თეგებით ძიება

როგორ მივხვდეთ, რომ თანამოსაუბრე გვატყუებს?

თუ გაინტერესებთ, რატომ დააგვიანდა საყვარელ ადამიანს სამსახურიდან და რატომ გთხოვთ შვილი გამუდმებით ფულს, ყურადღება მიაქციეთ ამ ნიშნებს და ნებისმიერ დაოსტატებულ მატყუარას ამხელთ.

ბევრად უფრო ადვილია ტყუილში ისეთი ადამიანის გამოჭერა, რომელსაც კარგად იცნობთ. თუ მის სტანდარტულ ფრაზებს, ჟესტებს და ემოციებს კარგად იცნობთ, შეცდომის შემჩნევა რთული არ იქნება.

ყურადღება მიაქციეთ, რას კი არა, როგორ გიყვებიან. როგორც წესი, ამ დროს ჩვეულებრივზე უფრო ხმამაღლა და სწრაფად ლაპარაკობენ. მატყუარას ქვეცნობიერად რცხვენია საკუთარი საქციელის გამო და ცდილობს საუბარი რაც შეიძლება სწრაფად დაასრულოს.

მოკლედ, თუ კითხვაზე "სად იყავი დილის 4 საათამდე?" ქმარი ხმამაღლა და სწრაფად პასუხობს, მის მონაყოლში შემდეგი ნიშნები უნდა ეძებოთ.

იყენებს დამაჯერებელ ფრაზებს
”მართალი რომ ვთქვა”, ”პატიოსნად ვამბობ”, ”მოდი გულწრფელები ვიყოთ”, ”დედას ვფიცავ”, ”მე თვითონ არ დავიჯერებდი”, ”ეჭვი არ შეგეპაროს” - ეს გულუბრყვილო მცდელობებია, რომ თქვენი ნდობა მოიპოვოს. ამ ფრაზების დახმარებით მატყუარა ცდილობს საუბარში პაუზები შენიღბოს, რომ მორიგი ვერსიები მოიფიქროს.

ყურადღება მიაქციეთ, ხომ არ ცდილობს საუბრის თემა ისეთი საიმედო იარაღის დახმარებით შეცვალოს, როგორიცაა მლიქვნელობა - "სხვათა შორის, მიმზედველად გამოიყურები", „აშკარად წონაში დაიკელი“, „ეს კაბა ყველაზე მეტად გიხდება“ და ა.შ. ამ სიტყვების შემდეგ, როგორც წესი, სიფხიზლე დუნდება და ნდობა თითქმის აღდგება - როგორ შეიძლება იტყუებოდეს ადამიანი, რომელიც ასეთ ჭეშმარიტებას ამბობს?

ტანსაცმელს უხერხულად ისწორებს
საუკეთესო მატყუარებიც კი, ტყუილის პროცესში, ქვეცნობიერად სინდისის ქენჯნას და შიშს გრძნობენ, რომ ამხელენ, ამიტომ უნებურად ცდილობენ ჟესტებით თქვენი ყურადღება სხვა მიმართულებით გადაიტანონ. ღილს ან თმის კულულს აწვალებენ, მაგიდაზე თითებს აკაკუნებენ, ცხვირს ან შუბლს იწმენდენ, თავს იფხანენ, ოთახის ერეთი კუთხიდან მეორეში დადიან - მოკლედ, უამრავი ვარიანტია.

ე.წ. დახურული პოზები - გადაჯვარედინებული ხელები, ფეხის ფეხზე გადადება, ხელები ზურგს უკან ან ჯიბეებში დამალვაც ტყუილის დამალვას ემსახურება და თანამოსაუბრისგან იზოლირების სურვილს გამოხატავს.

თუ ადამიანი საუბრის დროს თვალებში არ გიყურებთ, ეს არ ნიშნავს, რომ აუცილებლად მატყუარაა - მორცხვი და თავდაჯერებას მოკლებული ადამიანები პირდაპირ მზერას ნებისმიერ სიტუაციაში ერიდებიან. მეორეც, გამოცდილ მატყუართა უმეტესობამ იცის, რომ ამ ნიშნით შეიძლება მათი გამოჭერა და ყოველგვარი უხერხულობის გარეშე, თვალებში ყურების დროს იტყუებიან.

დამატებითი კითხვებისა და კომენტარების დროს იბნევა
თუ ხვდებით, რომ მატყუარა წინასწარ მომზადებულ ვერსიას გიყვებათ და მეტი დამაჯერებლობისთვის დეტალებითაც გააფორმა, ყველაფერი კარგად დაიმახსოვრეთ და დამატებითი კითხვები დაუსვით - სად, ვისთან, რომელ საათზე, რა ვინ იყო, რა თქვა და რა თქვა და ა.შ. ოღონდ ეცადეთ ეს დაკითხვას არ დაემსგავსოს.

საქმე ისაა, რომ მატყუარა სწრაფად ივიწყებს სიუჟეტის დეტალებს, რომლებიც თავისი ვერსიის გასამყარებლად გზაში გამოიგონა. ამიტომ, როდესაც თემას რამდენიმე დღეში დაუბრუნდებით, ის საკუთარ ჩვენებებში დაიკარგება. მთავარია, მეხსიერებამ არ გიღალატოთ.

წითლდება
მოიტყუო და არ გაწითლდე ამას განსაკუთრებული მსახიობური ნიჭი სჭირდება. ჩვეულებრივ მოკვდავთა უმრავლესობას კი ფიზიოლოგია გასცემს - წითლდებიან, ოფლიანდებიან, თვალის დახამხამებასაც კი წყვეტენ. ახლა ისინი მთლიანად საუბრის თემაზე კონცენტრირებულნი არიან, თან თანამოსაუბრის რეაქციას აკონტროლებენ - სჯერა თუ არა?

ადამიანი, რომელიც გამოგონილ ამბავს ყვება, ემოციური ჩართულობა და ჟესტიკულაცია შემცირებული აქვს. ის შეიძლება ძეგლივით უძრავად იდგეს ან შეუსაბამო ჟესტები გამოიყენოს. მაგალითად, უარის ნიშნად თავი დაგიკრათ ან მხრები უადგილოდ აიჩეჩოს.

თუ დეტალური ანალიზის შემდეგ მიხვდით, რომ ამბავი იმის შესახებ, თუ როგორ გადაჰყავდა თქვენს ქმარს მოხუცი ქალი გზის მეორე მხარეს დილის 4 საათამდე, აშკარა სიცრუეა, ამაზე დაფიქრდით: ტყუილის ორი მიზეზი არსებობს. პირველი „ზრდილობიანი სიცრუეა“, როდესაც ორსული მეგობრის კითხვაზე, გასუქდა თუ არა, არ ეუბნებით, რომ დირიჟაბლივით უზარმაზარია და ცდილობთ დაარწმუნოთ, რომ შესანიშნავად გამოიყურება.

ტყუილის მეორე მიზეზი შიშია. დიახ, გაგიკვირდებათ, მაგრამ საყვარელი ადამიანი თქვენ დაკარგვის შიშის გამო იტყუება. აღიარეთ, იმის გაცნობიერება, რომ თქვენი რეაქციის ეშინიათ, ბევრად უფრო სასიამოვნოა. ახლა მხოლოდ ის უნდა გადაწყვიტოთ, თუ რა უნდა მოუხერხოთ უბედურ მატყუარას.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა