ინდაურის საცივი - ნამდვილი სადღესასწაულო კერძი!
ინგრედიენტები:
ინდაური - 1 ცალი ( ჯობს ახალგაზრდა, არა უმეტეს 1 წლის)
ნიგოზი - 0.5 კგ
ნიორი - 5 დიდი კბილი
ხახვი - 5 დიდი თავი
ქინძი, ნედლი - 2 თავი
ყვითელი ყვავილი, დაფქული - 6 ჩ/კ
ქინძის თესლი ხმელი დაფქვილი - 3 ჩ/კ
უცხო სუნელი - 3 ჩ/კ
დაფქული მიხაკი - დანის წვერზე
წითელი წიწაკა, დაფქული - 2 ჩ/კ
ძმარი - გემოვნებით
მარილი - გემოვნებით
მომზადების წესები
1. ინდაურის მომზადება:
ინდაური კარგად უნდა გასუფთავდეს, გაირეცხოს, მოეჭრას კისერი და კანჭები; ყველაფერი ერთად ჩაიდოს ისეთ ქვაბში, რომელშიც ზუსტად ეტევა; დაესხას წყალი ისე, რომ ინდაური დაიფაროს; იხარშოს საშუალო ცეცხლზე დაახლოებით 2 საათი ;
პერიოდულად მოეხსნას ქაფი ქაფქირით; პერიოდულად გაისინჯოს ხორცი ბარკალზე (არ ჩაიხარშოს!); როცა მოიხარშება, გადმოვდგათ; ამოიღეთ ხორცი ნახარშიდან; წაესვას მარილი ხელით, ყველა მხრიდან (შიგნიდანაც); დაიდოს ტაფაზე და შეიდოს გახურებულ ღუმელში; ოდნავ შეიბრაწოს; ძალიან არ გამოშრეს!
გამოიღოს, გაგრილდეს;დაიჭრას ზომიერ ნაჭრებად.
2. ნიგვზანი მასის მომზადება:
ნიგოზი გატარდეს ხორცის მანქანაში ორჯერ; მოთავსდეს ემალირებულ ჯამში; დაემატოს ყვითელი ყვავილი, უცხო სუნელი, ხმელი ქინძი, წიწაკა, მიხაკი და 3 ჩაის კოვზი მარილი; კარგად აირიოს;
ჯამი ოდნავ შეთბეს (ძალიან დაბალ ცეცხლზე!! მალევე გადმოდგით!) მასა კარგად აიზილოს ხელით; დაიყოს გუნდებად და ხელით გამოიწუროს ზეთი გუნდებიდან (ზეთი ცალკე შეგროვდეს) ქინძი და ნიორი გატარდეს ხორცის მანქანაში;
დაემატოს გამოწურულ ნიგვზიან მასას; კარგად აირიოს სუფრის კოვზით.
3. ხახვის მომზადება:
ხახვი დაიჭრას ძალიან წვრილად; იშუშოს ინდაურის ბულიონზე მოხდილ ცხიმში; კარგად დარბილდეს, მაგრამ არ დაიბრაწოს, ოდნავ შევარდისფრდეს; გადმოიღეთ ემალირებულ ქვაბში; დაესხას 17 ჭიქა გაგრილებული ბულიონი (თუ ამდენი არ არის, შეივსოს ანადუღარი წყლით);
4. საცივის წვენის მომზადება:
ნიგვზიან მასას დაესხას ცოტ–ცოტა ხახვიანი ბულიონი და აიზილოს კოვზით სანამ ერთგვაროვანი თხელი ფაფის კონსისტენციის არ გახდება; ჩაისხას ეს ფაფისებრი მასა დანარჩენ ბულიონში; კარგად აირიოს;
დაიდგას საშუალო ცეცხლზე; მუდმივი მორევით მივიდეს ადუღებამდე; ჩალაგდეს დაჭრილი ხორცი;
ცეცხლს დაეწიოს, იდუღოს 10–15 წუთი; გადმოიდგას, 3–5 წუთი შეგრილდეს; დაემატოს ძმარი თითო სადილის კოვზი გემოვნებით თანდათანობით; დაემატოს მარილი, თუ აკლია; დაესხას გამოწურული ზეთი;
გაცივდეს.
წყარო:gemrielia.ge