თეგებით ძიება

მესამე ზედმეტია - თემები, რომლებიც ცოლ-ქმარმა საიდუმლოდ უნდა შეინახოს

ბევრ ჩვენგანს ერთი დღეც ვერ წარმოუდგენია მეგობრების გარეშე და მიჩვეულია, რომ საკუთარი ცხოვრების ყველა წვრილმანს მათთან ერთად განიხილავს, მაგრამ არსებობს ოჯახური ცხოვრების ისეთი გარემოებები, რომელთა შესახებ უახლოესმა მეგობრებმაც კი არ უნდა იცოდნენ. დიახ, ზოგი რამ, რაც ქორწინებაში ხდება, მხოლოდ პარტნიორებმა უნდა იცოდნენ.

რა თქმა უნდა, ზოგჯერ თითოეულ ჩვენგანს ცდუნება უჩნდება, რომ ოჯახში მომხდარი ამბების შესახებ მეგობრებს უამბოს, მაგრამ საბოლოოდ, ამან შეიძლება გაღიზიანება, ზედმეტი მითქმა-მოთქმა და სტრესი მოგიტანოთ.

სწორედ ამის გამო, ფსიქოლოგებმა გამოყვეს საკითხები, რომელიც ნებისმიერმა წყვილმა საიდუმლოდ უნდა შეინახოს.

1. ინტიმური ფოტოები
ბევრი იტყვის, რომ ეს ისედაც ცხადია, თუმცა არიან ისეთებიც, რომლებსაც არ ესმით, რომ მეუღლესთან ერთად გადაღებული გულწრფელი ფოტოები მესამე ადამიანმა არ უნდა ნახოს.
მაშინაც, თუ დარწმუნებული ხართ, რომ თქვენი ცოლი ეროტიკულ სელფში თვალისმომჭრელად გამოიყურება, ნუ იფიქრებთ, ეს სილამაზე ვინმეს უნდა გაუზიაროთ.
ოჯახურ ურთიერთობებში გარკვეული ჩარჩოები არსებობს, რომლებიც არ უნდა დაარღვიოთ. ასევე, არასოდეს უნდა მოინდომოთ სხვა წყვილების მსგავს ჩარჩოებში შეღწევა. არ უნდა შეეცადოთ.

2. ფინანსური პრობლემები
არაფერი ახდენს გავლენას ქორწინებაზე ისე, როგორც ფინანსური პრობლემები. თუნდაც ძალიან გსურდეთ ვინმესთვის "გულის გადაშლა", მაინც თავი შეიკავეთ უცხო ადამიანებთან ამგვარი პრობლემების განხილვისგან. გახსოვდეთ, რომ უმჯობესია ეს ინფორმაცია თქვენთან დარჩეს.
ფინანსური პრობლემების შემთხვევაში შეგიძლიათ პარტნიორთან ერთად შეადგინოთ ფინანსური გეგმა და მშვიდად მიჰყვეთ მას სხვა ადამიანების დახმარების გარეშე. არაფერია უცნაური იმაში, რომ მეგობრისთვის საკუთარი ფინანსური სირთულეების შესახებ საუბარი გსურთ, მაგრამ ასეთი გულწრფელობა ხშირად მეტ სირთულეს ქმნის და არაფერში გვეხმარება.
სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ ცხოვრების ფინანსურ მხარეზე პარტნიორთან გულწრფელი საუბარი დაძაბულობისგან თავის დაღწევის შესანიშნავი გზაა. შეარჩიეთ შესაფერისი დრო, ისაუბრეთ თქვენს პრობლემებზე და ერთად ეძებეთ რთული სიტუაციიდან გამოსვლის გზები და აუცილებელი არ არის, რომ ამაში მესამე ადამიანი მონაწილეობდეს.

3. თქვენი კამათის წვრილმანები
ჩხუბი და კამათი ნებისმიერი ახლო ურთიერთობის განუყოფელი ნაწილია და ქორწინება გამონაკლისი არ არის. ამასთან, ზოგი კამათი მასზე დახარჯულ სიტყვებადაც არ ღირს. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია შეთანხმების მიღწევა, რის შემდეგაც შეიძლება კამათის მიზეზიც კი დაგავიწყდეთ. ჩხუბის დასრულების შემდეგ მის გახსენებას და ახალი კონფლიქტის გაღვივებას აზრი არ აქვს, თქვენ კი სწორედ ამას აკეთებთ, როცა მეუღლესთან კამათის დეტალებზე ნათესავებსა და მეგობრებს უყვებით.
ამაზე საუბარმა შეიძლება თქვენი სიბრაზე ისევ გააღვივოს და თქვენს მსმენელებს თქვენსავე პარტნიორზე არასწორი წარმოდგენა შეუქმნას. განსაკუთრებით მაშინ, თუ ის ახლოს არ არის და თავს ვერ დაიცავს.

4. თქვენი ინტიმური ცხოვრება
კინო და მედია ზოგჯერ ისეთ შთაბეჭდილებას გვიქმნის, რომ საკუთარი სექსუალური ცხოვრების დეტალებზე საუბარი ნორმალურია, თუმცა ასე არ არის. კინო კინოა, მაგრამ თქვენი ინტიმური ცხოვრება სწორედ ის მნიშვნელოვანი საიდუმლოა, რომლის შესახებაც მხოლოდ ორმა უნდა იცოდეთ. ეს ის ჩარჩოა, რომლის მიღმა არ უნდა გახვიდეთ, თუ უსიამოვნო შედეგები არ გსურთ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა