ლამაზი და ჯანსაღი კანი - სასარგებლო ნიღბები
ნიღბები ცხიმიანი კანისთვის
საფუვრის ვიტამინიზებული მატონიზებელი ნიღაბი
2 ჩაის კოვზ ახალ ან მჟავე კომბოსტოს წვენში ჩაყარეთ 2 ჩაის კოვზი საფუარი, კარგად აურიეთ (ნიღაბი უნდა იყოს არაჟნის კონსისტენციის) და შემდეგ დადგით ცხელი წყლის აბაზანაზე. დუღილის პირველი ნიშნების გაჩენისთანავე მოურიეთ და დაამატეთ 20 წვეთი ქაფურის სპირტი. ამ ნიღბის სახეზე დადებამდე 2-ჯერ გულდასმით გაიწმინდეთ კანი კომბოსტოს წვენით. ნიღაბი ნელ-ნელა თანაბრად გადაინაწილეთ მთელ სახეზე. ნიღბის მოშორებიდან 15-20 წუთის შემდეგ კვლავ გაიწმინდეთ კანი კომბოსტოს წვენში დასველებული ბამბის ტამპონით და არ შეიმშრალოთ.
კანის დამამშვიდებელი, დამარბილებელი და ფორების შემავიწროებელი ნიღაბი
აურიეთ ერთმანეთში 2 ჩაის კოვზი სალბის დაქუცმაცებული ფოთლები, 1 ჩაის კოვზი დაქუცმაცებული ასკილი და 1/2 ჩაის კოვზი დაქუცმაცებული პიტნა. დაასხით 1 ,5 ჭიქა მდუღარე წყალი, მჭიდროდ დაახურეთ თავზე და 30 წუთით ჩადგით ცხელი წყლით სავსე ჭურჭელში. ამ თბილი ნაყენით დაისველეთ (დარტყმითი მოძრაობებით) მთელი სახე. დოლბანდს თვალებისა და პირისთვის გაუკეთეთ ნახვრეტები, დაიტანეთ მასზე ნაყენიანი ჭურჭლის ძირზე დალექილი მასა, დაიდეთ სახეზე და დაიფარეთ ხაოიანი პირსახოცი. 20 წუთის შემდეგ ნიღაბი მოიშორეთ ცხელი წყლით და 3-5 წუთის შემდეგ სახეზე წაისვით მკვებავი კრემი.
კანის გამამკვრივებელი ნიღაბი
2 ჩაის კოვზი ხაჭო კარგად აურიეთ იმავე რაოდენობის ხილის ან ბოსტნეულის წვენში, დაამატეთ 1/4 ჩაის კოვზი მარილი, კარგად აურიეთ და წაისვით სახეზე. 5-6 წუთის შემდეგ მეორედ წაისვით ეს ნიღაბი და 15 წუთის შემდეგ მარილიან წყალში დასველებული ბამბის ტამპონით მოიშორეთ. კანი გაიმშრალეთ პირსახოცით და შემდეგ წაისვით მკვებავი კრემი.
ხილისა და ბოსტნეულის ვიტამინიზებული ნიღბები
სტაფილოს ნიღაბი
წვრილ სახეხზე გახეხეთ სტაფილო, წაისვით სახესა და ყელზე. ძალიან სასარგებლო იქნება, თუ დაუმატებთ რამდენიმე წვეთ მცენარეულ ზეთს.
გოგრის ნიღაბი
2 სუფრის კოვზ წვრილად დაჭრილ გოგრას დაასხით ცოტა წყალი და დაბალ ცეცხლზე ადუღეთ, ერთგვაროვან მასას რომ მიიღებთ, დაამატეთ 0,5 ჩაის კოვზი თაფლი და კარგად აურიეთ. გოგრის თბილი ნიღაბი გადაიტანეთ დოლბანდზე და შემდეგ დაიდეთ სუფთა, მშრალ სახის კანზე (დოლბანდის ნიღაბს 20 წუთის განმავლობაში ზემოდან შეგიძლიათ დააფაროთ კომპრესის ქაღალდი). ნიღბის მოშორების შემდეგ წაისვით სახეზე მკვებავი, რომელიც მოიშორეთ 1/2 საათის შემდეგ ნებისმიერ მატონიზებელ ლოსიონში დასველებული ბამბის ტამპონით. ეს ნიღაბი კეთდება დღეგამოშვებით, დილით ან საღამოს.
ასკილის სასწაულმოქმედი ნიღაბი
1 ჩაის კოვზი თაფლი და მწიკვი შვრიის ნარევი წამოადუღეთ, როცა გაგრილდება (თბილი უნდა იყოს), შეურიეთ 2 ჩაის კოვზი ასკილი. მიღებული მასა დაიდეთ სახეზე და 30 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ წყლით.
არომატული ნიღაბი
ჩანგლით გასრისეთ 2 სუფრის კოვზი მარწყვი, დაამატეთ 3 სუფრის კოვზი განზავებული ვაშლის ძმარი (1:1 ვაშლის ძმარი და წყალი). გააჩერეთ ნარევი 2-3 საათით, შემდეგ ეს მასა წაისვით სახეზე, ყელსა და დეკოლტეს არეში და გაიჩერეთ 20 წუთით. ჩამოიბანეთ თბილი წყლით და წაისვით დამატენიანებელი კრემი. ამ ნიღბის შემდეგ კანი ხდება გლუვი, მქრქალი და ჯანმრთელი.
ავოკადოს ნიღაბი
ავოკადოს რბილობი გასრისეთ ჩანგლით, დაამატეთ ცოტა რძე ან ნაღები. მიღებული მასა წაისვით სახეზე, ყელსა და დეკოლტეს არეში და გაიჩერეთ 10-15 წუთით. ნიღაბი ჩამოიბანეთ ჯერ თბილი, შემდეგ კი გრილი წყლით. ავოკადო კარგად იცავს და აახალგაზრდავებს კანს, ნაღები კი სძენს მას სიმტკიცეს, ატენიანებს და კვებავს.
ვაშლის პიურეს ნიღაბი
ვაშლის პიურე კარგად ატენიანებს და აგრილებს კანს. მასში შემავალი ვიტამინები და მინერალები ასწორებს ნაოჭებს და კანს კარგ ფერს სძენს. გახეხეთ 1 ცალი საშუალო ზომის ვაშლი კანიანად. მიღებული პიურე წაისვით სახეზე (თვალის მიდამოში არ წაისვათ) და გაიჩერეთ 10 წუთით, შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით.
ბანანის ნიღაბი
ბანანის ნიღაბი კვებავს და აახალგაზრდავებს კანს. 1 ცალ გახეხილ ბანანს დაამატეთ 2 სუფრის კოვზი ნაღები, კვერცხის გული და 1 სუფრის კოვზი არაჟანი. გადაინაწილეთ ეს ნიღაბი თანაბრად სახეზე, გაიჩერეთ 1/2 საათი და შემდეგ ჩამოიბანეთ.
სალათის ნიღაბი
წვრილად დაჭრილ სალათის ფოთლებს დაასხით ცოტა მდუღარე წყალი და გააჩერეთ 5 წუთით. შემდეგ გადაწურეთ წყალი, ფოთლები გადმოიღეთ დოლბანდზე. თბილი ნიღაბი დაიდეთ სახეზე. ნახარში შეგიძლიათ კანის გასაწმენდად გამოიყენოთ.
ვიტამინებიანი ნიღაბი
გამოწურეთ გრეიპფრუტის წვენი და გაიწმინდეთ სახისა და ყელის კანი. დარჩენილ რბილობს შეურიეთ 1 სუფრის კოვზი არაჟანი და ათქვეფილი კვერცხი, წაისვით სახესა და ყელზე, 20 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი, გადადუღებული წყლით.
გამაახალგაზრდავებელი ნიღბები
გამაახალგაზრდავებელი, გამწმენდი და მათეთრებელი ნიღაბი
50-100 გ თეთრი თიხის ფხვნილს დაუმატეთ ამავე რაოდენობის არაჟანი და 1 ჩაის კოვზი თაფლი. წაისვით სახეზე და გაიჩერეთ 30-40 წუთი. დაწექით, მოადუნეთ სახის კუნთები. მას შემდეგ, რაც ნიღაბი გაშრება, მოიშორეთ ის თბილ წყალში დასველებული ბამბის ტამპონით და შეისხით სახეზე ცივი წყალი. ამ ნიღაბს შეგიძლიათ დაამატოთ კვერცხის ცილა, რამდენიმე წვეთი ლიმონისა და ალოეს წვენი. ამ ნიღბის გაკეთება შეგიძლიათ კვირაში მხოლოდ ერთხელ.
ძველებური აღმდგენი გამაახალგაზრდავებელი ნიღაბი
აურიეთ ერთმანეთში 30-30გ ხახვის წვენი, ცვილი და 30გ თეთრი შროშანის ბოლქვის წვენი. აურიეთ თიხის ჭურჭელში და შეათბეთ ან დადგით ცხელი წყლის აბაზანაზე, სანამ ცვილი არ გადნება. შემდეგ გააცივეთ და თან გაუჩერებლად ურიეთ. ეს ნარევი შეიზილეთ სახის კანში დილა-საღამოს. ზედმეტი მასა მოიშორეთ რბილი ხელსახოცით. ცვილი კარგად შეიწოვება კანის მიერ, სძენს მას სიგლუვეს და სინორჩეს.
მკვებავი ნიღბები
ხაჭოს მკვებავი ნიღაბი
2 ჩაის კოვზი ცხიმიანი ხაჭო, 1 ჩაის კოვზი თბილი რძე ან ნაღები კარგად გასრისეთ. დაამატეთ დანის წვერით მარილი და 1 ჩაის კოვზი მცენარეული ზეთი. ყველაფერი კარგად აურიეთ (ერთგვაროვანი მასის მიღებამდე). წაისვით სახესა და ყელზე და გაიჩერეთ 20 წუთით. შემდეგ მოიშორეთ ნიღაბი ბამბის ტამპონით და გაიწმინდეთ კანი ჩაის ან გვირილის ნაყენით.
მკვებავი ნიღაბი
გახეხეთ სტაფილო, დაამატეთ 1 სუფრის კოვზი რძე (არაჟანი, ნაღები ან ხაჭო), შეათქვიფეთ კვერცხის გული და სახამებელი (შესასქელებლად). მიღებული მასა წაისვით სახისა და ყელის მიდამოში და გაიჩერეთ 10-15 წუთით. შემდეგ ჩამოიბანეთ გადადუღებული თბილი წყლით.
მკვებავი ნიღაბი
ათქვიფეთ 1/2-1/2 ჭიქა ნაღები და არაჟანი, შეურიეთ 1 სუფრის კოვზი პურის ფქვილი, დაიდეთ სახისა და დეკოლტეს არეში და გაიჩერეთ 20 წუთით, შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით. ჰაეროვანი კონსისტენციის წყალობით ეს კრემი ადვილად შეიწოვება კანში და მას სიმკვრივეს სძენს.
მკვებავი ნიღაბი
წვრილ სახეხზე გახეხეთ სტაფილო, დაამატეთ 1 სუფრის კოვზი რძე, შეათქვიფეთ კვერცხი და სახამებელი. წაისვით ეს ნიღაბი სახესა და ყელზე და გაიჩერეთ 10-15 წუთი. შემდეგ ჩამოიბანეთ წყლით.
დამატენიანებელი მკვებავი ნიღაბი
ფაფის კონსისტენციამდე დასრესილი 1 ჩაის კოვზი ჭინჭარი და ოხრახუში კარგად აურიეთ ერთმანეთში, დაამატეთ ასევე დასრესილი 1 ჩაის კოვზი წითელი მოცხარი. ეს ნიღაბი უნდა მომზადდეს ხის ჭურჭელში და უნდა გამოიყენოთ მომზადებისთანავე.
ხილის მკვებავი ნიღაბი
გახეხეთ ხურმა, ვაშლი, მსხალი და კივი. აურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. წაისვით ნიღაბი სახისა და ყელის სუფთა კანზე და გაიჩერეთ 20 წუთით, შემდეგ ჩამოიბანეთ ჯერ თბილი, შემდეგ კი ცივი წყლით. ეს ნიღაბი შეუცვლელია ზამთარში. თუ მას დაუმატებთ 1/2 სუფრის კოვზ ნაღების კარაქს, მიიღებთ ჰაეროვან მკვებავ კრემს. მაგრამ უნდა გახსოვდეთ, რომ სახლში მომზადებული კრემი და ნიღაბი მხოლოდ ერთჯერადად შეიძლება გამოიყენოთ (ანუ ყოველ ჯერზე ახალი უნდა მომზადდეს).
სახისა და ყელის მკვებავი ნიღაბი
1 სუფრის კოვზ დასრესილ კენკრას შეურიეთ 1 სუფრის კოვზი თაფლი და სქლად წაისვით სახესა და ყელზე, დაიფარეთ სქელი ნაჭერი ან ხაოიანი პირსახოცი. 15 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით.
კარტოფილის ნიღაბი
უმი კარტოფილი გახეხეთ წვრილ სახეხზე. თანაბრად გადაანაწილეთ 2 დოლბანდის ხელსახოცს შორის, დაიდეთ სახეზე და გაიჩერეთ 25-30 წუთით.
სახისა და ყელის ნიღაბი
გათალეთ საშუალო ზომის ერთი კარტოფილი და გახეხეთ წვრილ სახეხზე, მიღებულ მასას შეურიეთ 1 ჩაის კოვზი თაფლი, ათქვეფილი ცილა და მწიკვი მარილი. ეს მასა დაიდეთ სახესა და დეკოლტეს არეში და გაიჩერეთ 20 წუთით, შემდეგ ჩამოიბანეთ ცივი წყლით.
ბალზამი
ყავის საფქვავში დაფქვით 100გ ჰერკულესი, დაასხით ერთი ჭიქა რძე, დაამატეთ 1 სუფრის კოვზი მცენარეული ზეთი, კარგად აურიეთ და დაიდეთ სახეზე 20 წუთის განმავლობაში. შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით.
ყინულიანი მკვებავი ნიღაბი
ყინულის გამოყენების ერთადერთი უკუჩვენება სახის კანზე გაფართოებული სისხლძარღვოვანი ქსელის არსებობაა. გააკეთეთ ბალახების (სალბი, პიტნის ფოთლები და ყვავილები და სხვა) ნაყენი, ამისათვის თითო-თითო ჩაის კოვზ თითოეულ ბალახს დაასხით ერთი ჭიქა მდუღარე წყალი. გააცივეთ, გაფილტრეთ, დაამატეთ 1/2 ჭიქა რძე ან ნაღები და 1 ჩაის კოვზი ნებისმიერი მინერალური წყალი. ჩაასხით ფორმებში და გაყინეთ. დაბანის ნაცვლად გაიწმინდეთ სახე წრიული მოძრაობით ამ ყინულით, არ შეიმშრალოთ, ისე წაისვით მკვებავი კრემი და 15 წუთის შემდეგ შეიმშრალეთ ხელსახოცით.
არაჟნისა და ხაჭოს ნიღაბი
გულდასმით აურიეთ 1 სუფრის კოვზი ახალი ცხიმიანი არაჟანი, 1 სუფრის კოვზი ხაჭო, 1 ჩაის კოვზი მარილი. წაისვით ეს მასა სახეზე და გაიჩერეთ 15-20 წუთით. შემდეგ ჩამოიბანეთ ნიღაბი გრილი წყლით. მაქსიმალური ეფექტის მისაღებად ეს ნიღაბი გაიკეთეთ კვირაში 1-2-ჯერ 4-6 კვირის განმავლობაში.
არაჟნის ნიღაბი
100გ არაჟანი წაისვით სახეზე (არ შეიზილოთ). 10-15 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით. ამ ნიღაბს აქვს მათეთრებელი ეფექტი.
უნივერსალი
თანაბარი რაოდენობით უცხიმო ხაჭო, რძე, ზეითუნის ზეთი და ახალ გამოწურული სტაფილოს წვენი კარგად აურიეთ ერთმანეთში, წაისვით სახეზე და გაიჩერეთ 20 წუთით. შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით და ბოლოს შეისხით გრილი წყალი.
mkurnali.ge