არ უღალატო შენს ოცნებებს! რა მნიშვნელობა აქვს რამდენი წლის ხარ?! შეგიძლია დაიწყო ახლა!
პერსონალური ქოუჩი, სპიკერი და სამოტივაციო ტრენერი თამარ ბოკერია, გთავაზობთ სტატიას, რომელიც დაგანახებთ, რომ ყველაფრის მიუხედავად, არასდროს არ არის გვიან, აიხდინო ოცნება და აღმოაჩინო შენში პატარა გოგონა, რომელიც იმსახურებს და შეუძლია ბედნიერება, აქ მთავარი შენი გადაწყვეტილებაა.
ჩემი რესპოდენტი 63 წლის ქალბატონია.
მაღალია, მხრები გაშლილი, მოღერებული ყელით, უკან შეკრული ლამაზი გიშრისფერი კოსით.
ფოტოზე ვნახე ვინ იყო, როგორი იყო და აივანზე გავედი, თითქოს ასე უფრო მალე მოვიდოდა ჩანიშნული შვიდი საათი და უფრო მალე დავიწყებდით საუბარს.
აივანზე ვიდექი და ვათვალიერებდი თავისუფლების გამზირს, ფანჯრებს მიღმა შუქები ენთებოდა და ყველა შუქს მიღმა სხვადასხვა ისტორია ცხოვრობდა და "იქმნებოდა"...
მანქანების შუქის ჩრდილზე სილუეტი გამოჩნდა, ელენე მოდიოდა.
წვრილ ქუსლიანი წვრილი ცხვირით წითელი ფეხსაცმელი ეცვა, ნელნელა მისი თვალიერება დავიწყე, ისე მოდიოდა რომ ზუსტად იცოდა რა მშვენიერი იყო და ეს უფრო მეტ ხიბლს და გამბედაობას სძენდა. სამჯერ მოვასწარი სანამ სადარბაზოში შემოვიდოდა მისი დათვალიერება და ყოველჯერზე მისი ფეხის წვივებთან ვჩერდებოდი, ვუყურებდი და არ მჯეროდა ასეთი ლამაზი წვივები სინამდვილეშიც თუ არსებობდა, მე მხოლოდ ნახატში მინახავს მსგავსი.
კარები გავაღე, ერთმანეთს გავუღიმეთ. შემოვიდა და რაღაც შემოიტანა, რაღაც, რასაც ერთი სიტყვით ვერ ვხსნი, იმედი, რწმენა, მოტივაცია, ენერგია, ხალისი, სილამაზე, სიკეთე თუ სიყვარული ან ყველა ერთად.
სამზარეულოში დავსხედით. ისეთი უშუალო იყო, მისაღები ოთახი მკაცრად მომეჩვენა მასთან სასაუბროდ. ორი ღერი სიგარეტი მოწია.. ჩაქრობისას დავაკვირდი როგორ აქრობდა, არც ასე ჩამქრალი სიგარეტი არ მინახავს. ამ ქალს ყველაფრის მისი მანერა ქონდა.
ჩართეთ ჩამწერი, მითხრა მან. ვღელავდი, ახლაც ვერ გიპასუხებთ რატომ?!
მე ძალიან ბევრი დრო დავკარგე, მინდა სწრაფად მოვყვე ყველაფერი, ყველაფერი, რადგან ახლა, როგორც არასდროს, ჩემთვის ყველაზე ძვირფასი დრო გახდა....
გავუღიმე და დავიწყეთ!
ელენე: მე ახლა 63 წლის ვარ და შეყვარებული ვარ ჩემს ასაკზე, ცხოვრებაზე, სხეულზე, გარშემომყოფებზე,ბუნებაზე,ცაზე, ზღვაზე,მთაზე, ყველაფერზე რაც ირგვლივ არის და რაც ჩემშია და მე ვარ ძალიან ბედნიერი! უფრო მეტიც ახლა ვიწყებ სიცოცხლით ტკბობას, ყველაფრის გემოს შეგრძნებას და სიხარულს ამ ყველაფრით.
ახლა მე ჩემი საკუთარი თავი ვარ!
60 წლამდე ვინ არ ვიყავი?!
პატარა დავოჯახდი, ასე გადაწყვიტეს და მითხრეს რომ ასე ხდება "უფროსები თანხმდებიან,იღებენ გადაწყვეტილებას და მერე რომ ერთად ცხოვრობთ, ეს არის სიყვარული, მერე მოვაო". ასე მეგონა, რომ მართლა უნდა დავმორჩილებოდი ამ წესებს და ჩვეულებრივი მეგონა ეს ყველაფერი და ვცხოვრობდი უსიცოცხლო ურთიერთობაში 9 წელიწადი... არც ვჩხუბობდით და არც ვიცინოდით... და არც მიკვირდა უსიხარულობა... მე ასე მითხრეს რომ მთავარია ,სუფთად ეცვას, სადილი გაამზადო, ახალი წელი აღნიშნოთ ერთად, კიდევ სხვა დღესასწაულები და ბავშვები გაზარდო. ასე წარმომედგინა სიყვარული და მივყვებოდი საკუთარ ცხოვრებას ისე თითქოს სამსახურში ვიღვიძებდი ყოველდილით... ასე გრძელდებოდა მანამ სანამ აღმოვაჩინე რომ ამ ყველაფერს სიყვარულთან და ბედნიერებასთან არანაირი კავშირი ქონდა...
ზურგი მაქციეს ოჯახმა,ნათესავებმა,მეგობრებმაც კი.. რა არ გასვენებს?! უმადური ხარ?! ხალხი რას იტყვის?! ეს ფრაზები ყოველდღიურად ისმოდა ჩემს ირგვლივ...
სამი შვილის მარტოხელა დედა "კაცად გადავიქეცი" რომელიც დღედაღამ მუშაობდა ყველასგან უარყოფილს,რჩენა რომ შემძლებოდა საკუთარი შვილების.
ისეც ყოფილა რომ მათთვის გათლილი ვაშლის კანი იყო ჩემი მთელი დღის ულუფა, მაგრამ არ ვწუხდი, არ მეშინოდა, რადგან თავისუფალი ვიყავი და ბოლომდე ვიღებდი პასუხისმგებლობას საკუთარ ცხოვრებაზე,ცხოვრებაზე რომელიც მე თავად უნდა შემექმნა, მომერთო, ამევსო და შიგნით ჩამესხა ბედნიერება...
არ გამკვირვებია რომ შევძელი, რადგან მიზანი მქონდა დიდი. მიზანი ჩემი შვილების და ჩემი ბედნიერება იყო. ვმუშაობდი მუდმივად და არ ვიღლებოდი, ისე ანთებული ვიყავი მიზნით და რწმენით რომ მე შემიძლია.
დღეს ჩემი შესაძლებლობებით შექმნილი უდრის სამ შესანიშნავი შვილს, რომელთაც აქვთ მაღალი დონის განათლება და ყველაფერი რაც სურთ... ყველაფერი, რაზეც მიოცნებია, როგორი ცხოვრებაც მსურდა მათთვის მე ეს შევძელი და მივეცი მათ. გავისტუმრე ყველა ვალდებულებები. დავაარსე საზღვარგარეთ ჩემს ქალაქში ქართველებისთვის საქველმოქმედო ფონდი.
და ერთ დღესაც ყველაფერს რომ გადავხედე,მოვდუნდი, ცხოვრებას მივენდე აღმოვაჩინე, რომ მე თურმე ქალიც ვარ. ქალი, რომელიც მივატოვე... ამის აღმოჩენა იცით როგორი მტკივნეული იყო?! მტკივნეული იყო, რადგან იმ ქალს ვერ გავუსწორე თვალები ვინც მე ვიყავი, რადგან მთელი ეს წლები მე იგი მყავდა უარყოფილი... ამ ქალისთვის დრო არასოდეს მქონია, უფრო მეტიც, არც მიფიქრია, რომ დრო უნდა დამეთმო მისთვის... არცერთხელ მიკითხავს თუ რა სურდა მას როგორც ქალს?! არცერთხელ გამიბედავს გრძნობები და სიყვარული.
რამდენიმე დღე სახლში გამოვიკეტე და თავი დამნაშავეც კი მეგონა,რომ ახლა ვბედავდი და ვფიქრობდი ამაზე 63 წლის ასაკში... თვეები დამჭირდა რომ მიმეღო ის ქალი მე რომ ვიყავი და ძლივს გავბედე მეკითხა გულწრფელად - შენ რა გინდა?! შენ როგორ ხარ?! გენატრება სიყვარული?!
ჩემს საკუთარ თავთან ბრძოლების აღარ მოვყვები. უბრალოდ მინდა გითხრათ რომ ახლა ძალიან ბედნიერი ვარ, ახლა ჩემში ყველა ასაკის გოგო ცხოვრობს,გოგო რომელსაც აი ამ დრომდე არსებობის უფლება არ მივეცი.
მინდა გითხრათ სულერთია ახლა თქვენ რამდენი წლის ხართ?! ნუ გეშინიათ გაუსწოროთ თვალი აწმყოს. ნუ გეშინიათ გაუსწოროთ თვალი ბედნიერებას.
თქვენ იმსახურებთ იყოთ ბედნიერი და დაიწყოთ სვლა ბედნიერებისკენ რომელ ასაკშიც არ უნდა იყო თქვენ!
აივსეთ, შეივსეთ, ჩაიხუტეთ ...
თქვენ ყველა შეძენილ ნივთზე, წარმატებაზე, ავალდიდებაზე მეტად სიყვარული გჭირდებათ, სიყვარული რომელიც ჯერ კიდევ ვერ გაბედეთ, არ გაბედეთ და სადღაც მიწიეთ და გგონიათ რომ "სათქვენო არ არის"..
გააკეთეთ ყველაფერი რაც შეგიძლიათ და არ შეგიძლიათ, იმისთვის, რომ არ მიატოვოთ ქალი, რომელიც თქვენ ხართ!