თეგებით ძიება

ის გააუპატიურეს და ორსულად დარჩა, ოთახში ბავშის ცარიელი საწოლი უდგას, შვილს ელოდება – ბავშვთა სახლში გაზრდილი ახალგაზრდა ქალის ტრაგიკული ისტორია

სექსუალური ძალადობა ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული და პრობლემატური ძალადობის ფორმაა, რომელიც მთელ მსოფლიოში ხშირად ხდება. გაუპატიურების შედეგად დამდგარი ორსულობა და უდანაშაულო ნაყოფი, რომელიც ზოგიერთ შემთხვევაში ბიოლოგიური მშობლების შეცდომაზე პასუხს მთელი ცხოვრება აგებენ. ამ გზით დაბადებულ ბავშვებს გულგრილ და მკაცრ საზოგადოებაში არასასურველ ნაყოფს უწოდებენ. მართალია, იმ ადამიანებისთვის არასასურველები არიან, ვისაც მათზე პასუხისმგებლობა არ ეკისრებათ, თუმცა არიან დედები, რომლებისთვისაც ჩასახვის გზას მნიშვნელობა არ აქვს…ისინი მათი შვილები არიან და მშობლობის სტატუსს არ გაურბიან, მეტიც – მათი კეთილდღეობისთვის იბრძვიან…

ასეთია “პრაიმტაიმის” რესპონდენტის, 23 წლის ნინოს ისტორიაც... ის გააუპატიურეს, ორსულად დარჩა და პატარა შეეძინა, რადგან ნინოს ცხოვრებაში მხოლოდ სექსუალური ძალადობა ერთადერთი ტრაგედია არ ყოფილა და მას ძალიან მძიმე ბავშვობა ჰქონდა, ზურგს არაფერი უმაგრებდა.

ბავშვთა სახლში გაზრდილ ულამაზეს გოგოს არც მშობლები ჰყავს და არც თავშესაფარი ჰქონდა… ქუჩაში დარჩენილს პატარა შეეძინა, რომელიც სოციალურმა მუშაკებმა მინდობით აღზრდის სერვისში ჩართეს და დედისგან სხვა, სახელმწიფოს მიერ დაქირავებულ “დედასთან” წაიყვანეს. ნინო შეიძლება ითქვას, რომ ბედმა მხოლოდ მაშინ გაუღიმა, როცა ერთი მარტოხელა მოხუცი გაიცნო. ციალა ბებომ თავის სახლში შეიფარა, ნინომ კი მოხუცი ფაქტობრივად, იშვილა. ის ახლა, თავისი პატარას ნაცვლად, მოხუცს ეფერება, მისთვის შრომობს და მასზე ზრუნავს.

ნინოს ოცნებაა, პატარა დაიბრუნოს და სითბო, რომელსაც გულში ინახავს, პატარას დააფრქვიოს, მაგრამ ამისთვის მას საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდება, რადგან სისტემა ოჯახის გაძლიერებას არ ითვალისწინებს… ახალგაზრდა დედა შვილის დაბრუნების მოტივით, მუდამ შრომობს. მას საქველმოქმედო ფონდი “ერთობა საქართველოსთვის” ეხმარება და ერთი ოჯახის გაძლიერებისთვის იბრძვის…

“პრაიმტაიმი” საქველმოქმედო ფონდ “ერთობა საქართველოსთვის” დამფუძნებელს, მაკა ხეცურიანსაც ესაუბრა. მისი თქმით, იმისთვის, რომ ერთი ახალგაზრდა გოგოს ცხოვრება მშვიდად გაგრძელდეს, სულ პატარა ხელშეწყობაა საჭირო. ის, რაც ნინოს სჭირდება ამხელა საზოგადოებისთვის ნამდვილად მცირედია, თუ მოვინდომებთ, თუ თანავუგრძნობთ და თუ მხარს დავუჭერთ.

“ნინო ბავშვთა სახლშია გაზრდილი. ისე მოხდა, რომ უშვილო, გაუთხოვარი ბებო ქუჩაში გაიცნო, რომელმაც სკოლაშიც კი მიიყვანა ნინო, მაგრამ მან მაღალი კლასის სასკოლო პროგრამა ვერ დაძლია და სწავლა ვერ შეძლო. 23 წლის გოგოს ღმერთმა არ მისცა ოჯახი, მშობლები, უზრუნველყოფილი ცხოვრება, მაგრამ ერთადერთი რაც უბოძა, ეს სილამაზეა.

ულამაზესი გოგო სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გახდა. ის გააუპატიურეს და შვილი შეეძინა. ის ძალადობის მსხვერპლთა პროგრამაშიც იყო, ფსიქოლოგებმა იმუშავეს. იმის გამო, რომ ნინოს შესაბამისი რესურსი არ ჰქონდა, ბავშვი მინდობით აღზრდაში გადაიყვანეს. ახლა, მისი ოცნებაა ხელობა ისწავლოს, რადგან მას უმაღლესი განათლების მიღების საშუალებები არ აქვს.

ის მუდმივად შრომობს, მოხუც ბებოს, რომელმაც შეიფარა და სახლი მისცა, არაფერს აკლებს. დადის დღიურად ბინის დალაგებებზე, უვლის სხვების ცხოველებს, ფიზიკურად სულ შრომობს. ბებოსაც უვლის და ორი კაპიკის გადადებას თავისი შვილისთვის მაინც ახერხებს. მიუხედავად იმისა, რომ მას არც შესაბამისი აღზრდა და არც განათლება აქვს, თავის პატარას ბიბლიოთეკას უგროვებს, ყიდულობს შემეცნებით სათამაშოებს, ნივთებს.

ყველაზე გულისამაჩუყებელი რაც არის, თავის ოთახში, თავისი ნაყიდი ბავშვის ცარიელი საწოლი უდგას და სჯერა, რომ დღეს თუ არა, ხვალ დაიბრუნებს… მიკვირს, როცა პატარას ფსიქიკაზე მესაუბრება – საიდან აქვს ეს ინფორმაციები მას, როგორ ეშინია, რომ მისი 3 წლის შვილი უდედოდ სტრესს მიიღებს და როგორ შრომობს, რომ შეძლოს პატარას დაბრუნება. მთხოვა, იქნებ ვინმეს ხმა მიაწვდინოთ – თეორიულ სწავლას ვერ შევძლებ და იქნებ ხელობა მასწავლონო. მას მშენებლობა, რემონტი, ელექტრობა ეხერხება. ოცნებობს, გახდეს ელექტრიკოსი.

მან თეორიულად შესანიშნავად იცის, ბავშვს რა სჭირდება, მაგრამ პრაქტიკულად არ ყოფნის ის, რასაც გამოიმუშავებს. უამრავ ადამიანზე ვწერთ, ფოტოებს ვდებთ, ვეხმარებით კიდეც, მაგრამ თითოეული ამ ოჯახის უკან დიდი საიდუმლოებები და ტკივილი იმალება. ხშირად მეუბნება, დეიდა როცა ბავშვი წამართვეს, მაშინ ჩემთან რომ ყოფილიყავი, ვიცი არ დაუშვებდიო. ეს ადამიანები ჩვენს ცხოვრებაში შემოდიან და რჩებიან. ის თვლის, რომ კანონის სახელით, რომელიც მისთვის მკაცრი აღმოჩნდა, ატყუებენ. არ უნდა გაიგოს, რომ შვილის დაბრუნების პროცესი გრძელი და რთული გზით მიდის.

პირდაპირ გეტყვით, შემიყვარდა ეს პატარა გოგო, რადგან ძალიან მშრომელია და საოცრად უვლის მოხუცს, ბავშვის მომავალს გეგმავს. ის, რაც მისთვის ხელმიუწვდომელი აღმოჩნდა, უნდა რომ მის შვილს ჰქონდეს, მაგალითად – განათლება, მაგალითად – დედის ყოლა…

ჩვენმა საქველმოქმედო ფონდმა, ჩვენს შემომწირვებელბთან ერთად, სახლის გარემონტება შეძლო, თუცა თანხა აღარ გვეყო, რომ ელემენტარული ნივთები გვეყიდა – ჩაიდანი და სარეცხის მანქანა. ის ისეთი ახალგაზრდა და ლამაზი გოგოა, ბევრჯერ მიეცა გზას აცდენის საშუალება, მაგრამ მან პატიოსანი ცხოვრება გადაწყვიტა და ამ გადაწყვეტილებას არ ცვლის, რადგან შვილის დაბრუნებას ელოდება.

რატომ არ შეიძლება, თუნდაც სამოქალაქო საზოგადოებამ მობილიზება გააკეთოს და ამ ერთი გოგოს საქმე ბოლომდე მივიყვანოთ. მას პროფესიული გადამზადება ახლა, საკვებზე მეტად სჭირდება. დაინტერესებულია, ისწავლის, იმუშავებს და ქვეყანაში ერთით მეტი ბედნიერი და შეძლებული ოჯახი გვეყოლება. ის საოცრად გულწრფელი გოგოა, არასოდეს იტყუება იცით? როცა სათქმელი არ აქვს, უბრალოდ ჩუმდება ხოლმე…” – ამბობს მაკა ხეცურიანი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა