ბოსტნეული კოსმეტოლოგიაში - მოუარეთ სახის კანს იაფად და მარტივად
ყველაფერს, რაც საჭიროა ჯანმრთელობისა და სილამაზისთვის, უხვად გვაძლევს ბუნება, მთავარია, მისი ძღვენის გამოყენება ვისწავლოთ. ალბათ ბევრმა არ იცის, რომ სხვადასხვა ხილითა თუ ბოსტნეულით სახის კანის მოვლის ძალიან ეფექტური საშუალებები დაამზადოთ.
პირველ რიგში გავეცნოთ სხვადასხვა ბოსტნეულის სასარგებლო თვისებებს:
კიტრი - შეიცავს C, B1, B2, PP ვიტამინებს, ცილებს, ფერმენტებს, მიკროელემენტებს. ჯერ კიდევ ჩვენი ბებიებისთვის იყო ცნობილი კიტრის ნიღბების გამაახალგაზრდავებელი ეფექტი. კიტრის ლოსიონი ასუფთავებს, კვებავს, ადეზინფიცირებს, ათეთრებს კანს. კანის გათეთრების თვალსაზრისით ეფექტურია საფენები დღეში რამდენჯერმე 10-15 წუთით მოვათავსოთ სახეზე, ან ერთხელ 30-60 წუთის განმავლობაში (ეს პროცედურა განსაკუთრებით რეკომენდებულია ცხიმიანი კანისთვის).
კარტოფილი - ყოველდღიური პროდუქტი, რომელიც გამოირჩევა სამკურნალო თვისებებით. კარტოფილის ახალგამოწურული წვენი გამოიყენება გამონაყარის, დამწვრობის, კოჟრების სამკურნალოდ, ძალიან ეფექტურია მოშვებული კანის დროს მოხარშული კარტოფილის ნიღბები.
კომბოსტო - მისი ნიღაბი ასუფთავებს, ახალისებს სახის კანს, არბილებს და აუმჯობესებს მის ფერს. მისი მომზადება არაა რთული: წვრილ სახეხზე გახეხეთ კომბოსტოს ფოთოლი და დაუმატეთ 1 ჩაის კოვზი შვრიის ფანტელი. მიღებული მასა წაისვით სუფთა სახეზე. 20 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ და წაისვით მკვებავი კრემი.
პომიდორი - მასში A, B, C ვიტამინებია, რაც სახის კანს არბილებს, ხდის ელასტიკურს და ახალისებს მას. ორგანული მჟავები ასუფთავებს კანს და უჯრედების სწრაფ აღდგენას ეხმარება. პომიდორი სამკურნალო საშუალებაა დამწვრობისას. პომიდვრის წვენით შეიძლება შევცვალოთ ტუალეტის რძე და მაკიაჟის მოსაშორებელი თხევადი კრემები.
სტაფილო - კაროტინი, რომელსაც იგი შეიცავს, კანს პირდაპირი მნიშვნელობით დაბერებისგან იცავს. ერთ სუფრის კოვზ გახეხილ სტაფილოს დაუმატეთ 1 ჩაის კოვზი თაფლი და ნახევარი კოვზი ნივრის წვენი. ეს ნიღაბი შესანიშნავი საშუალებაა ნაოჭებისთვის.
ოხრახუში - მდიდარია სასარგებლო ნივთიერებებით: C, B1, B2 ვიტამინებით, ბეტა-კაროტინით, ფოლიუმის მჟავათი, ეთერზეთებით, ქლოროფილით, კალიუმის, მაგნიუმის, რკინის მარილებით, ფერმენტული ნივთიერებებით. C ვიტამინი ოხრახუშში 4-ჯერ მეტია ლიმონზე, ხოლო ბეტა-კაროტინის შემცველობით არ ჩამოუვარდება სტაფილოს. ოხრახუშის ექსტრაქტი გამოიყენება თვალების ირგვლივ ნაზი კანის მოსავლელად, მას აქვს შეშუპების საწინააღმდეგო მოქმედება ქუთუთოებზე, ასწორებს ნაოჭებს, ხსნის დაღლილობას და სპეციფიკურ პრობლემებს - თვალების ქვეშ მუქ რგოლებსა და ტომრებს. ოხრახუშის ნიღაბი ათეთრებს კანს, ასწორებს წვრილ ნაოჭებს, ხსნის შეშუპებას.
ყაბაყი - ის მრავალ სამკურნალო, მინერალურ ნივთიერებასა და ვიტამინს შეიცავს, რომელიც კანს ელასტიკურობას, სინაზესა და სიგლუვეს ანიჭებს.
ბოსტნეულის ნიღბები მშრალი კანისთვის
1. რძეში მოხარშული კომბოსტოს ფოთლებისგან, შესანიშნავი სახის და ყელის ნიღაბი გამოდის. მოხარშეთ ფოთლები რძეში და შემდეგ თქვიფეთ იქამდე, სანამ პიურეს მსგავს მასას არ მიიღებთ.
2. მოხარშული კარტოფილი აზილეთ, დაამატეთ კიტრის ან პომიდვრის წვენი და შემდეგ გაწირეთ. ეს სახის შესანიშნავი და სასარგებლო ნიღაბია.
3. დაჭერით ყაბაყი მრგვლად და ნაჭრები დაიდეთ სახეზე. ეს ხელს უშლის კანის დაბერებას და ნაოჭების წარმოქმნას.
4. პომიდორის შიგთავსის პიურე აურიეთ ცოტაოდენ ზეითუნის ზეთში და სახამებელში.
ნიღბები ცხიმიანი კანისთვის
1. გახეხეთ სტაფილო, დაამატეთ 1 კვერცხის ცილა და შეიზილეთ სახეზე.
2. კიტრის პიურე აურიეთ 1 კვერცხის ცილაში და დაიდეთ სახეზე. შემდეგ ჩამოიბანეთ ცივი წყლით.
3. ცოცხალი კომბოსტოს ათქვეფილ ფოთლებს დაამატეთ 1 კვერცხის ცილა და შეიზილეთ სახეზე. ჩამოიბანეთ ანალოგიურად ცივი წყლით.
ბოსტნეულის ნიღბები ნებისმიერი სახის კანისთვის
1. შეურიეთ ცოტაოდენი სტაფილოს პიურე კრემს, რომელსაც იყენებთ ხოლმე.
2. ცოტა ხნით დაიდეთ სახეზე კომბოსტოს ფოთლები ან სახე გაიწმინდეთ მისი წვენით.
3. გაიწმინდეთ სახე კიტრის წვენით რამდენჯერმე, ყოველ 10 წუთში ერთხელ. შემდეგ ცივი წყლით მოიბანეთ.