთელს გადაეცა.

    საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა კი კაშია ბრწყინვალების მედლით დააჯილდოვა ჰუმანური იდეების გავრცელებისა და ქვეყნის წინაშე აღმატებული ღვაწლისათვის. გარდა ამისა, თანასწორობის მოძრაობამ ლგბტქ ადამიანების გაძლიერებაში შეტანილი წვლილისთვის კაშიას თანასწორობის ჯილდო გადასცა.


    წყარო:on.ge
    101 ნახვა
    სარეკლამო ადგილი
    24-12-2020, 11:05