რას გვიამბობს ადამიანის თვალის ფერი?
ადამიანის ხასიათის შესახებ მისმა მანერებმა, ჟესტებმა, სიარულმა და სახის ნაკვთებმა შეიძლება ბევრი რამ გვიამბოს, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ყველაზე მეტი ინფორმაციის მოწოდება თვალებს შეუძლიათ.
ტყუილად არ ამბობენ, რომ „თვალები სულის სარკეა". უძველესი ტრაქტატები ფიზიოგნომიკის შესახებ გვირჩევს, რომ ადამიანის შესწავლა მისი თვალებიდან დავიწყოთ, ვინაიდან ინფორმაციის უმეტესობას, რომლის წყალობითაც ადამიანი ვითარდება, თვალებით აღიქვამს.
მიუხედავად იმისა, რომ თითოეული ადამიანის თვალის ფერი უნიკალურია, მაინც შესაძლებელია ფერების რამდენიმე კატეგორიად დაყოფა. მზად ხართ, რომ თქვენი და თქვენი მეგობრების შესახებ ცოტა მეტი შეიტყოთ? მაშინ ყავისფერი თვალებიდან დავიწყოთ.
ცნობილია, რომ მსოფლიოში სწორედ ყავისფერი თვალები ჭარბობს.
ყავისფერი თვალები
ყავისფერი თვალების მფლობელები ბუნებამ მიმზიდველობით, ტემპერამენტით, მგრძნობიარობითა და ჭკუით დააჯილდოვა. მათ ძალიან ფეთქებადი ხასიათი აქვთ, მაგრამ წყენას ადვილად ივიწყებენ. ყავისფერი თვალების მქონე ადამიანების უარყოფით თვისებად შეიძლება მათი პრეტენზიები ჩაითვალოს.
ასტროლოგების აზრით, მუქი ყავისფერი თვალების მქონე ადამიანები (მზისა, ვენერასა და სატურნის ენერგიის ნარევი) უკიდურესად კომუნიკაბელურია და ადამიანებს ადვილად უახლოვდება. მათ ადვილად უყვარდებათ, მაგრამ ასევე ადვილად ცივდებიან საყვარელი ადამიანის მიმართ.
ღია ყავისფერი თვალების მქონე ადამიანები მორცხვები და მარტოობისკენ მიდრეკილი მეოცნებეები არიან. ისინი შეიძლება პრაგმატისტებად ჩავთვალოთ, მაგრამ აღსანიშნავია, რომ პრაგმატიზმი მათ შრომისმოყვარეებადაც აქცევს. ყოველთვის შეგიძლიათ მათ დაეყრდნოთ - ისინი ნამდვილად არ მიგატოვებენ! ღია ყავისფერი თვალების მქონე ადამიანების ხასიათის მახასიათებელია ინდივიდუალიზმი და დამოუკიდებლობა. ეს ადამიანები იძულებას და ზეწოლას ვერ იტანენ და როგორც წესი, ყველა საქმეში დიდ წარმატებას აღწევენ.
ასტროლოგების აზრით, ღია ყავისფერი თვალების მფლობელები (მზისა და ვენერას ენერგიის ნარევი) წყენას ძალიან განიცდიან.
შავი თვალები
შავი თვალების მფლობელები ძლიერი და ენერგიული ადამიანები არიან. შავთვალება ხალხი ძალიან მოსიყვარულეა.
სათაყვანებელი არსებისკენ მიმავალ გზაზე მათთვის პრაქტიკულად არანაირი დაბრკოლება არ არსებობს. თუმცა ნაჩქარევმა და ემოციურმა გადაწყვეტილებებმა მათ გამარჯვების სიხარულის გარდა, შეიძლება დამარცხების სიმწარეც მოუტანოს. რჩევა შავთვალება ადამიანებისთვის „ასჯერ გაზომეთ და ერთხელ გაჭერით“.
ლურჯი თვალები
ლურჯთვალება ადამიანები (პლანეტა ვენერას ფერი) ემოციური და მგრძნობიარე რომანტიკოსები არიან. მათ თავდავიწყებით უყვარდებათ და თავიანთ რჩეულს მგზნებარე იმპულსებით იზიდავენ.
სხვათა შორის, ლურჯთვალება ადამიანებს სხვა საკითხებთან ერთად, ძალიან განვითარებული სამართლიანობის გრძნობა აქვთ. ისინი მზად არიან სიმართლე ნებისმიერ ფასად დაიცვან, ზოგჯერ საკუთარი თავის საზიანოდაც კი. მათი მთავარი ნაკლი ამპარტავნებაა. ისინი ძალიან კონფლიქტურები არიან, მოსწონთ კამათი, მოვლენებს აჩქარებენ და სხვისი პრობლემის გაგება უჭირთ.
მუქი ლურჯი თვალები
ადამიანები, რომლებსაც მუქი ლურჯი თვალები აქვთ (ვენერასა და მთვარის ენერგიის ნაზავი) პრინციპულები, მაგრამ ამავე დროს, სენტიმენტალობისკენ მიდრეკილები არიან. მუქი ლურჯი თვალების პატრონები საკუთარი ახირებების ტყვეობაში არიან და მათი განწყობა გაზაფხულის არაპროგნოზირებად ნიავს ჰგავს.
ცისფერი თვალები ისე სპეტაკი და უდანაშაულოა, როგორც ჩანს და ხშირად ტყუილს მალავს. ცისფერი თვალების მფლობელები მიზანდასახულები არიან და სენტიმენტები არ ახასიათებთ. მათ ცრემლებით გულს ვერ მოულბობთ. ზოგჯერ უმიზეზო დეპრესიას გრძნობენ, მაგრამ ეს ძალიან იშვიათად ხდება.
ცისფერთვალება ადამიანებს უმეტესად მშვიდი ხასიათი აქვთ და ძალიან იშვიათად ხვდებიან კონფლიქტურ სიტუაციებში. ისინი საკუთარი თავისთვის კომფორტის შექმნაზე და პირველ რიგში, საკუთარ თავზე ფიქრობენ.
ასეთი ადამიანების გამორჩეული თვისება მუდმივი სიახლეებისკენ სწრაფვაა, რადგან ერთფეროვნება საშინლად თრგუნავთ.
2008 წელს კოპენჰაგენის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ცისფერი თვალების ყველა მფლობელი ერთი, გენეტიკური მუტაციის მქონე წინაპრისგან წარმოიშვა, რომელიც 6000-10 000 წლის წინ ცხოვრობდა. მანამდე ყველას მხოლოდ ყავისფერი თვალები ჰქონდა.
ნაცრისფერი თვალები
ნაცრისფერი თვალების მქონე ადამიანები პრინციპულები და ჭკვიანები არიან. ისინი პრობლემებს „სირაქლემას მეთოდით“ არასოდეს ემალებიან. პირიქით, მათ დაუყოვნებლივ მოგვარებას ცდილობენ.
ნაცრისფერი მგრძნობელობისა და ცნობისმოყვარეობის ნიშანია. ასეთი თვალების მქონე ადამიანებს ყველაფერი აინტერესებთ. ეს იღბლიანთა თვალებია - მათ უმართლებთ როგორც კარიერაში, ასევე სიყვარულში.
მუქი ნაცრისფერი თვალები (ნაცრისფერი მერკურის ფერია) მათი მფლობელის სიჯიუტეზე და სიმამაცეზე მეტყველებს. ისინი ხშირად ეჭვიანობენ, თუმცა ცდილობენ ეს სხვებს არ დაანახონ.
მუქი ნაცრისფერი თვალების მქონე ადამიანების გამორჩეული თვისება სიყვარულში ერთგულება გახლავთ. ასე რომ, თუ თქვენს პარტნიორს „სველი ასფალტის ფერი" თვალები აქვს, იღბლიანი ყოფილხართ.
მონაცრისფრო- მოყავისფრო თვალების მფლობელებს წინააღმდეგობრივი ხასიათი აქვთ. ისინი ყველაფერში მაქსიმალისტები არიან, ამიტომ ხშირად იმედგაცრუებულები რჩებიან. ასეთ ადამიანებს სხვებზე მეტად სჭირდებათ ცხოვრების პარტნიორი, რომელიც უპირობოდ მიიღებს მათ რთულ ბუნებას და განწყობის ხშირ ცვლას.
მონაცრისფრო-მწვანე თვალების მქონე ადამიანებს დიდი ნებისყოფა აქვთ და ნებისმიერი მწვერვალის დაპყრობა შეუძლიათ. ინტუიცია, ემოციები, ანალიზი - ეს ყველაფერი მათი თვისებებია. ამ ფერის თვალების მქონე ადამიანები ჯიუტები არიან, რომლებიც მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრისას სისასტიკეს ავლენენ, თუმცა ავიწყდებათ, რომ სისასტიკე დაუსჯელი არ რჩება.
მწვანე თვალები
მწვანეთვალება ადამიანი თავად სინაზეა. მათ ყოველთვის გულწრფელად და მგზნებარედ უყვართ და ერთგულებით გამოირჩევიან.
ნამდვილ რაინდებს უმეტესად, მწვანე თვალები აქვთ. მეგობრები მათ საიმედოობისა და სიკეთის გამო აფასებენ, მტრებს კი პრინციპებისა და სიმტკიცის გამო სძულთ. ისინი კარგი მსმენელები და თანამოსაუბრეები არიან.
ზოგადად, მწვანეთვალება ხალხი ყველაზე წარმატებული კატეგორიაა. ისინი ხშირად ხელმძღვანელ პოზიციებე მუშაობენ და თავიანთ საქმეს შესანიშნავად უმკლავდებიან. მწვანე თვალების მფლობელები (განსაკუთრებით ქალები) მაგიისკენ მიდრეკილებით გამოირჩევიან.
რა თქმა უნდა, ეს ზოგადი აღწერაა, რადგან თვალების ფერი ყველას თავისი - უნიკალური აქვს.