თეგებით ძიება

„საქართველოს ისტორიაში არასოდეს მომხდარა ასეთი სახით, ბრუტალურად დაეპატიმრებინათ მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერი“ - სააკაშვილი

„ივანიშვილის სპეცრაზმი მივა ყველგან და ყველა ლიდერთან, რომელიც იბრძვის იმისათვის, რომ საქართველო გადაარჩინოს“, - ასე გამოეხმაურა საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თანაგუნდელის, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას დაპატიმრებას.

სააკაშვილი აცხადებს, რომ საქართველოს უახლეს ისტორიაში ბოლო ათწლეულში მსგავსი პრეცედენტი არასოდეს მომხდარა.

ექსპრეზიდენტი ამბობს, რომ გარდა ბრძოლისა, სხვა გამოსავალი არ არის.

„საქართველოს ისტორიაში ბოლო ათწლეულებში არასოდეს მომხდარა ასეთი სახით ბრუტალურად, სრულიად მოგონილი მიზეზით დაეპატიმრებინათ მთავარი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარე.

მე მინდა გვესმოდეს თუ რატომ არის ივანიშვილი ასე მომართული „ნაციონალურ მოძრაობაზე“, რატომ ებრძვის ყველაზე მეტად „ნაციონალურ მოძრაობას“, რატომ იყენებს ამისთვის ყველაფერს, რათა ეს პარტია გაანადგუროს და მისი ლიდერები დააპატიმროს.

აქ საუბარი იმაზე კი არ არის, ვიღაცას მოსწონს ან არ მოსწონს ნიკა მელია, აქ საუბარი სხვა რაღაცაზეა. ეს არის მთავარი ძალა, რომლის მთავარი ამოცანა არის საქართველოს და ქართველი ერის დახსნა სიღარიბის და მონობის უღელისგან, რომელშიც ის შეიყვანა ივანიშვილმა.

ეს არის ის ძალა, რომელმაც შეძლო წარმატებული გამოცდილების შექმნა საქართველოსთვის და ამას აღიარებს მთელი მსოფლიო“, - აღნიშნა სააკაშვილმა.

ყოფილი პრეზიდენტი ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილის სპეციალური დანიშნულების რაზმი მივა ყველგან და ყველა ლიდერთან, რომელიც საქართველოს გადარჩენისთვის იბრძვის.

„ივანიშვილის სპეცრაზმი მივა ყველგან და ყველა ლიდერთან, რომელიც იბრძვის იმისათვის, რომ საქართველო გადაარჩინოს სასოწარკვეთას, უბედურებას და სიღატაკეს. ისინი ამას გააგრძელებენ. გააგრძელებენ იმიტომ, რომ მათ სხვა გამოსავალი არ აქვთ და ჩვენც სხვა გამოსავალი არ გვაქვს, თუ არა გავაგრძელოთ ბრძოლა გამარჯვებამდე.

გერმანიამ კომბოსტოს ამკრეფავებად უნდა წაიყვანოს ასი ათასამდე ქართველი და სამუდამოდ დაიტოვოს იქ, სხვა ქვეყნებმაც შეიძლება გასცეს იგივე მოწვევა, ივანიშვილი სიამოვნებით უყიდის მათ ბილეთებს, მისი მმართველობის წლებში საქართველო დატოვა 900 ათასზე მეტმა ადამიანმა.

მალე საქართველოსგან თითქმის აღარაფერი დარჩება. ეს არის მათი გეგმა, რომ არავინ შეუშალოს ხელი სასახლეების მშენებლობაში და ტკბობაში. ეს არის ქართველი ხალხის გენოციდი და ეს არის ის, რაც ჩვენს მტერს ყველაზე მეტად სურს.

ამიტომ, ჩვენ უნდა ვისწავლოთ ბრძოლის ყველანაირი პოლიტიკური მეთოდის გამოყენება, ჩვენ უნდა ვისწავლოთ საკუთარი თავის დაცვა. ჩვენ აუცილებლად უნდა მივიყვანოთ ჩვენი ბრძოლა გამარჯვებამდე და ეს ასეც იქნება, ამაში ვარ სრულიად დარწმუნებული.

ეს იქნება მძიმე ბრძოლა და ეს მოითხოვს თითოეული ქართველის მიერ იმის გაცნობიერებას, თუ რა საფრთხის წინაშე ვართ თითოეული ჩვენგანი. ვფიქრობ, ეს გაცნობიერება პრაქტიკულად უკვე მომხდარია“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ინფორმაციისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს ნიკა მელია დღეს დააკავეს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა