დავალიანების გამო კერძო სკოლის მოსწავლისთვის სტატუსის შეწყვეტასთან დაკავშირებით კანონში ცვლილებები შედის
კერძო სკოლა უფლებამოსილი იქნება, ფინანსური დავალიანების მქონე მოსწავლეს შეუწყვიტოს მოსწავლის სტატუსი ფინანსური დავალიანების წარმოშობის სემესტრის დასრულებიდან მომდევნო სასწავლო სემესტრის დაწყებამდე.
შესაბამისი ცვლილებები „ზოგადი განათლების შესახებ” კანონში შედის, რომლის ინიციატორები უმრავლესობის წევრები შალვა პაპუაშვილი და გიორგი ამილახვარი არიან.
კანონპროექტით განისაზღვრება, რომ კერძო სკოლა ვალდებული იქნება, მოსწავლისთვის სტატუსის შეწყვეტის თაობაზე ან სხვა სკოლაში მობილობის სურვილის შემთხვევაში, გადაწყვეტილების მიღების დღესვე აღნიშნულის შესახებ წერილობით აცნობოს სამინისტროს და მოსწავლის პირადი საქმე, ასევე სხვა სკოლაში ჩასარიცხად წარსადგენი დოკუმენტაცია გადასცეს მოსწავლის მიმღებ სკოლას მოთხოვნის მიღებიდან მომდევნო სამუშაო დღეს.
ამასთან, ცვლილებებით, კერძო სკოლა ასევე ვალდებული იქნება, მოსწავლის სხვა სკოლაში მობილობის სურვილის შემთხვევაში, მოსწავლის პირადი საქმე და სხვა სკოლაში ჩასარიცხად წარსადგენი დოკუმენტაცია გადასცეს მოსწავლის მიმღებ სკოლას მოთხოვნის მიღებიდან მომდევნო სამუშაო დღეს. კანონპროექტით დაკონკრეტებულია ისიც, რომ ზემოაღნიშნული ვალდებულებების შეუსრულებლობა კერძო სკოლისათვის ავტორიზაციის გაუქმების საფუძველი იქნება.
რაც შეეხება სტატუსშეწყვეტილი მოსწავლის სხვა კერძო სკოლაში სწავლის გაუგრძელებლობის შემთხვევას, პროექტში ნათქვამია, რომ სამინისტრო კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფს სტატუსშეწყვეტილი მოსწავლისათვის საჯარო სკოლაში განათლების მიღების ხელმისაწვდომობას.
„ბოლო წლების სასკოლო პრაქტიკის თანახმად, კერძო სკოლების მოსწავლეთა მშობლები/კანონიერი წარმომადგენლები, ხშირ შემთხვევაში ეკონომიკური ან სხვა სახის პრობლემების გამო ვერ/არ ასრულებენ კერძო სკოლასთან გაფორმებული ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებას და წარმოეშობათ ფინანსური დავალინება, ხოლო კერძო სკოლას არ აქვს სამართლებრივი ბერკეტი, რომ მომსახურება შეუწყვიტოს დამკვეთს ხელშეკრულების შეუსრულებლობის გამო. ასეთ ვითარებაში, კერძო სკოლები მოკლებულნი არიან შესაძლებლობას, რეალურად მიმართონ რაიმე ქმედით ღონისძიებას. გარდა ამისა, პრაქტიკაში არის შემთხვევები, როდესაც მოსწავლეს არ აქვს ფინანსური დავალიანება, თუმცა მშობელს/კანონიერ წარმოდგენელს სხვადასხვა მიზეზის გამო აღარ სურს, მოსწავლემ სწავლა გააგრძელოს კერძო სკოლში. ასეთ შემთხვევაში, აუცილებელია ისეთი მექანიზმის შექმნა, რომელიც უზრუნველყოფს სხვა სკოლაში გადასასვლელი დოკუმენტების დროულად გადაცემას მიმღები სკოლისთვის, რათა მოსწავლეს არ წარმოეშვას ფინანსური დავალიანება. წარმოდგენილი კანონპროექტი მიზნად ისახავს ამ სამართლებრივი ხარვეზების გამოსწორებას”, – განმარტავენ კანონპროექტის ინიციატორები.