Aljazeera ნიკა მელიას დაკავებაზე წერს - საქართველოში არსებული პოლიტიკური კრიზისი დემოკრატიას ემუქრება
ტელეკომპანია Aljazeera საქართველოში „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის ნიკა მელიას დაკავებას ეხმაურება. ტელეკომპანია აშშ-ის ყოფილი ადმინისტრაციის წარმომადგენლის, ანალიტიკური ცენტრის Atlantic Council-ის უფროსი მეცნიერ მუშაკის მეთიუ ბრაიზას კომენტარს აქვეყნებს, რომელიც აცხადებს, რომ „დასავლეთმა საქართველოში შუამავლის როლი უფრო აქტიურად უნდა შეასრულოს, წინააღმდეგ შემთხვევაში სიტუაცია შეიძლება ძალზე სახიფათო გახდეს“.
„საქართველოში პოლიტიკურმა დაძაბულობამ იმ წერტილს მიაღწია, როდესაც ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ პარლამენტში არ შედიან, ვინაიდან საქართველოში დემოკრატიული სისტემა განადგურებულია“ - აცხადებს მეთიუ ბრაიზა.
„ანალიტიკოსებს მიაჩნიათ, რომ საქართველოში მზარდი პოლიტიკური კრიზისი ახალგაზრდა დემოკრატიას სერიოზული შედეგებით ემუქრება და თბილისის დასავლელი მოკავშირეების ჩარევის გარეშე მისი გადაჭრა ძალზე რთული იქნება“ - წერს Aljazeera.
Aljazeera-ს ინფორმაციით, ნიკა მელიას დაკავება ორშაბათს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა დააანონსა, რომელმაც განაცხადა, რომ „პოლიტიკური საქმიანობა ინდულგენციას არ ნიშნავს“.
ტელეკომპანია ასევე იუწყება, რომ თავად ირაკლი ღარიბაშვილი გავლენიანი ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილის ერთგული თანაგუნდელია. „ივანიშვილი საქართველოში ფაქტობრივ მმართველად მიაჩნიათ, მიუხედავად იმისა, რომ ის ოფიციალურად პოლიტიკაში არ მონაწილეობს“ - წერს Aljazeera.