თეგებით ძიება

ენეაგრამა - ინდივიდის 9 ფსიქოლოგიური პორტრეტი - რომელია თქვენი?

სიტყვა «Enneagram» ბერძნული წარმოშობისაა: ennea ნიშნავს «ცხრას», ხოლო gramma – «ფიგურას». ეს პიროვნების შესწავლის ერთ-ერთი უძველესი ინსტრუმენტია, რომლის მიხედვითაც ადამიანები პიროვნების 9 ძირითად ტიპად იყოფა.

თითოეულ მათგანში დომინირებს ადრეული ბავშვობის პერიოდში ჩამოყალიბებული ერთი გარკვეული მისწრაფება, ფიქსაცია, პრიზმა, რომლის მიხედვითაც ის მსოფლიოს უყურებს.

გარემო ყველა ადამიანზე დიდი გავლენას ახდენს: მშობლები, სკოლა, საზოგადოება. სწორედ ეს გარეგანი სამყარო იქცევა "შინაგან ხმად", რომელიც აყალიბებს მისი პიროვნების ხასიათს და რწმენას.

ენეაგრამას მიხედვით ინდივიდის ფსიქოლოგიურ პორტრეტში დომინირებს 9 ტიპიდან ერთ-ერთი, იგი ფიქსირებული და უცვლელია, თუმცა, განსხვავებული სიტუაციების ზემოქმედებით ერწყმის დანარჩენ 8 ტიპს განსხვავებული ხარისხით, რაც ვლინდება ქცევის სპეციფიკურ, უნიკალურ ფორმებში.

გაეცანით ამ ტიპებს და გაიგეთ რომელი ხართ თქვენ:

ენეაგრამა - ინდივიდის 9 ფსიქოლოგიური პორტრეტი - რომელია თქვენი?


1. პერფექციონისტი
იდეალისტი მაღალი შინაგანი სტანდარტებით და ზნეობრივი პრინციპებით. დაჯილდოებულია პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობით, მაგრამ მგრძნობიარეა კრიტიკისადმი. მისი ცხოვრება განისაზღვრება იმ ღრმა რწმენით, რომ სხვა ადამიანების ყურადღება და აღიარება მხოლოდ ყველაფრის უზადოდ გაკეთებით მიიღწევა, ამიტომ ის მუდმივად ცდილობს გაუმჯობესოს საკუთარი თავი. მისთვის ძნელია სპონტანური სიამოვნების მიღება და თავისი მოვალეობების ერთი წუთით მაინც დაივიწყება. ის ასევე ბრაზდება იმაზე, როცა სხვები ივიწყებენ თავიანთ მოვალეობებს, მაგრამ ამას ღიად არასდროს ამბობს, რის გამოც მას მუდამ აწუხებს შინაგანი უკმაყოფილების გრძნობა.

2. დამხმარე
სულგრძელი, პასუხისმგებლიანი და გულუხვი. ყოველთვის მზადაა დასახმარებლად. ყველაზე მეტად სურს იყოს საჭირო, მიიღოს აღიარება, ყურადღება. ის მუდმივად ზრუნავს სხვებზე, რის გამოც საკუთარი თავი ავიწყდება. ვერ ამბობს უარს სხვების დახმარებაზე. თუ მის დახმარებაზე უარი თქვეს, თავს გარიყულად იგრძნობს. დამხმარესთვის მნიშვნელოვანია გარემოცვის აზრი. როდესაც ყურადღება აკლდება, ის თავს დაუფასებლად გრძნობს. მას უჭირს სხვებისგან დახმარების მიღება.

3. შემსრულებელი
ძალიან ენერგიული, შრომისმოყვარე, თავდაჯერებული და ამბიციური. მოსწონს ყურადღების ცენტრში ყოფნა, ადვილად ეგუება ყველა სიტუაციას, ადამიანებსა და გარემოებებს, ყველგან და ყოველთვის აჩვენებს თავის საუკეთესო მხარეს. ის დარწმუნებულია, რომ ადამიანი არის ის, რასაც აკეთებს: ამ სამყაროში ფასდება მხოლოდ ის, რასაც მიაღწევ. ამიტომ, ის კონცენტრირებულია შედეგებზე, ეფექტურობაზე და წარმატებაზე. შემსრულებლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის, თუ როგორია მისი იმიჯი სხვების თვალში და ამჩნევენ თუ არა სხვები მის მიღწევებს და წარმატებას.



4. ინდივიდუალისტი
მგრძნობიარე, შემოქმედებითი, საკუთარ თავზე ორიენტირებული პიროვნება, სამყაროს ინტენსიური აღქმით და მელანქოლიისკენ მიდრეკილებით. ინდივიდუალისტი კონცენტრირებულია ესთეტიკაზე, აუთენტურობაზე და ორიგინალურობაზე. მისთვის მნიშვნელოვანია იყოს ყველასგან გამორჩეული. ამავდროულად, მას ხშირად ეჩვენება, რომ სხვებს აქვთ ის, რაც მას აკლია, რის გამოც უჩნდება შურის და უიმედობის შეგრძნება. ის თავს გრძნობს ზედმეტად და გარიყულად.

5. დამკვირვებელი
რაციონალური, ანალიტიკური, დაკვირვებული და დამოუკიდებელი. ჩვეულებრივ არ გამოხატავს ემოციებს. როდესაც სიტუაცია იძაბება, ის თიშავს ყველა ემოციას და ცივი გონებით მოქმედებს. მას აქვს განცდა, რომ სხვებთან ახლო ურთიერთობა აცარიელებს მას, ამიტომაც ჰქმნის უხილავ ბარიერს და გადადის დამკვირვებლის როლში - თავს იკავებს აქტიური მოქმედებებისგან. მისთვის მნიშვნელოვანია რაც შეიძლება მეტი ინფორმაციის შეგროვება, სიტუაციაში გასარკვევად მას რაც შეიძლება მეტი ინფორმაციის შეგროვება სჭირდება.

6. ერთგული სკეპტიკოსი
ყურადღებიანი და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობით დაჯილდოვებული პიროვნება. ეხერხება ყველანირი პრობლემის გადაჭრა, რადგან შეუძლია ყველა შესაძლო რისკის და სხვადასხვა სცენარის წინასწარ განსაზღვრა. მაგრამ ამ თვისებების გამო, ის ხშირად მერყეობს, რადგან ყველაზე ცუდი სცენარის განვითარების ეშინია. ხშირად ის თავის აზრებსა და გრძნობებს სხვაზე აპროექტირებს, რის გამოც ხანდახან უჭირს ობიექტური რეალობის თავის გონებაში მიმდინარე მოვლენებისგან გარჩევა. ის სანამ ვინმეს ენდობა ყოველთვის საგულდაგულოდ ამოწმებს მათ და მხოლოდ ყველაფრის საგულდაგულოდ გადამოწმების შემდეგ ხდება მათი ერთგული. ის მოტივირებულია თანამშრომლობისა და ნდობის ამაღლების მიღწევის სურვილით.



7. ენთუზიასტი
ოპტიმისტი, რომელიც ყოველთვის ეძებს შთამაგონებელ ადამიანებს, იდეებსა და მოვლენებს. მისი გონება მუდმივად დაკავებულია ახალი გეგმებით და შესაძლებლობების ძიებით. დინამიურად ცხოვრების და უფრო და უფრო მეტი ახალი გამოცდილების მიღების სურვილი ხშირად იწვევს მოუთმენლობას და ერთ საკითხზე კონცენტრირების შეუძლებლობას. ენთუზიასტებს არ უყვართ შეზღუდვები, რის გამოც ხშირად ექმნებათ პრობლემები. ნეგატივის თავიდან ასაცილებლად , ის ცდილობს ყველა რთული შემთხვევა პოზიტიურ გამოცდილებად აქციოს.

8. გამომწვევი
გულახდილი, საიმედო, თავდაჯერებული და ძლიერი. ყოველთვის სურს სიტუაცის კონტროლი, ვერ იტანს სხვების მიერ სისუსტის გამოვლენას. არ უყვარს ადამიანების ჩაგვრის ყურება, ის ყოველთვის მზადა მათ დასახმარებლად. ამასთან, მისმა ტემპერამენტმა, იმპულსურობამ და უკმაყოფილების ღიად გამოხატვის უნარმა, შეიძლება ხალხს აფიქრებინოს, რომ ის აგრესორია. სინამდვილეში კი მისი მკაცრი შირმის უკან თქვენ მგრძნობიარე და მყიფე ადამიანი დაგხვდებათ.

9. მშვიდობისმყოფელი
გაწონასწორებული და მშვიდი ადამიანი, რომელიც ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ თავიდან აიცილოს კონფლიქტები და შეინარჩუნოს წონასწორობა და ჰარმონია ყველაფერში - ყოველდღიურ ცხოვრებაში და სხვებთან ურთიერთობაში. ადვილად პოულობს საერთო ენას ყველასთან, რის გამოც ხშირად თამაშობს შემრიგებლის როლს. ის თავის სურვილებს და მოთხოვნებს სხვებისას ამთხვევს, რის გამოც მას უჭირს რაიმე საკითხის მიმართ თავისი მოსაზრების ფორმულირება, მითუმეტეს თუ ის განსხვავება სხვების შეხედულებებისგან.

სტატია მომზადებულია კომპანია www.lemons.ge მიერ.

იხილეთ მათი პორტფოლიო: www.lemons.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა