თეგებით ძიება

ვის ექნება ზიარების უფლება, ვაქცინირებულებს, არავაქცინირებულებს თუ ორივეს?- სინოდის სხდომა დაიწყო

საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა მიმდინარეობს. როგორც სხდომაზე შესვლის წინ მღვდელმთავრებმა ჟურნალისტებს უთხრეს, განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა იქნება.

ცნობიალია, რომ ამ საკითხზე მღვდელმთავრებს შორის, აზრთა სხვადასხვაობაა.

გავრცელებული ინფორმაციით, დღესვე მოხდება 5 ეპარქიაში ეპისკოპოსების დანიშვნაც.

გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა) მიიჩნევს, რომ ვაქცინაცია უნდა ნებაყოფლობითი უნდა იყოს.

"პირადად, როგორც ერთ ადამიანს, ბუნებრივია, მაქვს აზრი იმისა, რომ ვაქცინაცია არის ნებაყოფლობითი და ასე დარჩება. ალბათ, სინოდის წევრები შეიძლება ასე ფიქრობენ, იმიტომ, რომ ეს ყველაზე საუკეთესო გადაწყვეტილებაა, რომელიც თვითონ ჯანმო-მ მიიღო," - განაცხადა გორისა და ატენის მიტროპოლიტმა ანდრიამ.

ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი, მეუფე ნიკოლოზი კი აღნიშნავს, რომ სინოდის სხდომაზე განსახილველი საკითხები მხოლოდ პატრიარქმა იცის. თუმცა მისი ვარაუდით, დღევანდელ სინოდის სხდომაზე მღვდელმთავრები კორონავირუსის ვაქცინაციაზე იმსჯელებენ.

"საკითხები, რომლებიც სინოდზე უნდა იყოს განხილული, იცის მხოლოდ პატრიარქმა, ყველა სხვა დანარჩენი, არის ვარაუდი. მე ჩემი ვარაუდი შემიძლია გამოვთქვა მხოლოდ. მე არ მახსოვს შემთხვევა, რომ წინასწარ პატრიარქს ვინმესთვის ეთქვას, რა საკითხებზე იქნება საუბარი, გარდა ერთი შემთხვევისა, პატრიარქის 30 წლის საიუბილეო აღსაყდრებისადმი მიძღვნილი სხდომა და მეორე ეს იყო ცოტა ხნის წინ ამ კორონასთან დაკავშირებით", - ამბობს მაღალი იერარქი.

მისი თქმით, ვაქცინაცია საეკლესიო საკითხი არაა.

"ვაქცინაცია, ან ვაქცინაციისგან თავის შეკავება არ შეიძლება იყოს სავალდებულო, ეს არ არის საღვთისმეტყველო საკითხი და მე ვფიქრობ, რომ ჩვენ გადავწყვიტავთ ესე, რომ ვინც გაიკეთებს ვაქცინაციას და ვინც არ გაიკეთებს ვაქცინაციას, არც ერთს და არც მეორეს ზიარების უფლებას არ ჩამოვართმევთ", - თქვა მეუფე ნიკოლოზმა.

მისივე ვარაუდით, სინოდი გადაწყვეტს, არც იმ ადამიანებს ჩამოართვას ზიარების უფლება, ვინც ვაქცინას გაიკეთებს და არც მათ, ვინც უარს იტყვის.

"არ ვიცი რა საკითხები იქნება, მაგრამ ჩემი აზრით, სავარაუდოდ, გვექნება ვაქცინაციაზე ლაპარაკი, მე ასე მგონია. დიდი იმედი მაქვს, ჩვენი სინოდი ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებს, რომ ვაქცინაცია ან ვაქცინაციისგან თავის შეკავება არ შეიძლება იყოს სავალდებულო, ეს არ არის საღვთისმეტყველო საკითხი და მე ვფიქრობ, რომ ჩვენ გადაწყვეტთ ასე: ვინც გაიკეთებს ვაქცინაციას და ვინც არ გაიკეთებს, არც ერთს და არც მეორეს ჩვენ ზიარების უფლებას არ ჩამოვართმევთ", - განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

მეუფის თქმით, პირადად ის ვაქცინას ჟურნალისტების თვალწინ გაიკეთებს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა