თეგებით ძიება

გია ვოლსკი - დაკონკრეტება არ მინდა, ვინ შეიძლება, იყოს შემდეგი, ვინც პარლამენტში შევა

დაკონკრეტება არ მინდა, ვინ შეიძლება, იყოს შემდეგი, ვინც პარლამენტში შევა, – ასე უპასუხა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „დღის თემის“ წამყვანის შეკითხვას, ვინ შეიძლება, შევიდეს პარლამენტში ოპოზიიციდან.

„დაკონკრეტება არც მინდა. ისეთი გრძნობა, მაქვს, თითქოს, რაღაც ზნეობასა და უზნეობას შორის წყალგამყოფზე ვსაუბრობ. ეს არის პრინციპები და კოდექსი, რითაც ადამიანების გარკვეული ჯგუფები ცხოვრობს და მეორე არის მიდგომა, რომ სახელმწიფოს დესტაბილიზაცია არ სჭირდება. ჩვენ ვუსმენთ, რა სისულელეებს ლაპარაკობს ჩვენი ზოგიერთი ოპონენტი, არჩევნები გაყალბებულია თუ არ არის გაყალბებული. ისინი, ვინც გაყალბებაზე ასე ხელაღებით საუბრობს, მთავარ ფორმულას ივიწყებენ, რა სჭირდება ჩვენს ქვეყანას, ჩვენს პარტნიორ ქვეყნებს და რა მდგომარეობაა მსოფლიოში თუ რეგიონში“, – განაცხადა ვოლსკიმ.

ვოლსკის თქმით, გაუგებარია, რის საფუძველზე უნდა ჩატარდეს რიგგარეშე არჩევნები.

„რის საფუძველზე უნდა ჩავატაროთ, რახან ხათუნა გოგორიშვილმა თქვა ასე ან თუნდაც, გიორგი ვაშაძემ, გინდაც, გუბაზ სანიკიძემ? ეს ხომ არასწორია?! მოდით, შევქმნათ საგამოძიებო კომისია და ვნახოთ, რამდენია გადაცდომა“, – განაცხადა ვოლსკიმ.

გადაცემის წამყვანის, თამთა სანიკიძის შეკითხვაზე, როგორ წარმოუდგენია საარჩევნო ბარიერის დაწევა იმ პირობებში, როცა ამ ცვლილებას 113 ხმა სჭირდება, ოპოზიციის მხრიდან კი პარლამენტში საკმარისი წარმომადგენლობა არ არის, გია ვოლსკიმ განაცხადა, რომ არ შეიძლება, ადამიანებს საკუთარი ქვეყნისა და პარტნიორების წინაშე პასუხისმგებლობა არ ჰქონდეთ და მისი ოპტიმიზმი სწორედ ამ რწმენას ეფუძნება.

„მთელ საზოგადოებას დესტაბილიზაციით ემუქრებიან, მაგრამ არ შეიძლება, ამ ადამიანებს არ ჰქონდეთ იმის განცდა, რომ საზოგადოებამ ისინი შეიძლება, სულ გარიყოს ან ხვალინდელი დღე მათთვის გაურკვეველი იყოს. თუ რეალურად პარტია „მოქალაქეებთან“ შევთანხმდით და ამ საკითხებთან დაკავშირებით ხელმოწერა ღიაა, რატომ არ შეიძლება, ადამიანებს ჰქონდეთ განცდა, რომ ამას შეუერთდნენ, თუ არადა, ვერ გავაკეთებთ ისეთ ცვლილებებს, რომელიც ბარიერის დაწევას, ან ეუთო/ოდირის სხვადასხვა რეკომენდაციის შესრულებას სჭირდება“, – განაცხადა ვოლსკიმ.

როგორც პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა აღნიშნა, ქვეყანა ვერ წავა იმ გზით, რასაც სააკაშვილი კარნახობს და საქართველოში ვერასოდეს შეიქმნება ისეთი სიტუაცია, როდესაც ოქროს შუალედის მოძებნა შეიძლება, თუ ერთი მხარე მუდმივად დესტაბილიზაციაზეა ორიენტირებული.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა