პარლამენტმა რვა ნარკოტიკული ნივთიერების დოზების დადგენასთან დაკავშირებულ პროექტს მხარი დაუჭირა
პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა რვა ნარკოტიკული ნივთიერების დოზების დადგენასთან დაკავშირებით ინიცირებულ კანონპროექტს.
მისი თქმით, შეთავაზებული კანონპროექტით გათვალისწინებულია, რომ განისაზღვროს ნარკოტიკულ საშუალებებთან მიმართებით ის მცირე ოდენობა, რომლის მომხმარების შემთხვევაშიც პირს პირველ ჯერზე ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრება, ხოლო ერთი წლის განმავლობაში იგივე სამართალდარღვევის გამეორების შემთხვევაში, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა.
„საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა ინიცირებულ კანონპროექტს. საქართველოს პარლამენტის მხრიდან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა, ვინაიდან, პრინციპების დონეზე გაზიარებულია ის მიდგომა, რომ არსებობს პრობლემა, რომელსაც ესაჭიროება გადაჭრა და ამ პრობლემის გადაჭრის სწორ ფორმად მიიჩნიეს ის კანონპროექტი, რომელიც წარდგენილია. პრობლემა კი ის იყო, რომ დღეს მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, არ იყო დიფერენცირებული რამდენიმე სახეობის ნარკოტიკულ საშუალებასთან დაკავშირებით დოზები, მცირე ოდენობა არ განსხვავდებოდა დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობებისგან. მცირე დოზის ნარკოტიკულ საშუალებებთან დაკავშირებით ვერ ხერხდებოდა შედარებით მსუბუქი პასუხისმგებლობის ფორმებისა და ზომების შეფარდება. ამ პრობლემის იდენტიფიცირების შემდეგ, ამ კანონპროექტით ეს საკითხი გადაიჭრება. შეთავაზებული კანონპროექტით გათვალისწინებულია, რომ განისაზღვროს ამ გავრცელებულ ნარკოტიკულ საშუალებებთან მიმართებით ის მცირე ოდენობა, რომლის მომხმარების შემთხვევაშიც პირს პირველ ჯერზე ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა შეეფარდება, ხოლო იგივე სამართალდარღვევის ერთი წლის განმავლობაში გამეორების შემთხვევაში, წარმოიშვება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საფუძველი. ასეთია მიდგომა, რომელსაც სისხლის სამართლის კოდექსი ირჩევს. უბრალოდ, ხარვეზი და ნაკლოვანება იმაში გამოიხატებოდა, რომ ზოგიერთ შემთხვევაში, კონკრეტული ნარკოტიკული საშუალებებისთვის ასეთი დოზა განსაზღვრული არ იყო“, - განაცხადა სარჯველაძემ.
მისი თქმით, აღნიშნული კანონპროექტის მიღება, ზოგადად, ნარკოპოლიტიკაზე დადებითად აისახება.
„მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ეს არის თანმიმდევრული პოლიტიკის შემადგენელი ერთ-ერთი მორიგი ნაბიჯი, რომელსაც ხელისუფლება ნარკოპოლიტიკის მიმართულებით ახორციელებს. ამ მიმართულებით მუშაობა უნდა გაგრძელდეს და ნამდვილად გაგრძელდება“, - განაცხადა სარჯველაძემ.
ცნობისთვის, “ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების პროექტით, ხდება სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული რვა ნარკოტიკული ნივთიერების მცირე, დიდი და განსაკუთებით დიდი ოდენობების განსაზღვრა და დოზების დადგენა. ცვლილების პროექტი მიხეილ სარჯველაძის, თეა წულუკიანის, ალექსანდრე ტაბატაძის, დავით სერგეენკოს, ალუდა ღუდუშაურის, დიმიტრი ხუნდაძისა და ვლადიმერ კახაძის საკანონმდებლო ინიციატივაა.