"გადადგეს ირაკლი ღარიბაშვილი" - თბილისში აქცია-მსვლელობა იმართება
სამოქალაქო აქტივისტები, რომლებიც პარლამენტთან კარვებში ღამეს ათევენ, ბიძინა ივანიშვილის შუშის სასახლისკენ აქცია-მსვლელობას მართავენ.
აქტივისტები პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომასა და ვადამდელ არჩევნებს ითხოვენ.
"დღეს ჩვენ ავალთ ბიძინა ივანიშვილის შუშის კოლბასთან. ამ ბოროტების შემქმნელი არის ეს კაცი, ბიძინა ივანიშვილი, რუსი ოლიგარქი. ჩვენი მთავარი მოთხოვნა ისევ ძალაში რჩება, ეს არის ვადამდელი არჩევნები, მაგრამ სანამ ამ მოთხოვნას მივიღებთ, დაუყოვნებლივ უნდა გადადგეს ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი, რომელიც ამ ძალადობის და ამ საშინელებების ერთერთი ავტორია", - აცხადებს ვანო მაღალაშვილი.
შეგახსენებთ, 6 მარტს, "ტვ პირველის" გადაცემაში "ნოდარ მელაძის შაბათი" ფარული აუდიოჩანაწერები გასაჯაროვდა, სადაც, სავარაუდოდ, ბერა ივანიშვილი და მოქმედი პრემიერი, ირაკლი ღარიბაშვილი ფიგურირებენ. აუდიოჩანაწერში ბერას მიმართ შეურაცხმყოფელი გამონათქვამების გამო, ანგარიშწორებების შესახებ არის საუბარი.