თეგებით ძიება

"ზოგიერთის აზრით, ბედნიერი მხოლოდ ის ქალია, რომელსაც გვერდით ქმარი ჰყავს, მაგრამ მე სულ სხვაგვარად ვფიქრობ..." - კრისტი ყიფშიძე

"ზოგიერთის აზრით, ბედნიერი მხოლოდ ის ქალია, რომელსაც გვერდით ქმარი ჰყავს, მაგრამ მე სულ სხვაგვარად ვფიქრობ" - ამბობს "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში ცნობილი მოდელი კრისტი ყიფშიძე.

- კრისტი, როგორ ახერხებთ, რომ წლების მომატებასთან
ერთად უფრო კარგად გამოიყურებით?
- ამ შეკითხვაზე სულ ერთსა და იმავე პასუხს ვიმეორებ: გენეტიკას დიდი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ქალმა თავს აღარ მიხედოს. ჩემი "საიდუმლო" მარტივია: სულ ვცდილობ დროულად დავიძინო და გავიღვიძო, ნაკლებად ვინერვიულო და საკმაო რაოდენობით წყალი დავლიო. წყალი სახის კანისა და ორგანიზმისთვის აუცილებელია, მით უმეტეს, ახლა, პანდემიის დროს. სხვათა შორის, ჩემი გამომწერები "ინსტაგრამზე" ხშირად მწერენ, რაღაც ვურჩიო და კარგი დიეტა გავუზიარო. მე კი ვფიქრობ, რომ ჯანსაღი კვება ყველა დიეტაზე უკეთესია. ამიტომ მკაცრ დიეტაზე გადასვლას არავის ვურჩევ, რადგან ის შეიძლება უშედეგოდ დასრულდეს.

- რას გულისხმობს თქვენთვის "ჯანსაღი ცხოვრების წესი"?
- ყოველდღიურ რუტინას: საღამოს 12 საათამდე ვწვები, დილით, 9-10 საათამდე კი ფეხზე ვარ, ჯერ წყალს ვსვამ და მხოლოდ ამის შემდეგ ვსაუზმობ. მეგობრებთან ყოფნა და მხიარულება ადრე უფრო მიყვარდა, ღამეც გამითენებია, ეს ახლაც მენატრება, მაგრამ ცოტა ხნით.

ჩემს რაციონში მთავარი ადგილი ხილ-ბოსტნეულს და მცენარეულ საკვებს უკავია - ეს ადამიანის გარეგნობაზე ძალიან კარგად აისახება, თუმცა, ყველაზე მთავარი მაინც კარგი განწყობაა. ეს აუცილებელია, რომ კარგად გამოიყურებოდე. ყოველთვის ვცდილობ დილით კარგ ხასიათზე გავიღვიძო. დღეს ეს რთულია, მაგრამ სილაღე და ბავშვური სიმსუბუქე როგორმე უნდა შევინარჩუნოთ.

ისიც მესმის, რომ ძალიან ბევრი შეზღუდვა გვაქვს, ბევრი რამ გვენატრება, მაგრამ მაინც. ახლა ვხვდები, ჩემი საქმე როგორ მომნატრებია, მაგრამ უარყოფით ემოციებს ვებრძვი: თავს იმით ვიმშვიდებ, რომ ამ დღეში მარტო მე არა ვარ.

- კორონავირუსმა თქვენი ცხოვრებაც შეცვალა?
- რასაკვირველია. მთელ დროს სახლში ვატარებ, კვირაში ერთი-ორჯერ გასვლა მიწევს, რადგან ტელევიზიაში ვმუშაობ, მაგრამ სულ მეშინია, რომ ვირუსი არ შემხვდეს. შინ თითქოს უფრო მშვიდად ვარ, ხშირად ვრთავ მუსიკას და ვცეკვავ, რადგან ცეკვა ძალიან მიყვარს, თანაც, ის ფორმის შენარჩუნებაში მეხმარება. ბედნიერება ასეთი პატარა დეტალებისგან უნდა შექმნა.

ზოგიერთის აზრით, ბედნიერი მხოლოდ ის ქალია, რომელსაც გვერდით ქმარი ჰყავს, მაგრამ მე სულ სხვაგვარად ვფიქრობ: კარგი მეუღლე თუ გყავს, კარგია, მაგრამ თუ არ არის, სულაც არ ნიშნავს, რომ უბედური ხარ. ჩემთვის ბედნიერება საკუთარ თავთან ჰარმონიაში ყოფნაა.
ახლაც, ამ ინტერვიუს ჩაწერის დროსაც, ბედნიერი ვარ, რადგან ვიცი: ვიღაც წაიკითხავს, ვისაც შეიძლება სწორედ ახლა სჭირდება ეს სიტყვები და ჩემი გამოცდილების გაზიარება. თუნდაც ერთ ადამიანს რომ დავეხმარო, ამითაც ბედნიერი ვიქნები.

- ესე იგი, თქვენც ფიქრობთ, რომ შეიძლება მარტოხელა ქალიც ბედნიერი იყოს?
- მე ადამიანებს ასე არ დავყოფდი, რადგან არ ვფიქრობ, რომ ქალი სუსტი არსებაა. ბედნიერია ყველა, ვისაც თავისი მიზნები და ინტერესები აქვს და ვინც საკუთარ თავთან ჰარმონიაშია. ნებისმიერ ადამიანს თავისი ცხოვრება აქვს. მთავარია, შენი თავი შეიყვარო და პატივი სცე. როგორც კი ამას შეძლებ, სხვებიც პატივს გცემენ და შეგიყვარებენ. გარეგნობასა და ჯანმრთელობაზე ზრუნვაც აუცილებელია. სამწუხაროდ, მე ვარჯიში არ მიყვარს, სამაგიეროდ, ძალიან მომწონს სიარული. თუ სადმე მივდივარ და დრო მაქვს, სულ ვცდილობ ფეხით წავიდე. უკვე გადაწყვეტილი მაქვს: როგორც კი დათბება, აქვე, ჩემი სახლის ახლოს, პარკში ვირბენ. სულ ვცდილობ წონა შევინარჩუნო.

- როგორ მოერიეთ კორონავირუსის გამო შექმნილ დაბნეულოებას და შიშს?
- თავიდან მეც დავიბენი, ვერ მივხვდი, რა ხდებოდა. მერე კი... ადამიანი ხომ ყველაფერს ეჩვევა, იმედს არ კარგავს და მეც ასე დამემართა. ხომ ხედავთ, ყველაფერს გავუძელით და ამ სიტუაციიდან, პირიქით, გაძლიერებული გამოვედით.

სხვათა შორის, ყველა რეკომენდაციას ზუსტად ვასრულებდი. მიუხედავად იმისა, პირბადე დისკომფორტს მიქმნის, ვერ ვსუნთქავ, ზაფხულშიც არ მომიხსნია. ჩემი 19 წლის შვილი ნატალიაც ასე იქცეოდა, ალბათ, ამის გამო ვირუსი არ შეგვხვედრია. ნატალია სტუდენტია და ონლაინსწავლებაზე გადასვლა მეტისმეტად გაუჭირდა, მაგრამ ისიც ჩემსავით ფრთხილობს და ხალხმრავლობას თავს არიდებს. ახლა უფრო მშვიდად ვარ: ჯერ ერთი, ვხედავ, რომ "კოვიდ-19" ბევრმა მსუბუქად გამოიარა. ისიც ვიცი, რომ თუ პირბადე გიკეთია, ხალხმრავლობას ერიდები და დისტანციას იცავ, დაცული ხარ. უკვე იმედი გამიჩნდა, რომ ვირუსი თანდათან დასუსტდება და გაქრება.

- ყველაზე მეტად რა გენატრებათ "წინა" ცხოვრებიდან?

- ბევრი რამ - მეგობრებთან ურთიერთობა მენატრება. ყველაზე მეტად კი მოგზაურობა. როცა ყველაფერი გადაივლის, სამოგზაუროდ წავალ. ყველაზე მეტად აზიის ქვეყნები მიყვარს. სულ ბოლოს ბალიზე ვიყავი და მაშინდელი შთაბეჭდილებები არასდროს დამავიწყდება. იქ არაფერზე აღარ დარდობ და ზრუნავ, არ განერვიულებს, რა გაცვია, შენ ირგვლივ რა ხალხია... მხოლოდ ზღვა, მზე, ბევრი ეგზოტიკური ხილი და სიმწვანე გახსოვს. იქიდან სულ სხვანაირი ჩამოვედი - ახალი ძალით დამუხტული და მართლა ბედნიერი. ევროპაში 3-5 დღეც რომ გავატარო, საკმარისია, მაგრამ აზიურ ქვეყანაში ორი თვითაც დავრჩები. სხვათა შორის, ბალიზე ხვლიკები და გველები ეზოში თავისუფლად დადიოდნენ, მაგრამ როგორც შინაურ ცხოველებს, ისე ვუყურებდი. იქ რვაფეხები, კიბორჩხალები და ზღვის პროდუქტებიც უფრო გემრიელია - პლაჟზე რომ ხარ და ყველაფერს შენ თვალწინ ამზადებენ, ძალიან სასიამოვნოა.

- ინტერვიუს ბოლოს რას ეტყვით ჩვენს მკითხველს?
- მთავარია გვჯეროდეს, რომ ყველაფერი კარგად იქნება და ასეც მოხდება. როცა რაღაც გჯერა, როცა რაღაც ძალიან გსურს, ეს სურვილი აუცილებლად აგისრულდება - მე ასე მგონია.

kvirispalitra.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა