ფერადი ჟელე - ნაზი და მსუბუქი დესერტი
ფერადი ჟელეს მომზადების წესი:
დესერტის მომზადებისთვის თავდაპირველად საჭიროა მოვამზადოთ ნაირფერი ჟელატინი, რომლის ფერების არჩევა მთლიანად დამოკიდებულია თქვენს სურვილსა და გუნება-განწყობილებაზე.
მასის მოსამზადებლად დაგჭირდებათ იმდენი ჯამი, რამდენი ფერის ჟელეს დამზადებასაც ფიქრობთ.
თითოეულ ჯამში მოათავსეთ თქვენს მიერ წინასწარ შერჩეული ფერის ჟელატინის ფხვნილი, რომელსაც ასევე დაუმატებთ 1 ს/კ უფერო და უსუნო ჟელატინს. ყოველ ჯამში ჩაასხით 1 ჩ/ჭ ადუღებული წყალი, კარგად მოურიეთ, ფხვნილის წყალში სრულ გახსნამდე, შეაგრილეთ და დაიწყეთ მიღებული სითხის შესაბამის ფორმებში გადანაწილება.
მინიშნება: თუ გსურთ ჟელეს ცისარტყელის ეფექტი მისცეთ, მაშინ სითხე ფორმებში 15-20 წუთის ინტერვალით ჩაასხით, რათა სითხე ერთმანეთს არ შეერიოს.
ფორმები შედგით მაცივარში იქამდე, სანამ მასა კარგად არ გამყარდება.
მეორე ეტაპი:
ცალკე ჯამში ჩაყარეთ 1 ს/კ (ცოტა მეტიც შეგიძლიათ) უფერო ჟელატინი და დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი, კარგად მოურიეთ და 10 წუთი გააჩერეთ მასის სრულ გაფუებამდე. 500 გრ. არაჟანში გახსენით 1 ჩ/ჭ შაქარი (ამ შემთხვევაში სიტკბო თქვენს გემოვნებაზეა დამოკიდებული) და დაამატეთ გაფუებული ჟელატინი. გააბლენდერეთ რაც შეიძლება კარგად.
მაცივრიდან გამოიღეთ გამყარებული და გამზადებული ფერადი ჟელე და სასურველი ზომის კუბიკებად დაჭერით. მოათავსეთ გარკვეული რაოდენობის კუბიკები ნებისმიერი სახის და ზომის ფორმაში და მოასხით გაბლენდერებული არაჟნიანი მასა. შედგით მაცივარში 15-20 წუთი, სრულ გამყარებამდე. გამოიღეთ, ისევ მოაყარეთ დარჩენილი კუბიკები და ისევ მოასხით არაჟნიანი მასა. (შეგიძლიათ გაიმეოროთ რამოდენიმეჯერ)
მინიშნება: დესერტის ფერები და სილამაზე სრულიად თქვენს ფანტაზიაზეა დამოკიდებული, შეგიძლიათ კუბიკები რამდენიმე ფენად მოაყაროთ იქამდე, სანამ თქვენი ფორმა სრულიად არ შეივსება პირამდე.
ფორმა შედგით მაცივარში და დააყოვნეთ რამდენიმე საათი. შემდეგ გამყარებული ჟელე გადმოიღეთ თეფშზე თუ ლანგარზე და დაჭერით სასურველ ნაჭრებად.
მერწმუნეთ, მხიარული, მრავალფერი და მსუბუქი დესერტი დღეს ნამდვილად გაგიხალისებთ...
გემრიელად მიირთვით!
რეცეპტი მოგვაწოდა ნინო მსხვილიძემ.