თეგებით ძიება

თეა წულუკიანი: კარგად ვიცოდით, რომ რუსეთი ოკუპანტია, მაგრამ ამის სამართლებრივი დოკუმენტი, რომელიც გამოცემული იქნებოდა ნეიტრალური ინსტიტუტის მიერ, დღემდე არ გვქონდა

იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა, პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ თეა წულუკიანი სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება.

მისივე თქმით, აღნიშნულ დოკუმენტში ითქვა, რომ დარღვევები ეხება არამხოლოდ 2008 წლის 12 აგვისტოს შემდგომ პერიოდს, არამედ ზოგ შემთხვევაში 8 აგვისტოდან, ხოლო ზოგ შემთხვევაში კი 10 აგვისტოდან დაწყებულ პერიოდს.

„ძალიან კარგად ვიცოდით, რომ რუსეთი ოკუპანტია, მაგრამ ამის სამართლებრივი დოკუმენტი, რომელიც გამოცემული იქნებოდა ნეიტრალური ინსტიტუტის მიერ, დღემდე არ გვქონდა. დღეიდან კი ხელთ გვაქვს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება. რომელიც ერთ ძალიან მნიშვნელოვან ფაქტს ამბობს, რომ რუსეთი არა მხოლოდ ცხინვალის რეგიონში, არამედ აფხაზეთშიც და ე.წ. ბუფერულ ზონებში ახორციელებს ეფექტურ კონტროლს და ის რეალურად ოკუპანტი ხელისუფლებაა. ჩვენ ამ გამარჯვებისთვის ძალიან ბევრი ვიმუშავეთ და ვიბრძოლეთ. ამ საქმეზე არსებითი განხილვა 2013 წლიდან დაიწყო, მანამდე მიმდინარეობდა დასაშვებობის პროცედურები და 2018 წლამდე ჩვენ ასეულობით ახალი მტკიცებულება წარვადგინეთ. ამიტომაც მილოცვის შემდეგ მადლობით დავიწყებდი, ვინაიდან თქვენ უნდა იცოდეთ, რომ ამ საქმეზე გამარჯვების უკან არაერთი საჯარო მოხელე იდგა.

ეს ის ადამიანები არიან, ვინც ჩვენს მომავალ თაობებს ეს დოკუმენტი მოუპოვა, ამ გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ რუსეთმა ჩვენი სამოქალაქო პირებისა და სამხედრო ტყვეების არაადამიანური მოპყრობა და წამება ჩაიდინა, ასევე ნათქვამია, რომ რუსეთმა განახორციელა ქართველების ეთნიკური წმენდა, გაძარცვა და გადაწვა ქართველების საკუთრება და სახლები. ამ დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ ცხინვალის იზოლატორში ასეულობით ქართველი სამხედრო პირი არაადამიანურ მოპყრობას დაექვემდებარა და დადგინდა შესაბამისად ევროპული კონვენციის დარღვევის ფაქტი.

ამ დოკუმენტში ითქვა, რომ ეს დარღვევები ეხება არამხოლოდ 2008 წლის 12 აგვისტოს შემდგომ პერიოდს, არამედ ზოგ შემთხვევაში 8 აგვისტოდან დაწყებულ პერიოდს, ხოლო ზოგ შემთხვევაში კი 10 აგვისტოდან, ეს ის დროა, როცა ჩვენი სამხედრო ტყვეები დაკავებულები იყვნენ და აქ დადგინდა უკანონო დაკავების ფაქტები და დაექვემდებარენ არაადამიანურ მოპყრობასა და წამებას.

ამ განაჩენით ნათქვამია, რომ ეთნიკური წმენდის შემდეგ დევნილად დარჩენილი ადამიანების დაბრუნების ხელშეშლას სწორედ რუსეთი ახორციელებს და არა რომელიმე თვითაღიარებული და არაღიარებული წარმონაქმნი, რომ რუსეთი აგებს პასუხს იმაზე, რომ დევნილები სამხრეთ ოსეთის რეგიონსა და აფხაზეთში მნიშვნელოვანია, რომ თქვენ იცოდეთ, მიუხედავად იმისა, რომ ეს საქმე აგვისტოს ომის სახელით არის ცნობილი, ეს გადაწყვეტილება ეხება აფხაზეთსაც და იქაც ადგენს რუსეთის პასუხისმგებლობას“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

2008 წლის ომის საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ გადაწყვეტილება საქართველოს სასარგებლოდ გამოაცხადა. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო დაეთანხმა საქართველოს მოთხოვნას, რომ რუსეთმა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არაერთი მუხლი დაარღვია.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა