სკოლის მოსწავლეებს ჩხოროწყუს მერიის საპირფარეშო დაასუფთავებინეს - ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ჩხოროწყუს ერთერთი სკოლის მოსწავლეებს მერიის შენობის საპირფარეშო დაასუფთავებინეს. ვიდეოსა და ინფორმაციას ადგილობრივი მედია ათინათი ავრცელებს.
მედიის ცნობით, ინფორმაცია ჯერ მოქალაქემ გაავრცელა, შემდეგ კი ჩხოროწყუს საგანმანათლებლო რესურსცენტრში დაუდასტურეს.
"პანდემიაა, სკოლები ძლივს გახსნეს, ამ დროს, ერთ-ერთი საჯარო სკოლის მეშვიდე კლასის მოსწავლეები, საგაკვეთილო პროცესის დროს, სკოლის დირექციის თანხმობით გააყოლეს უცხო პირს, ე.წ. შაბათობაზე. ახლა რა მოხდა სინამდვილეში - ამ უცხო პირმა (არანაირ შემხებლობაში არ იყო სკოლასთან ან რომელიმე მოსწავლესთან) ბავშვები წაიყვანა ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მერიის შენობაში და საპირფარეშო ახეხინა/აწმენდინა. გაუგებარია, როგორ არ მოიძებნა მერიის შენობაში არავინ, ვინც, შეაჩერებდა ამ მარაზმს და ბავშვებს არ მოუწევდათ იმ სიბინძურის წმენდა", - წერს მოქალაქე.
ჩხოროწყუში მომხდარ ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. არსებული ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის დასუფთავების სამსახურის ყოფილმა თანამშრომელმა, ერთ-ერთი სკოლის დირექციის თანხმობით, მოსწავლეები „დასუფთავების აქციაზე“ წაიყვანა.
საბოლოოდ, წასული ბავშვები მერიის საპირფარეშოში აღმოჩნდნენ. ინფორმაცია და ვიდეომასალა სოციალურ ქსელში გავრცელდა, სადაც ჩანს, როგორ ასუფთავებენ ისინი იატაკს.
ჩხოროწყუს მერი, დავით გოგუა ამბობს, რომ ამ ფაქტთან დაკავშირებით არაფერი იცოდნენ, და შეამჩნიეს თუ არა ბავშვები ტერიტორიაზე, იქიდან გაიყვანეს. მომხდარს გამოძიება სწავლობს.