თეგებით ძიება

რა ასწავლა პანდემიამ ბიზნესს და რა უნდა გაითვალისწინონ დასაქმების მსურველებმა - HR თეა მორბედაძე

უკვე ერთი წელია, სამყარო კოვიდპანდემიას ებრძვის, სამსახურების უმეტესობა დისტანციურ რეჟიმზეა გადასული და შესაბამისად, სრულიად სხვა რეალობის წინაშე დადგა მსოფლიო.

დამსაქმებლებიც და დასაქმებულებიც აბსოლუტურად ახალი გამოწვევების წინაშე დადგნენ. როგორ აისახა 2020 წელი ქართულ რეალობაზე? რა საჭიროებები დაანახა დამსაქმებლებს და რა არის სამომავლოდ გასათვალისწინებელი, ამ საკითხზე TIA.GE ადამიანური რესურსების მართვის მრავალწლიანი პრაქტიკის მქონე პროფესიონალ HR-ს, თეა მორბედაძეს ესაუბრა.

“პანდემიის გავლენით სამყაროში მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა, ბევრი რამ შეიცვალა როგორც ბიზნესისთვის, ასევე დასაქმებულთა სამუშაო პირობების კუთხით და ამ ცვლილებების გარკვეული ნაწილი, დიდი ალბათობით, სამუდამოდ დარჩება. გარდა ეკონომიკური ცვლილებებისა, დიდ სირთულედ იქცა, როგორც გუნდის მართვა, ასევე კომპანიაში კორპორატიული კულტურის შენარჩუნება. მაგალითად, პირისპირ კომუნიკაცია, ტექნოლოგიურმა საკომუნიკაციო არხებმა ჩაანაცვლა და ვფიქრობ, ბევრი რამ კიდევ უფრო მეტად გადაინაცვლებს ელექტრონულ სივრცეში. კრიზისულმა სიტუაციამ დააჩქარა დიჯიტალიზაციის პროცესი და ის რასაც მრავალი წელი დასჭირდებოდა ნორმალური პირობებში, დღეს სწრაფი ტემპებით განხორციელდა, რაც ვფიქრობ, გარკვეულწულად ბიზნესისთვის წინ გადადგმული ნაბიჯია", - განაცხადა თეა მორბედაძემ.

- როგორ ფიქრობთ, რა ასწავლა პანდემიამ ბიზნესს?

- პანდემიით გამოწვეულმა სირთულეებმა ბიზნეს ასწავლა, რომ დღევანდელ, სწრაფად ცვალებად გარემოში, ყველაზე მეტად მნიშვნელოვანია ადაპტირების უნარი და ბიზნეს პროცესების მოქნილობა, დროულად მობილიზება და საკუთარი კომპეტენციებისა და გამოცდილების ეფექტურად გამოყენება, სამუშაო ძალის სწორად გადანაწილებისთვის.

დისტანციური მუშაობა და მოქნილი სამუშაო გრაფიკი თითქმის ყველა კომპანიის კულტურის ნაწილად იქცა, თუმცა მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინებაც, რომ ყველა პოზიცია არ იძლევა დისტანციურად მუშაობის შესაძლებლობას, ამიტომ საჭირო გახდა, სამუშაოს მოქნილობის შესაძლებლობა ყველა თანამშრომელზე თანაბრად გადანაწილებულიყო. ეს კი, თავის მხრივ, ბიზნეს პროცესების, მენეჯერული მიდგომების და თანამედროვე ტექნიკური აღჭურვილობის აუცილებლობას მოითხოვს. მხოლოდ ასე მიიღწევა პროდუქტიულობა. ასევე აღსანიშნავია, რომ გარდა უმთავრესი ღირებულებისა, ვიზრუნოთ თანამშრომელთა ჯანმრთელობაზე, დღეს კომპანიებისთვის ასევე მნიშვნელოვანია, რომ შევძლოთ და შევინარჩუნოთ დისტანციაზე მყოფი თანამშრომლების გუნდურობა, მოტივაცია, ორგანიზაციული კულტურა, ეფექტურობა და რაც მთავარია, სამუშაო პროცესში ჩართულობა.

მენეჯერებს მოუწიათ „ვირტუალური მენეჯერის“ როლის მორგება, ციფრული ინსტრუმენტების სწორად შერჩევა, სამუშაო ძალის ეფექტურად განაწილებისთვის.
სამწუხაროდ, ძალიან ბევრი ადამიანი დარჩა უმუშევარი და ამის გამოსწორებას კომპლექსური მიდგომა სჭირდება. გარდა ბიზნესისა, დასაქმებულებისთვისაც გამოწვევად იქცა დისტანციურ მუშაობასთან სწრაფად ადაპტირება, რამაც განსხვავებული უნარების ათვისება მოითხოვა. მაგალითად, საკუთარი თავის მართვა და მასზე დაკისრებული მოვალეობების შესრულებისათვის საჭირო უნარების იდენტიფიცირება, ციფრული შესაძლებლობების განვითარება, ეფექტური კომუნიკაციის განსახორციელებლად სწორი საკომუნიკაციო არხების შერჩევა, რადგან მიუხედავად ყველანაირი სირთულისა, მაინც ჩვენ გვიწევს დაბრკოლებების გადასალახად გზების მოძიება, საქმის წარმატებით შესრულებისთვის.

- შეიცვალა თუ არა დამსაქმებლისთვის კადრის შერჩევის პრინციპი? დისტანციურმა მუშაობამ ახალი მოთხოვნები ხომ არ წამოწია წინა ფლანგზე?

- ბოლო დროინდელმა კვლევებმა და მიმდინარე მოვლენებზე დაკვირვებამ აჩვენა, რომ მნიშვნელოვნად იცვლება რეკრუტინგის პროცესიც. უფრო მეტი მოთხოვნა გაჩნდა ტექნოლიგიური მიმართულებით. შეიცვალა შერჩევის კრიტერიუმებიც, მეტი აქცენტი კეთდება მულტიფუნქციურ და ადვილად ადაპტირებად კანდიდატებზე. ონლაინ რეჟიმში ჩატარებულმა გასაუბრებებმა, რომლებიც სამომავლოდაც არ დაკარგავს აქტუალობას, განსაკუთრებით პირველადი შერჩევის ეტაპზე, გაზარდა დასაქმების არეალი და შესაბამისად კონკურენციაც. დისტანციურმა რეჟიმმა მოხსნა ტერიტორიული სიშორის ბარიერი. დღეს ქვეყნის ნებისმიერი ადგილიდან არის შესაძლებელი თანამშრომლის გუნდში აყვანა. ამიტომ, გასაუბრების დროს უმჯობესია იმ უნარებზე მოხდეს ყურადღების გამახვილება, რაც თქვენს საჭიროებას დაანახებს დამსაქმებელს მომავალი პოზიციებისთვის.

ვფიქრობ, ამ რთულმა პერიოდმა ახალი შესაძებლობების კარი გაუხსნა როგორც ბიზნესის წარმომადგნელებს, ასევე დასაქმებულებსაც და შესაძლებლობის გამოსაყენებლად ყველამ უნდა გავიზიაროთ ჩვენი წილი პასუხისმგებლობა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა