თეგებით ძიება

ასტროლოგ რამაზ გიგაურის 2021 წლის პოლიტიკურ-ეკონომიკური პროგნოზი

ასტროლოგ რამაზ გიგაურის 2021 წლის პოლიტიკურ-ეკონომიკური პროგნოზი:

მსოფლიო

2021 წელში გაგრძელდება იმ ახალი რეალობის ფორმირება და შეცვლა, რომელიც 2020 წელს დაიწყო (უნდა ვთქვათ, რომ ეს საკმაოდ ნეგატიური დაწყება იყო).

ე. წ. „გუშონ-ბარბოს“ და „განიუს“ ციკლების მიხედვით გასული ოცდაათწლიანი პერიოდის ქვედა ზღვარის პიკი იყო: 1990-98 წლებში, შემდეგ 2008-10 წლებში და მიმდინარეობს ახლა - 2019-23 წლებში. ასე რომ, ამ ციკლების მიხედვით 2021 წელი ისევ კრიზისის რეჟიმში მიმდინარეობს. თუმცა უნდა ვთქვათ, რომ 2021 წელი 2020 წელთან მნიშვნელოვნად „რბილი“ და იოლი იქნება (ზესვლა მხოლოდ 2024 წლიდან არის მოსალოდნელი).

როგორ შეიძლება განვითარდეს 2021 წელს პოლიტიკური-ეკონომიკური პროცესები?!
2021 წელში გაგრძელდება 2020 წელს შექმნილი კრიზისი, რომელსაც კოვიდის ინფექციამ და პანდემიამ დაუდო სათავე. ეს კრიზისი სხვა და სხვა მიმართულებით განვითარდება და სხვადასხვა ტიპის კონფლიქტების და კატაკლიზმების სახით გამოვლინდება. თუმცა კიდევ ერთხელ რომ ვთქვათ, 2021 წელი მნიშვნელოვნად განსხვავდება 2020 წლისგან, რადგან ის უკვე ახალი ეპოქას მიეკუთვნება. აქედან გამომდინარე, მას გარკვეული უპირატესობა გააჩნია. ის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ცვლილებები და განახლებები, რომლებიც ასე სჭირდებათ ადამიანებს, 2021 წელს აუცილებლად იქნება. სწორედ ეს ცვლილებები და განახლებები გახდება 2020 წელს დაწყებული კრიზისიდან რეალური გამოსავალი.

2020-21 წლების ერთგვარ სლოგანად (დევიზად) ამერიკული ანდაზა გამოგვადგება:

„როდესაც რაღაც დაინგრევა, დაფიქრდი თუ რისი აშენება შეიძლება დანგრეულის ადგილას“. 2020 წელმა მოიტანა სერიოზული რყევა და ნგრევა. 2021 წლიდან კი დაიწყება შენება (განსაკუთრებით მეორე ნახევრიდან). სწორედ 2021 წლის მეორე ნახევრიდან მოიმატებს კრიზისიდან თავის დაღწევის, რეალობის სასიკეთოდ შეცვლის და პოზიტიური ცვლილებების ალბათობა.

2021 წელს ყველა ის პოლიტიკური, სოციალური თუ ეკონომიკური პროცესი, რომელმაც 2020 წელს დარტყმა მიიღო და დაიშალა, 2021 წელს განვითარების ახალ გზას მოძებნის ან სამუდამოდ დასრულდება.

მსოფლიოში გააქტიურდება ის პროექტები და „სტარტაპები“, რომლებიც კრიზისის მომენტალური დაძლევის და შედეგის სწრაფ მიღებაზე იქნებიან ორიენტირებულები. 2021 წლის დასაწყისში დაწყებული პროექტები დიდი ალბათობით შედეგებს წლის მეორე ნახევარში მოიტანს, ხოლო გრძელვადიან პერსპექტივაში თავის განვითარების პიკს 2024-25 წლებში მიაღწევენ.

„ახალი ეპოქის“ დასაწყისი
მსოფლიომ 2020 წლის ბოლოს სრულიად ახალ რეალობაში შეაბიჯა. ის მთავარი ასტროლოგიური ასპექტი, რომელიც მიუთითებს ახალი რეალობის, „ახალი ეპოქის“ დასაწყისზე, იუპიტერისა და სატურნის ჰაერის ნიშანში (მერწყულში) შეერთებაა.

ეს არის „მერწყულის ეპოქის“ რეალური და საბოლოოდ დაწყება.
ეს ახალი ციკლი დაიწყო 2020 წლის 21 დეკემბერს (ზამთრის ბუნიაობას), როდესაც მერწყულის ზოდიაქოში იუპიტერი-სატურნის შეერთება მოხდა (ეს ნიშანი სწორედ ჰაერის სტიქიას მიეკუთვნება). სწორედ ეს პერიოდი შეიძლება ჩავთვალოთ ახალი ეპოქის დასაწყისად. უკან დარჩა „მიწის ეპოქა“ და იწყება სრულიად ახალი, „ჰაერის ეპოქა“.

რეალურად, 2019-21 წლები - ეს ორი დიდი „ეპოქის“ საზღვარია, როდესაც სრულდება ერთი ციკლი და იწყება მეორე. ცხადია მსგავსი გარდამავალი პერიოდები ყოველთვის კრიზისებით გამოირჩევა. რეალურად, 2020 წელმა სწორედ ეს დაადასტურა.

ამ კუთხით პირველი იმპულსი, პირველი ციკლი, როდესაც ე. წ. „ჰაერის ეპოქაში“ დავიწყეთ შესვლა, ჯერ კიდევ 1980 წელს დაიწყო, სწორედ ამ დროს, პირველად ბოლო 180 წლის მანძილზე იუპიტერისა და სატურნის შეერთება ჰაერის სტიქიის ნიშანში მოხდა (მაშინ ეს შეერთება სასწორის ზოდიაქო იყო). ამან მომდევნო 20 წელი ჰაერის სტიქიის ენერგიით „აავსო“, რამაც მსოფლიოს პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ ცხოვრებაში უდიდესი ცვლილებები გამოიწვია. იქიდან გამომდინარე, რომ ამ შეერთების გავლენა 20 წელს გრძელდება. 1980 წელს დაიწყო ოცწლიანი ციკლი, რამაც მსოფლიო პოლიტიკური წესრიგი შეცვალა.

1980-2000 წლებში განვითარებულმა მოვლენებმა მთელ მსოფლიოს დაანახა ახალი ეპოქის პრეზენტაცია, გამოიკვეთა მისი ენერგეტიკა, პროგრამები, იდეები, წამყვანი ფასეულობები და ტენდენციები. ანუ იმ გეოპოლიტიკურმა მოვლენებმა, რომლებიც ამ პერიოდში მსოფლიოში მოხდა, გარკვეულწილად, მსოფლიოს მომავალი განსაზღვრეს. ეს იყო ახალი პერიოდის, „ახალი ეპოქის“ წინაპერიოდი. თვით „ახალი ეპოქა“ კი 2021 წლიდან დაიწყება.

„ეპოქების ცვლა“ (რომელიც 2020 წლის 21 დეკემბერს იუპიტერისა და სატურნის შეერთებით აღინიშნა,) რეალურად, 2021 წლიდან დაიწყება. თუმცა ამ ცვლით გამოწვეულმა კრიზისმა შეიძლება საკმაოდ დიდი პერიოდი გასტანოს. ახალი რეალობის ფორმირებას კი წლები დასჭირდება.

2021 წლის მთავარი ასტროლოგიური ასპექტი:
2021 წლის მთავარ ასტროლოგიურ ასპექტად (კავშირად) უშუალოდ სატურნისა და ურანის კვადრატული ასპექტი მოიაზრება.

აღსანიშნავია, რომ ეს ასპექტი კარგად შეეფერება ამ პერიოდს და ეპოქების მიჯნის სირთულეებს. იგი განასახიერებს ძველისა და ახლის ჭიდილს, უთითებს ცვლილებების აუცილებლობაზე, რომლებიც უკვე არსებული წესებს და ცხოვრების სტილს შეეხება. გარდა ამისა, ეს ასპექტი ხელს უწყობს ახალი იდეებისთვის ხორცის შესხმას.

ასტროლოგიაში სატურნი - ძალაუფლების, სისტემის სიმბოლოა. ურანი კი განახლება, რევოლუცია, რეფორმები, გათავისუფლება და დამოუკიდებლობაა. ამგვარად, ეს ასტროლოგიური ასპექტი 2021 წელს უთითებს ძალაუფლების სისტემაში განახლებაზე, რეფორმებზე და რევოლუციებზეც კი. რიგ შემთხვევებში ის აღნიშნავს ძალაუფლებისათვის და გავლენის მოპოვებისთვის ბრძოლას. ახალი იდეები, გარკვეულწილად, ახალ ფორმებს შეიძენენ და რეალიზებას შეძლებენ. ასევე, სატურნი, როგორც შეზღუდვების და კონტროლის სიმბოლო, გამოიწვევს განახლების და რეფორმატორული იდეების უხეშად შეჩერების პრეცედენტებს. ეს არის ძველისა და ახლის ბრძოლა და ეს ბრძოლა იქნება როგორც პოლიტიკაში, ისე ეკონომიკაში, ბიზნესში, საზოგადოებრივ ცხოვრებაში თუ სოციალურ კავშირებში.

2021 წელს ბევრ ქვეყანაში გაგრძელდება ხელისუფლებისთვის ბრძოლა და არ არის გამორიცხული ბევრ ქვეყანაში ხელისუფლება შეიცვალოს (ეს პირველ რიგში დიქტატორულ და ავტოკრატიულ ხელისუფლებებს შეეხება). თუმცა არ გამოირიცხება ზოგიერთი ქვეყნის ხელისუფლების მხრიდან ოპონენტების მკაცრი ზომების გატარება და საპროტესტო გამოსვლების ძალით ჩახშობა (ამ დროს არ გამოირიცხება მსხვერპლიც).

პირველი კვარტალი
2021 წლის პირველი კვარტალში მოვლენათა უმეტესობა 2020 წლის საზოგადოებრივი კონფლიქტების და მსხვილი პოლიტიკური მოვლენების გამოძახილი იქნება. სწორედ ამის გამო წლის დასაწყისი საკმაოდ დაძაბული და რთული იქნება.

ამ ნეგატიურ გავლენას კიდევ უფრო გააძლიერებს მარსი-ურანის შეერთება (7-31 იანვარი). ასე რომ, პირველ კვარტალში და განსაკუთრებით იანვარში მსოფლიოს პოლიტიკურ არენას სერიოზული ცვლილებები ელის. ამ პერიოდში გარდა იმისა, რომ რთული მდგომარეობა იქნება ვირუსული ინფექციების კუთხით, ასევე მოიმატებს კრიმინალის, ტერორისტული აქტების, სამხედრო შეტაკებების და სერიოზული ტექნიკური ავარიების ალბათობა.
პირველი კვარტალი ბევრი ქვეყნის ხელისუფლებისთვის კარდინალური ცვლილებებს მომტანი აღმოჩნდება. ისინი იძულებულები იქნებიან რეფორმები სასწრაფო რეჟიმში განახორციელონ (ან დაიწყონ მაინც), წინააღმდეგ შემთხვევაში არ არის გამორიცხული, რომ მართვის სადავეები ხელიდან გაექცეთ.

ყურადღებას ითხოვს ტექნიკის ექსპლუტაციაში შესვლის მომენტი. ამ კუთხით გაზრდილი იქნება შეცდომების დაშვების ალბათობა, რაც მოსალოდნელია კატასტროფის მიზეზიც კი გახდეს (მათ რიგს ასევე შესაძლოა მივაკუთვნოთ ეკოლოგიური კატასტროფებიც). ეს პერიოდი ნეგატიურად აისახება ბევრ სახელმწიფოში არსებულ ეკონომიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაზე. მოსალოდნელია ვალუტის კურსის არასტაბილურობა და ფულის გაუფასურება.

მიუხედავად იმისა, რომ თებერვლის დასაწყისიც არ იქნება იოლი, მთლიანობაში საერთო სიტუაცია დამშვიდებას სწორედ თებერვლიდან დაიწყებს. 8-9 თებერვლიდან შესაძლებელი გახდება როგორც გასული წელში, ასევე იანვარში დაწყებული კრიზისებზე კონტროლის დამყარება და მათი აღმოფხვრის დაწყება.

სხვადასხვა მიმართულებით გაჩნდება საშუალება გადაიჭრას მთელი რიგი პრობლემები და გადაილახოს წინაღობები. თებერვლის მეორე ნახევრიდან ადამიანებში გაძლიერდება სასიცოცხლო პოტენციალი, მოსალოდნელია ვირუსული ინფექციების დაღმასვლა, პოლიტიკური და ეკონომიკური სფეროები კი პირიქით, აღმასვლას დაიწყებს. ამგვარად პირველი კვარტლის ბოლოს უნდა ველოდოთ ახალი პოზიტიური ტენდენციების ჩამოყალიბებას, სახელმწიფოებს შორის ურთიერთობების დალაგებას და სხვადასხვა ქვეყნების ლიდერებს შორის ნაყოფიერ თანამშრომლობას.

მეორე კვარტალი
მთლიანობაში ეს 2021 წლის ყველაზე ჰარმონიული პერიოდი იქნება. ამ დროს ადამიანების მოქმედებები უფრო ეფექტიანი გახდება, პრობლემების მოგვარებისას უპირატესობას დიპლომატიას მიანიჭებენ და კომპრომისზეც იოლად წავლენ. ადამიანებში მოიმატებს შემოქმედებითი აქტიურობა. გაუმჯობესდება ბიზნესთან, ფინანსებთან და ნებისმიერ სხვა საქმიან სფეროსთან დაკავშირებული საკითხები. როგორც პირად, ისე სახელმწიფოებრივ დონეზე გააქტიურდება მეგობრული ურთიერთობები.

არ გამოირიცხება სწორედ ამ დროს მოხდეს მნიშვნელოვანი შეთანხმებები და საერთაშორისო შეხვედრები, რომლებიც ხელს შეუწყობენ პოლიტიკურ სტაბილურობას, ეკონომიკურ განვითარებას და ფინანსურ კეთილდღეობას. მსოფლიო ეკონომიკურ ბაზარზე მოსალოდნელია ახალი სასიკეთო ტენდენციების განვითარება, ახალი ინვესტიციების მოზიდვა, საერთაშორისო კავშირების დამყარება და ახალი საქმიანი გარიგებების დადება.

სწორედ ამიტომ მეორე კვარტალი ბევრ ადამიანისთვის პოზიტიური ცვლილებების, ასევე საკუთარი შემოქმედებითი და საქმიანი პოტენციალის რეალიზების ეტაპი გახდება. თუმცა 8-12 აპრილის, 26-28 აპრილის, 10-11 მაისის შუალედში მოსალოდნელია გარკვეული სირთულეები წარმოიქმნას. ამ დროს კარდინალური ცვლილებების განხორციელება და ახალი საქმეების დაწყება რეკომენდებული არ არის.

მეორე კვარტალში ასევე შესაძლებელი გახდება ხელოვნებასთან და შემოქმედებით საქმიანობებთან დაკავშირებით ახალი პროექტების წამოწყება ამ მიმართულებით სერიოზული წარმატებების მიღწევა.
ამ პერიოდის დასასრულს სხვადასხვა ქვეყნებში მოიმატებს სამთავრობო ცვლილებების ალბათობები, თუმცა ეს გარკვეულ კრიზისების წარმოქმნას უკვე მესამე კვარტალში შეუწყობს ხელს.

მესამე კვარტალი
მესამე კვარტალი საკმაოდ დაძაბული იქნება. განსაკუთრებით 26 ივნისიდან - 12 ივლისამდე შესაძლებელია მოხდეს მსხვილი სამხედრო პროვოკაცია, ტერორისტული აქტები, პოლიტიკური უთანახმოებები და საზოგადობრივ ცხოვრებაში კონფლიქტები. ადამიანების მღელვარება, საპროტესტო გამოსვლები, გაფიცვები და ასევე ეთნიკური თუ რელიგიური კონფლიქტები ბევრი ადამიანის ცხოვრებაზე ნეგატიურად აისახება. ამ პერიოდში მერყევი იქნება ვალუტის კურსი და მსოფლიო საერთაშორისო ბირჟაზე მოსალოდნელია სერიოზული რყევები. არ არის გამორიცხული ბევრ ქვეყანაში სახელისუფლო კრიზისი ან პოლიტიკური გადატრიალებები (განსაკუთრებით იქ, სადაც ხელისუფლება მანამდე გარკვეულ რყევებს განიცდიდა). ბუნებრივია, ეს ნეგატიურად აისახება ბიზნესზე და ეკონომიკაზე. შეაფერხებს ტექნიკურ პროგრესს. სიტუაცია შედარებით დამშვიდდება ივლისის მეორე ნახევრიდან და აგვისტო მთლიანობაში მშვიდი უნდა გამოდგეს. ამ დროს ბევრი ნეგატიური ტენდენცია აღმოიფხვრება და კვლავ გაჩნდება განვითარების და წინსვლის შანსი. ასევე ნაყოფიერი იქნება სექტემბერიც. მიუხედავად პერიოდი დაძაბულობისა, შემოდგომის დასაწყისში განვითარებული მოვლენები საერთაშორისო პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ ცხოვრებაზე.

მეოთხე კვარტალი
მეოთხე კვარტალი ძალიან არასტაბილური და რთული პერიოდი იქნება. ეს საგრძნობი განსაკუთრებით ოქტომბრის მეორე ნახევრიდან გახდება და მთელი ნოემბრის განმავლობაში შენარჩუნდება. ამ დროს დაშვებული შეცდომები წლის ბოლოს მოიყრის თავს და სიტუაციას გაართულებს. ამიტომ ამ პერიოდის გავლა ყველას წინდახედულად მართებს. მოიმატებს საბედისწერო შეცდომების, ტექნიკური ავარიების და ხანძრების ალბათობა.
დაიძაბება ურთიერთობები როგორც ჩვეულებრივ ადამიანებს, ისე სახელმწიფოებს შორის. ოქტომბრის ბოლოდან მოსალოდნელია ახალი რყევები მსოფლიო ეკონომიკასა და ბიზნესში. განსაკუთრებულ ყურადღებას ითხოვს ოქტომბრის მეორე ნახევარი და ნოემბრის პირველი ნახევარი. ამ დროს გართულდება შეთანხმებების მიღწევა, მოლაპარაკებები, თუმცა გაძლიერდება პოლიტიკური დაპირისპირებები. ბევრ ქვეყანაში მოსალოდნელია ინტრიგები და პოლიტიკური სკანდალები. არ არის გამორიცხული მთელ რიგ ქვეყნებში მთავრობების გადადგომა და აუცილებელი პოლიტიკური რეფორმებიც ვიხილოთ.

შედარებით ჰარმონიული იქნება ოქტომბრის პირველი ნახევარი და დეკემბერი. ამ დროს შესაძლებელი იქნება დიპლომატიური გზით პრობლემების მოგვარება და რთული საკითხების გადაჭრა.

2021 წლის ძირითადი ასტროლოგიური ტენდენციები:
• პოლიტიკურ-ეკონომიკური თვალსაზრისით 2021 წელს ყურადღებას ითხოვს მარსის შეერთება ურანთან და ასევე მასთან დაძაბული კავშირები. ეს ძალიან დაძაბულ და სახიფათო პერიოდებადაც კი შეიძლება მოვიაზროთ. ეს პერიოდებია: 8-31 იანვარი, 25 ივნისი - 12 ივლისის და ასევე 11-24 ნოემბრის შუალედი. ამ დროს მოიმატებს კონფლიქტების, დაპირისპირების, შეიარაღებული შეტაკების, ტერაქტების, ტექნიკური ავარიების და კატაკლიზმების ალბათობა. ამ პერიოდებში ყველას სიფრთხილე და წინდახედულება მართებს.

• 1 იანვრიდან - 13 მაისამდე და ასევე 28 ივლისიდან - 2021 წლის ბოლომდე გამარჯვების პლანეტა იუპიტერი მერწყულის ზოდიაქოში იმოძრავებს. ამ პერიოდში გააქტიურდება მეგობრული ურთიერთობები, ურთიერთგაგება, სიახლეებისკენ და რეფორმებისკენ სწრაფვა. მოიმატებს სოციალური ცვლილებების ალბათობა. 14 მაისიდან - 27 ივლისამდე იუპიტერი თევზების ზოდიაქოში იმოძრავებს. ამ პერიოდში გააქტიურდება ემოციურობა, გულუხვობა, ზღვარგადასული თანაგრძნობა და სხვების დახმარების სურვილი (ეს ტენდენციები გაგრძელდება 2022 წელსაც).

• მთელი 2021 წლის განმავლობაში პლანეტა სატურნი მერწყულის ზოდიაქოში იმოძრავებს. მისი კოსმობიოლოგიური გავლენა ადამიანებისგან „მოითხოვს“ ობიექტურობას, არასტანდარტულობას, შემზღუდველი ჩარჩოების გარღვევას და ჯგუფურ მუშაობას.

• რაც შეეხება შავი მთვარის გავლენას - ის 18 ივლისიდან კუროს ზოდიაქოდან ტყუპის ზოდიაქოში გადაინაცვლებს. აქედან გამომდინარე, ის კრიზისები და პრობლემები, რაც ფინანსურ-მატერიალურ სფეროში 2020 წლის შემოდგომიდან გააქტიურდა, სწორედ 2021 წლის 18 ივლისის შემდეგ აღმოიფხვრება. თუმცა ეს კრიზისები უკვე კომუნიკაციის, ტრანსპორტის სფეროში და ასევე ურთიერთობებში იჩენს თავს.

• 2021 წელს მზის ორი დაბნელება დაფიქსირდება: 10 ივნისს (რგოლური) და 4 დეკემბერს (სრული). რაც შეეხება მთვარის დაბნელებას, ისიც ორი იქნება: 26 მაისს (სრული) და 19 ნოემბერს (ნაწილობრივი).
გეოპოლიტიკური სამკუთხედი:

ამერიკა - 2021 წელი
2021 წელს ამერიკის მუნდანურ და პროგნოზირებად ჰოროსკოპებში დომინანტი იქნება პლანეტა მარსის გავლენა, რომელიც მონაწილეობას იღებს მნიშვნელოვან ასპექტებში და ასევე დაბნელებებში. ეს მიანიშნებს ამერიკისთვის 2021 წელი დინამიკური და რიგ მომენტებში აგრესიულიც იქნება. ეს განსაკუთრებით საგრძნობი იქნება ხალხის მხრიდან.

ამაზე მიანიშნებს დირექციული მარსისა და მუნდანური მთვარის შეერთება. ასე რომ, 2021 წელი მთლიანობაში პოზიტიური არ იქნება ამერიკისთვის და ამას განსაკუთრებით უბრალო ხალხი იგრძნობს. არ არის გამორიცხული, რომ 2021 წელს გაგრძელდეს ხალხის ის მღელვარება, რომელსაც 2020 წელს ამერიკაში ჰქონდა.
გარდა ამისა, პერიოდები, როდესაც დაბნელებები ტყუპებისა და მშვილდოსნის ზოდიაქოში ხდებოდა, თითქმის ყოველთვის ამერიკისთვის სერიოზული საერთაშორისო კონფლიქტის მომასწავებელი იყო. შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ეს იქნება მაღალი სოციალური და პოლიტიკური დაძაბულობის პერიოდი (ამის ალბათობა განსაკუთრებით მოიმატებს მაის-ივნისში და შემდეგ უკვე ნოემბერ-დეკემბერში). გარდა ამისა, მოსალოდნელია ეს იყოს გარკვეული პრობლემები კიბერუსაფრთხოების თვალსაზრისით. ამერიკის ფედერალურ ბიუროს და შესაბამის სამსახურებს მოუწევთ სერიოზული მუშაობა, რომ აღკვეთონ უცხოელი ჰაკერების მიერ ამერიკის სამსახურებზე კიბერთავდასხმა და ინფორმაციის მოპარვა.

ამერიკის ტრანზიტულ ჰოროსკოპში მოხდება ტრანზიტული პლუტონი თავის ადგილზე დაბრუნება (2021-23 წლებში). ეს ამერიკისთვის როგორც მსოფლიო ლიდერისთვის განსაკუთრებული პერიოდი იქნება, რადგანაც პლუტონი ასტროლოგიაში „პასუხს აგებს“ ძალაუფლებაზე. ასევე ეს არის ნგრევა-შენების და ტრანსფორმაციის ენერგია, რომელიც შეეხება ყველაფერს, რაც ხელს უშლის ევოლუციურ განვითარებას. შეიძლება ითქვას, რომ სწორედ 2021-23 წლებში გადაწყდება შეძლებს თუ ამერიკა შეინარჩუნოს ლიდერის პოზიცია თუ ვერ მოახერხებს საჭირო რეფორმების გატარებას, განვითარებას, ტრანსფორმაციას, შესაძლებელია, რომ მას ჩინეთმა გადაუსწროს.
აქვე უნდა ითქვას, რომ პლუტონი ამერიკის მუნდანურ ჰოროსკოპში მე-2 სახლშია (ფინანსები) და მართავს მე-12 სახლს (შეზღუდვები), ამიტომ მნიშვნელოვანი და აუცილებელი იქნება ეკონომიკასთან და ფინანსებთან დაკავშირებული რეფორმების გატარება, რომლებიც პირველ რიგში საგრძნობი ხალხისთვის უნდა გახდეს. ამერიკის ახალი პრეზიდენტი თუ ამ რეფორმების გატარებას 2021 წელსვე ვერ შეძლებს, მოსალოდნელია ხალხში უკმაყოფილების დონე გაიზარდოს და ეს საპროტესტო გამოსვლების მიზეზიც გახდეს (მითუმეტეს, რომ ტრანზიტული სატურნი ამერიკის მუნდანური ჰოროსკოპის მე-2, ანუ ფინანსურ სახლში მოძრაობს). ასე რომ, 2021 წელს ამერიკისთვის მნიშვნელოვანი ეკონომიკის, ბიზნესის განვითარება და ახალი სამუშაო ადგილების შექმნა იქნება.

რუსეთი - 2021 წელი
2021 წლის რუსეთის მუნდანურ ჰოროსკოპში სერიოზულ დაძაბულობას ვხედავთ. მოხდება პლუტონისა და სატურნის შეერთება, რაც რუსეთის კრიზისის კიდევ უფრო გაძლიერებაზე უთითებს. ამასთანავე, სისტემურ დონეზე ტრანსფორმაციის და ცვლილებების აუცილებლობაზე მიგვანიშნებს.

ტრანზიტული იუპიტერ-სატურნის შეერთება, რომელიც ახალი ეპოქის დასაწყისის სიმბოლური გამოხატულებაა, თავის მხრივ რუსეთის ჰოროსკოპში შეუერთდება ჯერ მე-5 სახლის კუსპიდს, ანუ საწყის წერტილს (ლიდერის ძალაუფლება), შემდეგ კი მთვარეს (ხალხი, ქვეყნის ტერიტორია). ეს კი მიანიშნებს, რომ ცვლილებები შეეხება უპირველესად ხალხს, რომელიც კიდევ უფრო გააქტიურდება და მოიმატებს ხელისუფლების და ხალხის დაპირისპირების ალბათობაც (რომლის ნიშნებიც უკვე 2020 წელს შეიმჩნეოდა).

რუსეთის ჰოროსკოპში წლის ასევე მთავარი ასპექტი იქნება სატურნ-ურანის კვადრატი და აქედან უნდა გამოვყოთ სატურნ-მთვარის შეერთება, რომელიც სიმბოლურად გამოხატავს შეზღუდვებს, სიძნელეებსა და პრობლემებს. რაც შეეხება ურანს - ეს არის პროტესტი, რევოლუცია, განახლება და ექსტრემალური სიტუაცია. მითუმეტეს, რომ ურანი რუსეთის ჰოროსკოპის მე-8 სახლში იმოძრავებს - კრიზისის და ტრანსფორმაციის სახლში. ამ ასპექტის პიკი 2021 წლის იანვარ-თებერვალი იქნება. ასე რომ, შეიძლება ითქვას, რომ 2021 წლის დასაწყისი რუსეთისთვის რთული და დაძაბული უნდა აღმოჩნდეს.

2021 წელს რუსეთის ჰოროსკოპში ურანი შეუერთდება ვენერას და ეს ფინანსურ საკითხებში სერიოზულ ცვლილებებზე მიანიშნებს. არ არის გამორიცხული რუსეთში კიდევ უფრო გამძაფრდეს ფინანსური კრიზისი ან რაიმე საერთაშორისო ფინანსური პროექტთან დაკავშირებით მთელ რიგ პრობლემებს წააწყდეს (არ არის გამორიცხული ეს გაზსადენებთან დაკავშირებული პრობლემები იყოს). ამის ალბათობა განსაკუთრებით მაღალი იქნება ივლისიდან - ოქტომბრამდე პერიოდში.

რუსეთის ჰოროსკოპში 2021 კიდევ ერთი ძირითადი ასპექტი ნეპტუნ-მზის ნეგატიური ასპექტია, რომელიც მიანიშნებს, რომ რუსეთის ხელისუფლება მოსალოდნელია რთულ, ქაოსურ სიტუაციაში აღმოჩნდეს. ნეპტუნის ნეგატიური გავლენა ასევე მიანიშნებს ეპიდემიოლოგიურ საფრთხეზე, ბუნებრივ კატაკლიზმებზე, ენერგეტიკაზე (ნავთობი, გაზი), ნაციონალურ-იდეოლოგიური საკითხებზე. ამ მიმართულებით რუსეთს გარკვეული საფრთხე შეექმნება და ამის ალბათობა ჯერ მარტ-აპრილში და შემდეგ უკვე სექტემბრიდან - დეკემბრის ბოლომდე იქნება.
2021 წელი რუსეთისთვის კიდევ ერთი კუთხით არის საინტერესო. მისი ამჟამინდელი პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ქვეყნის სათავეში 2000 წელს მოვიდა, როდესაც იუპიტერი-სატურნის 20 წლიანი ციკლი დაიწყო (მისი ინაუგურაცია 2000 წლის 7 მაისს შედგა, ხოლო იუპიტერ-სატურნის შეერთება იმავე წლის 28 მაისს იყო). მორიგი იუპიტერ-სატურნის შეერთება იყო 2020 წლის 21 დეკემბერს, რითაც ახალი 20 წლიანი ციკლი დაიწყო. ეს კი როგორც პუტინის ცხოვრებაში (ასევე რუსეთის პოლიტიკურ ცხოვრებაში) გარკვეულ ცვლილებებზე მიანიშნებს და დიდი ალბათობით ეს ცვლილებები როგორც რუსეთის პრეზიდენტისთვის, ისე მთლიანად რუსეთისთვის ნამდვილად არ იქნება სასიკეთო. 2020 წლის ბოლოს რუსეთის პრეზიდენტის ცხოვრებაში დაიწყო შვიდწლიანი ციკლი, რომელიც ძალაუფლების დაკარგვის ალბათობაზე მიანიშნებს.

საქართველო - 2021 წელი
ბუნებრივია, ყველა ის პოლიტიკური თუ ეკონომიკური ტენდენცია თუ ცვლილება, რომელიც 2021 წლისთვის იქნება დამახასიათებელი, საქართველოზეც აისახება.

მუნდანური ჰოროსკოპის მიხედვით 2021 წელი საქართველოსთვის იოლი არ იქნება. ერთ-ერთი მთავარი ტენდენცია ცხადია, პოლიტიკური, უფრო სწორედ კი ხელისუფლებისთვის ბრძოლა იქნება.

როგორც საქართველოს (მუნდანური), ისე ორი რეალური პოლიტიკური მხარის -ბიძინა ივანიშვილის და მიხეილ სააკაშვილის პირადი ჰოროსკოპების მიხედვით შეიძლება გამოვყოთ ორწლიანი პერიოდი: 2020 წლის ზაფხულიდან - 2022 წლის ზაფხულამდე. სწორედ ამ ორწლიან პერიოდში გაირკვევა საქართველოში ბევრი რამ. შეიძლება ითქვას, 2022 წლის ზაფხულამდე ერთ-ერთი მხარე გამარჯვებულის სასწორს თავისკენ საბოლოოდ გადახრის. მათ პროგნოზირებად ჰოროსკოპებში დომინანტი პლანეტები მარსი და პლუტონია, რაც აქტიურ, დინამიკურ განვითარებაზე და ძალისმიერ მეთოდებზე მიანიშნებს (არ არის გამორიცხული ამ ყველაფერს ერთ-ერთი მათგანის ჯანმრთელობის გართულებაც დაერთოს). ამ დაპირისპირებაში პირდაპირ ან ირიბ მონაწილეობას მიიღებს პოლიციური ან სხვა გასამხედროებული სისტემები, რაც ამ დაპირისპირებას კიდევ უფრო რთულს და შეიძლება ითქვას, რომ სასტიკს გახდის.

ასე რომ, საქართველოს წინ პოლიტიკურად რთული მინიმუმ, 1,5 წლიანი პერიოდი ელის, რომელიც პოლიტიკურ არენას გარკვეულწილად გადაალაგებს და ახალი რეალობის ფორმირებას დაუდებს სათავეს (არ გამოირიცხება, ამ პოლიტიკური ბრძოლის შემადგენელ ნაწილში რომელიმე პოლიტიკოსის ან სხვა ცნობილი ადამიანის დაკავებაც მოხდეს, რომლის საფუძველი 2020 წელში ან უფრო ადრე განვითარებული მოვლენები იქნება).
რაც შეეხება სხვა ტენდენციებს. ბუნებრივია, მიმდინარე გართულებული ეპიდემიოლოგიური ვითარება 2021 წელშიც გაგრძელდება. საერთო მდგომარეობის გამოსწორება შესაძლოა ორ ეტაპად ვივარაუდოთ: პირველი - თებერვალ-მარტიდან და მეორე - ზაფხულიდან.

2021 წელს ბუნებრივია, მნიშვნელოვანი იქნება ხალხის ფაქტორი (მუნდანურ ასტროლოგიაში ამაზე მიანიშნებს მთვარის პოზიცია). თუმცა 2020 წელთან შედარებით ხალხის პოზიცია უფრო სუსტად იქნება გამოხატული. არ არის გამორიცხული უფრო გააქტიურდეს საქალაქო და სასოფლო მუნიციპალიტეტების საქმიანობა. 2021 წელს ამ მიმართულებით მოსალოდნელია განვითარების ახალი იმპულსები და ძალაუფლების გარკვეული ნაწილის რეგიონებისთვის გადაცემაც მოხდეს ან დაიწყოს ახალი პროექტები, სადაც რეგიონების უფრო მეტი ჩართულობა იქნება.

2021 წელს (განსაკუთრებით თებერვალ-მარტიდან) ყველაზე მნიშვნელოვანი თემა უცხოეთი გახდება. კონკრეტულად, მოსალოდნელია ტურიზმთან და საერთაშორისო ფრენებთან დაკავშირებით ახალი პოზიტიური რეგულაციების დაწესება. სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო გადაზიდვების კიდევ უფრო გააქტიურება.
მოსალოდნელია გარკვეული სიახლეები უმაღლეს განათლებასთან, უნივერსიტეტებთან და საერთოდ, განათლების სისტემასთან დაკავშირებით. სიახლეებს უნდა ველოდოთ სასამართლოსთან და მოსამართლეებთან დაკავშირებითაც. შესაძლებელია „ხმაურიანი“ საქმეების გამჟღავნება ან ამ მიმართულებით გარკვეული პროტესტის გამოხატვა.

2021 წელს ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ტენდენცია იქნება საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან საქართველოს პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ ცხოვრებაში უფრო მეტი ჩართულობა. არ არის გამორიცხული სასიკეთო სიახლეები საერთაშორისო ორგანიზების მხრიდან, ფინანსური თუ სხვა სახის დახმარება. თუმცა ეს არ გამორიცხავს მათი მხრიდან სერიოზულ მოთხოვნებს ხელისუფლების მიმართ. ამერიკის თუ ევროკავშირის მხრიდან მოსალოდნელია მთელი რიგი პრეტენზიებიც ვიხილოთ. რეალურად, საქართველოს ხელისუფლებას მოუწევს სერიოზული შრომა, რომ უცხოელი პარტნიორების თუ მეგობრების მხრიდან ნაკლები პრეტენზიები მიიღონ და შესაძლო სასიკეთო ცვლილებები ეფექტიანად გამოიყენონ (უფრო სწორად, საქართველო ამ ცვლილებებისთვის მზად აღმოჩნდეს).

2021 წელს ტრანზიტული იუპიტერი საქართველოს მუნდანურ ჰოროსკოპში მე-8, ხოლო ტრანზიტული სატურნი - მე-7 და მე-8 სახლში იმოძრავებს. ეს მიანიშნებს, რომ 2021 წელი საქართველოსთვის მნიშვნელოვანი იქნება რეგრესის შეჩერება და შექმნილი კრიზისების აღმოფხვრა. ძალიან მნიშვნელოვანი გახდება ქვეყნის საერთაშორისო ინსტიტუტებთან აღებული ფინანსური ვალდებულებები (კრედიტები, ტრანშეები, სესხები და გრანტები). არ არის გამორიცხული გარკვეული ჩარევა მოითხოვოს ფისკალურმა და ვალუტის კურსთან დაკავშირებულმა საკითხებმა. ასევე მიანიშნებს სხვა და სხვა ტიპის დაპირისპირებაზე ოპონენტებთან და ღია მტრებთან (ცხადია აქ უპირველესად რუსეთთან არსებული დაპირისპირება იგულისხმება). რუსეთის მხრიდან ნეგატიური გავლენის ალბათობა მთელი 2021 წლის განმავლობაში შენარჩუნდება.

მთლიანობაში, 2021 წელი საქართველოს პოლიტიკურ-ეკონომიკურ ცხოვრებაში შეიძლება ითქვას, რომ დაწყებული ტენდენციების დალაგების პერიოდი იქნება. ეს განსაკუთრებით საგრძნობი გახდება ეკონომიკაში, რადგან შექმნილი კრიზისები მოითხოვენ მომენტალურ რეაგირებას, წინააღმდეგ შემთხვევაში ამ კრიზისებმა ეკონომიკას შესაძლოა გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს.

საქართველოსთვის რთული შემდეგი პერიოდები იქნება: იანვარი, თებერვლის პირველი ნახევარი, მარტის მეორე ნახევარი, აპრილის პირველი ნახევარი, ივნისის ბოლო, ივლისის პირველი ნახევარი, სექტემბრის მეორე ნახევარი, ნოემბრის პირველი ნახევარი, დეკემბრის მეორე ნახევარი. ამ პერიოდებში საქართველოს ხელისუფლებას წინდახედულობის, სიფრთხილის და ყურადღების გამოჩენა მართებს, რათა ქვეყნის პოლიტიკური და ეკონომიკური ცხოვრება მშვიდ და უსაფრთხო ტემპში წარიმართოს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა