დღეს გავხდით მომსწრე, რომ ვართ სამართლებრივი, ძლიერი სახელმწიფო, მადლობა პოლიციას - ირაკლი ღარიბაშვილი
დღეს ჩვენ გავხდით მომსწრე იმისა, რომ ვართ სამართლებრივი, ძლიერი სახელმწიფო, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ნიკა მელიას დაკავების ფაქტს.
როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, ქვეყანას ჰყავს ძლიერი პოლიცია, ეფექტური შსს.
„მთავრობის სახელით, მადლობა მინდა გადავუხადო მინისტრ გომელაურს, მადლობა მთელ პოლიციას, რადგან მათ დაიცვეს სახელმწიფო ღირსება, დაიცვეს სტაბილურობა და კიდევ ერთხელ ყველას შევახსენებ, რომ ჩვენ ვართ სამართლებრივი სახელმწიფო. დღეს ჩვენმა გმირმა პოლიციამ აჩვენა უმაღლესი სტანდარტი, ის რაც არის ევროპული, ამერიკული სტანდარტების შესაბამისი. რა თქმა უნდა, ჩვენ ყველა მოქალაქის კონსტიტუციურ ფარგლებში საკუთარი აზრის გამოხატვის უფლებას დავიცავთ, ჩვენ ასე გვესმის კანონის უზენაესობა და დემოკრატიის მთავარი პრინციპები, მაგრამ, რა თქმა უნდა, იმ დათქმით, რომ ველაფერი უნდა იყოს კონსტიტუციის და კანონის ფარგლებში.
კიდევ ერთხელ, მე მინდა, მადლობა გადავუხადო შს მინისტრს, ბატონ გომელაურსა და მთელს პოლიციას, ვამაყობ თქვენით“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
შეგახსენებთ, "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ნიკა მელია, სამართალდამცავებმა 23 თებერვალს, დილით დააკავეს.
დღეს, 15:00 საათზე, მთავრობის კანცელარიასთან საპროტესტო აქცია დაანონსდა.