როგორ მოვიქცეთ, თუ ოთახის მცენარემ ჭკნობა დაიწყო?
ოთახის მცენარეებს ყველაზე ერთფეროვანი სივრცის გამოაცოცხლებაც კი შეუძლიათ, თუმცა სილამაზის გარდა, ბევრი, უფრო მნიშვნელოვანი სარგებელიც მოაქვთ - ისინი ჟანგბადს გამოყოფენ და ნახშირორჟანგს შთანთქავენ, ამიტომ მათი ყოფნა განსაკუთრებით საჭიროა გარემოში, სადაც გამონაბოლქვისა და ტოქსინების დონე მაღალია.
ოთახის მცენარეთა ბევრი სახეობა გამოყოფს ფიტონციდს - ნივთიერებას, რომელიც ბაქტერიებს კლავს. შეგიძლიათ სახლში სამკურნალო მცენარეებიც გაზარდოთ, რომლებსაც ჭრილობების, დამწვრობის, გაცივების და სხვა დაავადებების წინააღმდეგ გამოიყენებთ.
როგორ მოვიქცეთ, როცა ჩვენი მწვანე მკურნალები ყვავილობას წყვეტენ, ფოთლები ცვივათ და თავად ავადდებიან? უმეტეს შემთხვევაში, ამის მიზეზი მცენარის ზრდისა და განვითარებისთვის აუცილებელი ელემენტების ნაკლებობაა.
აზოტის ნაკლებობა
აზოტის უკმარისობა მცენარის ზრდას ანელებს. დეკორატიულფოთლებიან მცენარეს ძალიან ცოტა ახალი ყლორტი გამოაქვს. ფოთლები ფერს კარგავენ, ღია მწვანე ფერის ხდებიან და შეიძლება წითელი შეფერილობაც გაუჩნდეთ. პირველ რიგში ეს ნიშნები ეტყობა უფრო ძველ ფოთლებს, რომლებიც მომდევნო სტადიაზე ნაადრევად ჩამოცვივდება. აზოტის ნაკლებობის თვალსაჩინო შედეგი მცენარის სუსტი, მტვრევადი, წვრილი ღერები და ყვითელი ფოთლებია. თუ ეს მდგომარეობა დიდხანს გაგრძელდა, მცენარეს ფოთლების ცვენა ეწყება და იღუპება.
ფოსფორის ნაკლებობა
თუ მცენარე დადგენილ დროს არ ყვავილობს ან მისი ყვავილები ძალიან მკრთალადაა შეფერილი, ეს ფოსფორის უკმარისობაზე მიუთითებს. ამასთან ხშირად ქვედა, უფრო ძველი ფოთლები ჭუჭყიან მწვანე ფერს იძენს; მის შეფერილობაში სხვა ფერებიც შეიძლება გაჩნდეს, ლურჯიდან-წითლამდე ან იისფრამდე. ახალგაზრდა ფოთლები არ იზრდება და წვეროები ზემოთ ეპრიხება.
მანგანუმის ნაკლებობა
მანგანუმის ნაკლებობა ყველაზე შესამჩნევი ახალგაზრდა ფოთლებშია. ის ფოთლის ზედაპირზე ხშირად როგორც წვრილი ბადე ჩანს. ფოთლის ფერი შეიძლება მცენარისთვის დამახასიათებელი არ იყოს.
კალციუმის ნაკლებობა
ახალგაზრდა ფოთლების წვერები და კიდეები დაზიანებულია და ხშირად რჩევები შეიძლება დაიხვიოს. ფესვთა სისტემას შეუძლია სწრაფად მოკვდეს.
კალიუმის ნაკლებობა
კალიუმის უკმარისობის დროს მცენარეები მოშვებული ხდებიან, განსაკუთრებით თბილ და მზიან დღეებში. მცენარე ზრდას წყვეტს, ფოთლები უმკრთალდება და სცვივა. კალიუმის უკმარისობაც მცენარის თავდაცვისუნარიანობის შემცირებას იწვევს. თუ ელემენტს დროულად არ დაამატებთ, ფესვების კვდომა გარდაუვალია.
რკინის ნაკლებობა
რკინის უკმარისობის ტიპიური ნიშანი ე.წ. ფოთლების ქლოროზია: ძარღვები მუქ–მწვანე ხდება, მათ შორის ფოთლის ზედაპირი კი მკრთალდება და მოყვითალო შეფერილობას იძენს. რკინის ნაკლებობა მცენარეებს განსაკუთრებით მაშინ ეწყება, როცა დღის სინათლის ხანგრძლივობა იკლებს ან ნიადაგის მჟავიანობის დონე მცირდება. მძიმე შემთხვევებში, ფოთლის კიდეები და წვერები მშრალია, შეინიშნება დაზიანებები და ფერის შეცვლა.
მაგნიუმის ნაკლებობა
ამ დროს ფოთლები გაყვითლდება და ცვივა. სამწუხაროდ, ეს შეიძლება საკმაოდ სწრაფად, თითქმის ჩვენს თვალწინ მოხდეს. იმისათვის, რომ ოთახის მცენარეებმა დიდხანს იცოცხლონ, პერიოდულად ნიადაგი სასუით უნდა გავამდიდროთ. ამასთან, ქიმიური სასუქის შეძენა აუცილებელი არ არის. უამრავი ისეთი საშუალებაც არსებობს, რომელიც სამზარეულოში ან აფთიაქში მოგეძებნებათ.
შაქარი
შაქარი შესანიშნავი საკვებია ოთახის მცენარეებისთვის. გლუკოზა, რომელსაც შაქარი დიდი რაოდენობით შეიცავს, ძალიან ეფექტური საშენი მასალაა ფესვის სისტემისთვის. იმისათვის, რომ შაქარი სასუქად გამოიყენოთ, 0,5 ლ წყალში გახსენით 2 ჩ/კ შაქრის ფხვნილი. ამ ნარევით მორწყეთ მცენარე 2 კვირაში ერთხელ. ყველაზე მეტად ტკბილი წყალი კაქტუსებსა და სუკულენტებს უყვართ.
კარტოფილის ნახარში
სახამებლის შესანიშნავი წყარო – ის ფესვთა სისტემის გაკაჟებას უწყობს ხელს და დადებითად აისახება მცენარის გამრავლებაზე. სახამებლის სასუქის მოსამზადებლად, უნდა მოხარშოთ კანიანად კარტოფილი, ნახარში გააგრილოთ 20 გრადუსამდე და მორწყათ მცენარე. ამ სასუქის დამატება მცენარისთვის თვეში ერთხელ არის რეკომენდებული.
რძიანი წყალი
დეკორატიული მცენარეების საყვარელი სასუქია. რძე მთელ რიგ სასარგებლო მიკროელემენტს შეიცავს, რომელიც მწვანე მასის ინტენსიურ ზრდას უწყობს ხელს. 1 ლიტრ წყალს დაუმატეთ 100 მლ უცხიმო რძე და კარგად აურიეთ. მიღებული ნარევით მცენარე შემდეგი სქემის მიხედვით უნდა მორწყათ: 2 ჩვეულებრივი მორწყვა – 1 რძიანი მორწყვა.
ბანანის კანი
ბანანის კანი დიდი რაოდენობით კალიუმს შეიცავს, რომელიც ყვავილობის ბუნებრივი სტიმულატორია. ოთახის ვარდი, ბეგონია, აზალეა – ამ მცენარეებისთვის პირდაპირ მისწრებაა "ბანანის სასუქი". მის მოსამზადებლად უნდა გაახმოთ ბანანის კანი, შემდეგ დაფქვათ ყავის საფქვავში, მიიღებთ ყავისფერ ფხვნილს. ეს ყავისფერი ფხვნილი უნდა მოაყაროთ ქოთანში ნიადაგს ყოველი მორწყვის წინ.
თაფლი
ოთახის მცენარეთა უმეტესობის ზრდისთვის შესანიშნავი ბიოსტიმულატორია. ამ მიზნით თაფლს იყენებენ გაუზავებლად – ფუნჯის მეშვეობით პირდაპირ უსვამენ ყვავილის ზრდის წერტილს.
აბუსალათინის ზეთი
შესანიშნავი სტიმულატორი მცენარის ყვავილობისთვის. აბუსალათინის ზეთისგან სასუქის მოსამზადებლად 1 ლ წყალში უნდა ჩაასხათ 1 ჩაის კოვზი აბუსალათინის ზეთი. მორწყვის წინ შეანჯღრიეთ ჭურჭელი, რომელშიც მომზადებული ხსნარი ასხია.
კბილის პასტა
კბილის პასტას შეუძლია ნიადაგის მჟავიანობის შემცირება და მცენარის კალციუმითა და ფოსფორით მომარაგება. 1 ლ თბილ (22-25 გრადუს) წყალში გახსენით 1/3 ტუბი კბილის პასტა (მათეთრებელი ეფექტის გარეშე). მიღებული ხსნარი შესანიშნავად კვებავს ოთახის მცენარეებს გაზაფხულ-ზაფხულის პერიოდში.
ბორისმჟავა
შესანიშნავი სასუქია. მის მოსამზადებლად 1 ლ წყალში გახსენით 1 გრ ბორისმჟავა (0,1%-იანი ხსნარი). თავდაპირველად მჟავას ცხელი წყალი უნდა დაასხათ, შემდეგ დაუმატოთ ცივი წყალი. მიღებული ხსნარით უნდა დანამოთ გაყვავილებული მცენარე.
ასპირინის ხსნარი
თუ გეჩვენებათ, რომ მცენარემ ჭკნობა დაიწყო და დაავადებულის იერი აქვს, მოამზადეთ ასპირინის ხსნარი. 1 აბი გახსენით 1 ლ წყალში და შეაშხეფეთ ეს სითხე მცენარეებს რამდენიმე დღეში ერთხელ.