თეგებით ძიება

დახურულ სივრცეში წიწაკის სპრეის გამოყენება არაადამიანურ მოპყრობას უტოლდება - ნინო ლომჯარია

სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას განცხადებით, სამართალდამცველების მიერ „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში სპეცოპერაციისას წიწაკის სპრეისა და გაზის გამოყენება არაადამიანურ მოპყრობას უტოლდება, რადგან დახურულ სივრცეში ადამიანებს დახმარების დაუყოვნებლივ მიღების საშუალება არ აქვთ.

„მინდა გითხრათ, რომ ყველა საერთაშორისო სტანდარტით ეს არის გაეროსა და ადამიანის უფლებების უმაღლესი კომისრის, ასევე ევროსაბჭოს წამების პრევენციის კომიტეტის, ევროპული სასამართლოსა და გაეროს სპეციალური მომხსენებლის სტანდარტებით წიწაკის სპრეის, გაზის გამოყენება იქ, სადაც არის დახურული სივრცე და ადამიანებს არ აქვთ საშუალება, რომ დატოვონ ტერიტორია და მიიღონ დაუყოვნებლივი დახმარება, უტოლდება არაადამიანურ მოპყრობასა და წამებასაც. დახურულ სივრცეში ამ გაზის გამოყენებით მიღებული ტკივილი პირდაპირ უტოლდება არაადამიანურ მოპყრობას“, - აღნიშნა სახალხო დამცველმა.

მისი თქმით, სახალხო დამცველი არ ეთანხმება ნიკა მელიას მიმართ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის გამოყენებას, რადგან სასამართლო პროცესზე მან შესაბამისი საფუძვლები ვერ დაინახა.

„ამ ვითარებას მივყავართ ჩიხისკენ. დარწმუნებული ვარ არცერთ მხარეს არ სურს ქვეყანაში იყოს ასეთი პოლარიზაცია. ხელისუფლებას მოვუწოდებ გადადგას ნაბიჯები დეესკალაციისკენ და ასეთი იქნება გათავისუფლება. ვიცი, რომ ამის სამართლებრივი მექანიზმები არსებობს და იმედია სასამართლო მიიღებს გონივრულ გადაწყვეტილებას“, - აღნიშნა ნინო ლომჯარიამ.

სახალხო დამცველი „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში ვითარების შესასწავლად და ადგილზე მოქალაქეებთან სასაუბროდ მივიდა.

შეგახსენებთ, რომ სპეცრაზმი „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში შეიჭრა და პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელია დააკავა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა