თეგებით ძიება

ფრაზები, რომლითაც ჩვენზე ახლობლები ძალადობენ და ფსიქოლოგიური თავდაცვის გზები

ვინც ცოტათი მაინც ერკვევა ფსიქოლოგიაში, იცის რამხელა ძალა აქვს სიტყვებს. ისინი ჩვენს ქვეცნობიერში ძვრებიან და ისე გვაპროგრამებენ, ხანდახან ისევ ჩვენივე ინტერესების საწინააღმდეგოდ, რომ თავად წარმოდგენაც არ გვაქვს. ჩვენ სოციალური არსებები ვართ, ვრეაგირებთ გარედან მოსულ იმპულსებზე და გაუცნობიერებლად ვექცევით ზეგავლენის ქვეშ. არადა ირგვლივ მანიპულატორი და ენერგეტიკული ვამპირების მთელი არმია გვახვევია. ესენი შეისაძლოა ჩვენი ოჯახის წევრები, საყვარელი ადამიანები, მეგობრებიც კი იყვბებ. ზოგი მათგანი თავადაც ვერ ხვდება ისე ძალადობს ჩვენზე მენტალურ დონეზე, ისე გვაგდებს ფსიქოლოგიურ წნეხში და გვამწყვდევს კუთხეში, თანაც სულ მარტივად – ფართოდ გავრცელებული ფრაზების მეშვეობით. ცნობილი ფსიქოლოგი ელენა შუვარიკოვა რამდენიმე ასეთ ფრაზას და მათგან თავდაცვის ხერხებს გვთავაზობს.



პარტნიორი: შენ მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობ. მე რა ვქნა?



შიფრი: გამაგრებულია კითხვითი ფორმით. ის ცდილობს გააღვიძოს ჩვენში სინდისი, გვაიძულებს დავეჭვდეთ საკუთარ თავში (შესაძლოა, მე უმადური და საშინელი ადამიანი ვარ), გვახსენებს შიშებს (ბავშვად ვგრძნობთ თავს, რომელიც მშობლებს აბრაზებს). ,,იფიქრე მხოლოდ ჩემზე, იფიქრე მხოლოდ იმაზე, თუ რა მსურს მე, რა მინდა, რას ველოდები“ – აი, ამ ფრაზის დაშიფრული მნიშვნელობა..

ფსიქოლოგიური თავდაცვა: არ ღირს პარტნიორის მიმართ სიყვარულის დამამტკიცებელი საბუთების წარმოდგენა და საკუთარი პერსონის მიმართ გულგრილობაზე ხაზგასმა. იმისთვის რომ ყველამ საკუთარი თავის პატივისცემა შეინარჩუნოს და თან ზრდასრულ ადამიანად დარჩეს, უკეთესი იქნება, თუ პარტნიორს საკუთარი (და არა თქვენი) პრობლემების უფრო აშკარა ფორმულირებას მოსთხოვთ: რა სახის ყურადღება არ გყოფნის? რა გსურს რომ შენთვის გავაკეთო? – ყველა შეკითხვაზე კონკრეტული პასუხი უნდა წარმოგიდგინოთ. ,,ნამიოკობანას“ თამაში ურთიერთობებს აფუჭებს. სიყვარული გულწრფელობაზე, სურვილების ღიად გამოხატვასა და მოსმენაზეა დაფუძნებული.



ექიმი: და თქვენ გსურთ თქვენი ცხოვრების სტილით…..



შიფრი: თქვენი ასაკის, დიაგნოზის, ცხოვრების სტილის გათვალისწინებით ექიმს სურს თავისი წილი პასუხისმგებლობის მოხსნა და სიტყვას გადაგვიკრავს, რომ ზედმეტს ვითხოვთ. როცა სპეციალისტი, რომელზეც ჩვენი ჯანმრთელობაა დამოკიდებული, ზედმეტ მოთხოვნებში გვდებს ბრალს, ჩვენ დანაშაულის შეგრძნება გვიჩნდება, სირცხვილის.. ვიბნევით და ეს მის ზეგავლენას კიდევ უფრო აძლიერებს.



ფსიქოლოგიური თავდაცვა: გააცნობიერეთ, რომ თქვენ ხართ ზრდასრული ადამიანი, რომელიც მოვიდა გამოსაჯანმრთელებლად. უთხარით: არ მომწონს თქვენი საუბრის ტონი. მე აქ რჩევისთვის ვარ, თუ როგორ გავუმკლავდე პრობლემას და არა იმისთვის, რომ აღმზრდელობითი გაკვეთილი ჩამიტაროთ. ამ გზით მას თქვენზე ფსიქოლოგიური ზეწოლის განხორციელების საშუალებას არ მისცემთ. ცხადად ჩამოაყალიბეთ თქვენი მოთხოვნა: მაინტერესებს ჩემი დიაგნოზი და მკურნალობის მიმართულება“.





მეგობარი: მესმის, რომ ცოტა დრო გაქვს, მაგრამ აუცილებლად მჭირდება შენი დახმარება

შიფრი: ეს ფრაზა ნაცვალგების პრინციპზეა დაფუძნებული. სიტყვა ,,მესმის“ ეფექტს აძლიერებს – თუკი მეგობარს უკვე შესწავლილი აქვს ჩვენი მდგომარეობა, თან თუ ესმის, ჩვენ როგორ არ უნდა გავუგოთ და რა მიზეზით უნდა ვუთხრათ უარი დახმარებაზე?

ფსიქოლოგიური თავდაცვა: პაუზა აიღეთ, პასუხი გადადეთ. რაც არ უნდა ცოტა დრო გქონდეთ, ერთი წუთი მოიძებნება იმისთვის, რომ დაფიქრდეთ. მანიპულაცია, თუნდაც ქვეცნობიერი, სიჩქარეში უფრო ეფექტურია. გადავადება რეალურად დადებითი ან უარყოფითი პასუხის მოფიქრების საშუალებას მოგცემთ. მოკლედ, პასუხზე კარგად ჩამოყალიბდით. მაშინვე არ უპასუხოთ.



ბავშვი: ცუდი ნიშნები მაქვს, იმიტომ რომ არ მეხმარები გაკვეთილების მომზადებაში!

შიფრი: ,,შენ ცუდი მშობელი ხარ, არ ასრულებ შენს მოვალეობას“. ბავშვები მანიპულაციის ოსტატები არიან, მათ ხომ დაბადებიდან ვაჩვევთ ამას და უკვე იციან, სად დაგარტყან. მშობელს (განსაკუთრებით დედას) ძალიან უჭირს თავი დააღწიოს დანაშაულის შეგრძნებას მაშინ, როდესაც ადანაშაულებენ, რომ ბავშვს საკმარის ყურადღებას არ აქცევს.



ფსიქოლოგიური თავდაცვა: აღიარეთ, რომ თუნდაც დღე-ღამეში 24 საათს ატარებდეთ მასთან, მაინც ვერ გაუკეთებდით ყველაფერს. ცუდი ნიშნებით მის ცოდნას აფასებენ და არა იმას, თუ როგორი მშობელი ხართ თქვენ. დაუსვით ორი შეკითხვა: თანახმა ხარ, რომ ერთად გადავამოწმოთ შენი დავალება, როცა სახლში დავბრუნდები? კონკრეტულად რაში და რა სახის დახმარებას ითხოვ ჩემგან? მთავარია ბავშვმა იგრძნოს, რომ თქვენ გაიგეთ მისი მოთხოვნილება ემოციურ დონეზე დაუჭიროთ მხარი და შეუძლია თქვენიდ ახმარების იმედი ჰქონდეს.





მშობელი: ვიცი, როგორი დაკავებული ხარ. რა თქმა უნდა, ჩემზე უფრო მნიშვნელოვანი საქმეებიც გაქვს…“

შიფრი: ჩვენ გვაყენებენ უმადური, ანუ ცუდი ბავშვის მდგომარეობაში. ეს როლი კიდევ უფრო კოშმარი ხდება, თუ მშობელი მის მიერ გაღებული მსხვერპლის შესახებ გახსენებთ, რომელზეც იძულებული გახდა (კეთილი ნებით) წასულიყო, რომ თქვენი ცხოვრება უკეთესი გამხდარიყო. ყველაზე ცუდი ის არის, რომ წინადადების პირველი ნაწილი მთლიანად თანაგრძნობაა, მეორე ნაწილი კი არც ისე სასიამოვნო დიალოგის დასაწყისი. ამ ფრაზის მიზანი ურთიერთობების გამოსწორება კი არა თქვენთვის ტკივილის მოყენება და დანაშაულის შეგრძნების გაღვიძებაა, მანიპულირება.

ფსიქოლოგიური თავდაცვა: ნუ იმართლებთ თავს, ნუ დაიდანაშაულებთ, არავითარ შემთხვევაში არ დაჰპირდეთ რამეს, სანამ კონკრეტულად არ ჩამოაყალიბებს მის მოთხოვნებს. ჰკითხეთ: როგორ გსურს ჩემთან დროის გატარება? მოახდინოს თავისი სურვილების ზუსტი ფორმულირება. მხოლოდ ამის შემდეგ მოიფიქრეთ და გადაწყვიტეთ რომლები მიიღოთ და რომლებზე უთხრათ უარი.



მოზარდი: შენ ჩემი არასდროს გჯერა!

შიფრი: განმაზოგადებელი სიტყვები, როგორებიცაა ,,ყოველთვის“ და ,,არასდროს“ მთელს თქვენს ურთიერთობას აყენებს ეჭვქვეშ. სწორედ ეს არის იმ ტკივილის და უსამართლობის გრძნობის მიზეზი, რომელიც მშობელს ამგვარი ფრაზების მოსმენისას უჩნდება. განსაკუთრებით ძლიერდება ზეწოლა, როცა მსგავს ფრაზებს მოსდევს გაგრძელება: ,,აი, ჩემი მეგობრის მშობლები..“



ფსიქოლოგიური თავდაცვა: არ დაგავიწყდეთ, რომ თქვენ წინ მოზარდია, რომელსაც თავდაჯერება აკლია, აკლია საკუთარი თავის რწმენა. ის ამ თავდაჯერების ნაკლებობის პროექცირებას ახდენს უფროსებზე, რათაც მათგან მოისმინოს საწინააღმდეგო: ,,არა, რას ამბობ, შენ იმსახურებ ნდობას, ჩვენ შენი გვჯერა“. ჯერ გაახსენეთ შემთხვევები, როდესაც მას ენდეთ და როდესაც მისი გჯეროდათ. შემდგომ ჰკითხეთ, რას ნიშნავს მისთვის რწმენა და ნდობა. თუკი სურს რომ უფრო მეტად ენდობოდეთ, მისი აზრით, რაში უნდა გამოიხატოს ეს ნდობა თქვენი მხრიდან და თავისი მხრიდან რის გაკეთებას აპირებს ამისთვის. ნდობის საშენებლად და შესანარჩუნებლად ხომ ორივე მხრის გამუდმებული მუშაობაა საჭირო.



უფროსი: ზედმეტი წარმოდგენა ნუ გექნებათ თქვენ თავზე!

შიფრი: თქვენ გაიძულებენ იფიქროთ, რომ რაღაც რიგზე არ გაქვთ. გიჩნდებათ დანაშაულის გრძნობა და თანაც რა უნდა შეცვალოთ, გაურკვეველი გრჩებათ. მანიპულატორი თავის მიზნებს არასოდეს აკონკრეტებს. მეტიც, ხშირად თავადაც არ იცის რატო აკეთებს ამას. უბრალოდ თქვენი ენერგიით იკვებება. შეიძლება თქვენს შეფს უბრალოდ საკუთარი ძალაუფლებით ტკბობა სურს, ან აქვს მოლოდინი, რომ მისი დასაქმებული იპოვის იმ გადაწყვეტას, რომელთანაც თვითონ ვერაფრით მივიდა.

ფსიქოლოგიური თავდაცვა: სთხოვეთ უფროსს განგიმარტოთ, რას გულისხმობს. შეგიძლიათ აღიაროთ, რომ ჯერ-ჯერობით სასურველი შედეგი არ გაქვთ. დაამატეთ, რომ მზად ხართ მისი რჩევები გაითვალისწინოთ და სრულყოთ საკუთარი სამუშაო. ამ გზით თქვენ გამოხვალთ დამნაშავის პოზიციიდან და მის წნეხს გაანეიტრალებთ. შემდეგ ჰკითხეთ: როგორ ფიქრობთ, რა მიმართულებით უნდა ვიმუშავო? რა გავაკეთო შემდგომში?“ თუკი მოახერხებს აგიხსნათ რა სურს, გაიმეორეთ, რომ მზად ხართ იმუშაოთ საკუთარ თავზე და გააუმჯობესოთ შედეგი. აუცილებლად დაანახეთ ხელმძღვანელობას, რომ კონსტრუქციული კრიტიკისა და თანამშრომლობისთვის მზად ხართ და ისინი ვეღარ მოახერხებენ თქვენზე ფსიქოლოგიური ზეწოლის მოხდენას.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა