თეგებით ძიება

უკვე დაცვის მხარესაც აღარ ეპარება ეჭვი იმაში, რომ ხუთივე ბრალდებულმა ჩაიდინა მკვლელობა - შაქარაშვილის საქმის პროკურორი

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმის პროკურორის, დავით ყაზარაშვილის განცხადებით, უკვე დაცვის მხარესაც აღარ ეპარება ეჭვი იმაში, რომ ხუთივე ბრალდებულმა ჩაიდინა მკვლელობა.

როგორც პროკურორმა განმარტა, ადვოკატების პოზიცია ჰაერში გასროლილი სიტყვებია. როგორც ყაზარაშვილი აღნიშნავს, ადვოკატები ზღაპრებს ჰყვებიან, რისიც უკვე აღარავის სჯერა.

„ბრალდების მხარემ გასულ სხდომაზე დაასრულა დასკვნითი სიტყვის წარმოთქმა და კიდევ ერთხელ, სასამართლოში ხაზი გაუსვა იმას, რომ ხუთივე ბრალდებულის მიერაა გიორგი შაქარაშვილის მკვლელობა ჩადენილი, ამაში ჩემი აზრით, ეჭვი დაცვის მხარესაც აღარ ეპარება.

რაც შეეხება დაცვის მხარის პოზიციას, რომელიც დღეს უნდა მოვისმინოთ, ვფიქრობ, რომ დაცვის მხარეს სათქმელი ბევრი არაფერი აქვს. ჰაერში გასროლილი სიტყვები, რომელიც აქამდე გვესმოდა, არანაირად არ იყო დასაბუთებული, რაც სასამართლო პროცესზე გამოჩნდა. ბრალდებულების, ნიკოლოზ რევაზიშვილის და ვასილ მახარაძის დაკითხვის შედეგად ის სიცრუე გამოვლინდა, რომელშიც ისინი გამოჭერილი იქნენ სასამართლო პროცესზე და თავადაც ვერ მოუძებნეს ახსნა იმ ტყუილებს, რომელსაც სასამართლო პროცესზე ამბობდნენ. ნიკოლოზ რევაზიშვილის ჩვენებით დადასტურდა ყველა ტყუილი, რაც იქამდე დაცვის მხარის მიერ იყო ნათქვამი. მთელი ამ პროცესების განმავლობაში, არჩილ გაგნიძე და ნიკოლოზ რევაზიშვილი აპელირებდნენ, რომ თითქოს, „გუგლმეფში“ დამახსოვრებული იყო გადაადგილების შესახებ ზუსტი ინფორმაცია და თურმე, გამოძიებამ ეს ინფორმაცია წაშალა. სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ არცერთ მათგანს მომხდარი ფაქტის დროს ჩართული არ ჰქონდა ინტერნეტი. ნიკა რევაზიშვილს ათქმევინა ყველამ თავისი სათქმელი სასამართლოს წინაშე, თუმცა, მანაც სასამართლოში ბოლომდე ვერ მიიტანა ეს ყველაფერი, ვინაიდან ის თავიდან ბოლომდე ცრუობდა. რაც შეეხება ბრალდებულების საბოლოო სიტყვას, მათ სასამართლოში ჩვენება არ მისცეს, რადგან როგორც რევაზიშვილის შემთხვევაში, აირეოდნენ და სასამართლომდე ელემენტარულ სათქმელს ვერ მიიტანდნენ. მათ ურჩევნიათ, ჩვენება მისცენ იმ პირობებში, როცა კითხვა არ დაისმება და ამ პირობებში უფრო მეტი ტყუილის თქმას შეძლებენ სასამართლოში. თუმცა, ყველა მათი ტყუილი უკვე გამოკვეთილია და არავინ დაიჯერებს იმ ზღაპრებს, რასაც დაცვის მხარე ჰყვება", - განაცხადა ყაზარაშვილმა.

ცნობისთვის, ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის განზრახ ჯგუფურად მკვლელობას არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილს, ვახტანგ ჩიქოვანს, ზ.ხ-ს და ა.ქ.-ს ედავებიან.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა