თეგებით ძიება

ახალგაზრდებო, გავაგრძელოთ ისტორია, რომელიც წინაპრებმა შემოგვინახეს - საქველმოქმედო ორგანიზაცია "სხვა სიცოცხლე"

საქველმოქმედო ორგანიზაცია "სხვა სიცოცხლე" გახლავთ ახალგაზრდებისგან შემდგარი გუნდი, რომელიც სითბოსა და სიყვარულს უზიარებს გარშემომყოფებს და მთლიანად ენთუზიაზმზეა დაფუძნებული.

ორგანიზაციის უპირველესი მოწოდებაა, თანამედროვე თაობაში გააღვივოს ის ქართული სულისკვეთება რაც ასე ძალიან სჭირდება ჩვენს ქვეყანას. ძირითადი მიმართულებები ღონისძიებები მოხუცთა თავშესაფრებში, ეკლესია-მონასტრების აღდგენა და მრავალშვილიან ოჯახთა დახმარებაა.

ორგანიზაცია სათავეს 2014 წლიდან იღებს, როგორც საინიციატივო გუნდი, ხოლო 2017 წლიდან იქმნება საქველმოქმედო ორგანიზაციად.

"ახალგაზრდები ერთიანი ძალებითა და საზოგადოების თანადგომით ვებრძვით იმ ეკონომიკურ თუ სოციალურ პრობლემებს, რომელიც ჩვენს ქვეყანაშია. არსებობის თითქმის ოთხი წლის განმავლობაში, ორგანიზაციის მხრიდან ჩატარდა არა ერთი საქველმოქმედო კამპანია, ჰუმანიტარული და არა მხოლოდ ჰუმანიტარული დახმარება გაუწია 1000-ზე მეტ ადამიანს. სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფ მარტოხელა დედებს, არასრულწლოვან ბავშვებსა და მოხუცებს გადაეცემოდათ პროდუქტები და ყველა სეზონის ტანსაცმელი. შემოიღობა 4 მონასტერი, ვესტუმრეთ მოხუცებულთა პანსიონატებს, ხოლო ყოველთვიურად ახალგაზრდები ვცდილობთ, რაც შეიძლება მეტი მოხუცი დავაპუროთ, რომელთაც ღია ცის ქვეშ უწევთ ცხოვრება", - აცხადებს ორგანიზაციის დამფუძნებელი გიორგი ყელბერაშვილი TIA.GE-სთან საუბარში.

- ვინ არიან ის ახალგაზრდები, ვინც ქველმოქმედებას ეწევა შენთან ერთად?

– ორგანიზაციაში, ძირითადად, ჩემი მეგობრები არიან, რომლებსაც ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე შევხვდი. ჩვენ ერთიანი ძალებით დავდივართ რეგიონებში შეჭირვებული ოჯახების დასახმარებლად, მოხუცთა თავშესაფრებში ვაწყობთ პოეზიის საღამოებს და ისევ და ისევ, უმთავრესი მაინც ჩვენი ეკლესია-მონასტრებია… ვცდილობთ, დავიცვათ ისინი.

– რას ეტყოდი შენს თაობას, ახალგაზრდებს?

– ჩემს თაობას ვეტყოდი იმას, რომ დროა, გავაგრძელოთ ის ისტორია, რომელიც ჩვენმა დიდმა წინაპრებმა შემოგვინახეს. ნუ იტყვით იმას, რომ თქვენ ეს არ გამოგივათ. მთავარია, მეტი დადებითი ემოცია გავცვალოთ ერთმანეთში და ენთუზიაზმის ნაპერწკალი არასდროს ჩამქრალიყოს. ამაყი ვარ, რომ საქართველოს შვილი ვარ და მინდა მისთვის ბევრად მეტი და ღირებული შევქმნა ჩემს თაობასთან ერთად.

– სამომავლო გეგმებზე რას გვეტყვით?

– ყველა ჩემი გეგმა ჩემს ქვეყანას უავშირდება და ვცდილობ კიდეც, წამოწყებული საქმეები უფრო და უფრო განვავითარო. გავაერთიანო უამრავი ადამიანი და მოვიდეს დრო, როცა ყველა იამაყებს ქართული გენით.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა