თეგებით ძიება

დღეს ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალი იწყება

დღეს ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალი იხსნება. კინოფესტივალის საზეიმოდ გახსნის პარალელურად, ეროვნული კინოცენტრი მაყურებელს შესთავაზებს ბერლინალეს მონაწილე ქართული ფილმების ონლაინ რეტროსპექტივას. კინოფესტივალის მსგავსად, რესტოსპექტივაც ორ ნაწილად, მარტისა და ივნისის თვეებში გაიმართება.

უკვე ცნობილია მარტის თვის პროგრამა:

6 მარტი – „ახალგაზრდა კომპოზიტორის მოგზაურობა“

ლეგენდარული ქართველი რეჟისორის – გიორგი შენგელაიას „ახალგაზრდა კომპოზიტორის მოგზაურობა“ იყო პირველი ქართული ფილმი, რომელიც 1986 წელს საბჭოთა კავშირის სახელით ბერლინალეზე გამოჩნდა და საქართველოსა და ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალის თანამშრომლობას ჩაუყარა საფუძველი. ფილმი წარმოდგენილი იყო ფესტივალის მთავარ კონკურსში და მას გადაეცა „ვერცხლის დათვი“ საუკეთესო რეჟისურისთვის.

13 მარტი – „უძინართა მზე“

თემურ ბაბლუანის გახმაურებული ფილმი „უძინართა მზე“ კიდევ ერთი ქართული ფილმი აღმოჩნდა, რომელმაც საქართველოს „ვერცხლის დათვი“ მოუტანა. ფილმი 1993 მონაწილეობდა ფესტივალის მთავარ კონკურსში, უკვე დამოუკიდებელი საქართველოს სახელით. (ეროვნული კინოცენტრი დიდ მადლობას უხდის საზოგადოებრივ მაუწყებელს ფილმის მოწოდებისთვის).

20 მარტი – „იქ-ჩემთან“

1992 წელს ზაზა ხალვაში ახალგაზრდა, ნიჭიერი რეჟისორი იყო, რომლისთვისაც ფილმი „იქ-ჩემთან “ წარმატებული სტარტი აღმოჩნდა. ნამუშევარი წარმოდგენილი იყო სექციაში „ფორუმი“ და მას შემდეგ იგი არაერთ საერთაშორისო კინოფესტივალზე აჩვენეს.

27 მარტი – „მზის ქალაქი“

რეჟისორი და პროდიუსერი რატი ონელი 2017 წელს ბერლინალეზე წარსდგა დოკუმენტური ფილმით „მზის ქალაქი“. იგი აჩვენეს სექციაში „ფორუმი“. ფილმს მიღებული აქვს არაერთი პრესტიჟული საერთაშორისო ჯილდო.

ფილმების ონლაინჩვენებები გაიმართება ეროვნული კინოცენტრის კინოკლუბში, 22:00 საათზე. კინოკლუბში გასაწევრიანებლად გადადით ამ ბმულზე.

ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალი მსოფლიოში ერთ-ერთი მთავარი კინომოვლენაა, რომელიც კანისა და ვენეციის კინოფესტივალებთან ერთად, ევროპის წამყვან კინოფესტივალთა სამეულში შედის.

საქართველოს თანამშრომლობა ბერლინალესთან 35-წლიან ისტორიას ითვლის და ამ წლების განმავლობაში, არაერთი ქართული ფილმი ღირსეულად წარდგა კინოფესტივალზე.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა