თეგებით ძიება

ადგილი, სადაც გავიზარდე და ვთამაშობდი, რომელსაც ჩემი ხელით ვუვლიდი, დღეს კი... - რას ითხოვს ჩაქვის მოსახლეობა ხელისუფლებისგან

რუბრიკაში "ჩემი რეგიონი" TIA.GE წარმოგიდგენთ გურანდა ქათამაძის სტატიას, რომელშიც ავტორი აჭარის რეგიონის, დაბა ჩაქვის პრობლემების შესახებ გვიამბობს.

ჩემი რეგიონი აჭარაა, ჩემთვის იგი ჩაქვიდან იწყება, რადგან მე სწორედ აქ დავიბადე, აქ გავიზარდე, აქედან დავიწყე სამყაროს აღქმა-შემეცნება, აქ დავიწყე ფიქრი, რომ აუცილებელია ჩემი ქვეყნის უკეთესი მომავლის აშენებაში მეც დავდო ერთი აგური მაინც... მინდა აღვნიშნო, რომ ჩემთვის ჩემი ქვეყანა ჩემი რეგიონიდან, ჩემი რეგიონი ჩემი დაბიდან, ჩემი დაბა კი - ჩემი უბნიდან იწყება...

მე ვცხოვრობ ქობულეთის რაიონ დაბა ჩაქვში, რომელიც ზღვის დონიდან 30 მეტრზეა გაშლილი და საქართველოს რუკაზე წერტილადაა მოკალათებული. მასზე საუბარი შეუძლებელია არ დავიწყო ბავშვობის ტკბილ-მწარე მოგონებებით...

ჩემს ბავშვობაში აქ სულ სხვანაირად იყო ყველაფერი... ჩემი უბანი გამოირჩეოდა განსაკუთრებული ხმაურით.... აქ მოზარდების მაცოცხლებელი ჟრიამული ისმოდა და მათი გულიანი კისკისი აფერადებდა არემარეს... ყველას გვეცალა ერთმანეთისთვის, ერთმანეთთან გადავდიოდ-გადმოვდიოდით, თითქოს ერთი დიდი ოჯახი იყო ჩემი უბანი. არ მახსენდება არც ჭირი და არც ლხინი მეზობლების გარეშე... საყურადღებოა ისიც, რომ ამ უბანში თითქმის ყველა ადამიანს საოცარი, მძიმე ცხოვრებისეული ისტორია აქვს გადატანილი... მაგრამ ეს ჩვენ კი არ გვაშორებდა ერთმანეთს, პირიქით, გვაახლოებდა კიდეც...

დროის სვლას ნაბიჯ-ნაბიჯ მიჰყვა ეს უცნაური ერთობა... ნელ-ნელა იკლო ჟრიამულმა და სამწუხაროდ, დღეს თითქმის შეწყდა... გავიზარდეთ და თითქოს ბედნიერების უფლება „ჩამოგვერთვა“... უბანმა დაკარგა ის ხიბლი, რომელიც ჩემს ბავშვობაში მაყვარებდა აქაურობას... ვნატრობ და მინდა, ახალმა თაობამ შეცვალოს ეს რეალობა, ტელეფონში თამაშის ნაცვლად ითამაშოს „დამალობანა“, „მგელობანა“, „კლასობანა“, „წრეში ბურთი“ და კიდევ სხვა მისთანები... თამაშები, რომლებიც იმ მოგონებებს დაუგროვებს, რომელსაც ვერასდროს, ვერაფრის ფასად ვერ იყიდის... მინდა ყოველმა ბავშვმა თავისი შესაძლებლობის წილ იზრუნოს მისი უბნით დაწყებული მთელ რეგიონზე...

ადგილი, სადაც გავიზარდე და ვთამაშობდი, რომელსაც ჩემი ხელით ვუვლიდი, დღეს კი... - რას ითხოვს ჩაქვის მოსახლეობა ხელისუფლებისგან


პირადად მე და ჩემი მეგობრები ბავშობიდან ვხედავდით ჩვენი რეგიონის პრობლემებს და ვცდილობდით შესაძლებლობების ფარგლებში ზოგჯერ ჩვენით და ზოგჯერ უფროსების დახმარებით, მოგვეგვარებინა ისინი.

ჩვენი თვალით დანახული პრობლემები შემდეგში მდგომარეობდა: არ იყო მოპირკეთებული სათამაშო ადგილი, არც მარტივი, მოწესრიგებული ჩამოსასხდომი სავარძლები, რომ ბავშვს ჯერ უსაფრთხოდ ეთამაშა და მერე უფროსებთან ერთად ღია ცის ქვეშ დამჯდარიყო ჩაქვის ეკოლოგიურად სუფთა, ჯანმრთელობისთვის სასარგებლო ბუნებაში...

ყოველი თამაშისას ფაქტობრივად ყოველი ბავშვი იდგა „კისრის მოიტეხის“ რისკის ქვეშ... იყო სიბინძურე და არ იყო ნაგვის ურნები (სამწუხაროდ, არც ახლა არის).



ბევრი დღე მახსოვს ჩვენი პატარა ხელებით, როგორ ვასუფთავებდით საღამოს უბანს, რომ დილით გვეთამაშა... ბევრჯერ გვირბენია ხელმოწერებზეც, რომ მთავრობას ყურადღება მოექცია, მაგრამ შედეგი ხშირად ლამაზი ღიმილით ნათქვამი: „განვიხილავთ“ იყო მხოლოდ!

დღესაც, როცა გავიზარდე, ძალიან ბევრჯერ დავაფიქსირე ჩემი პროტესტი (ვფიქრობ სამართლიანად), სპეციალურ ორგანოებსა და წესით კომპეტენტურ პირებთან, რომ თუნდაც ელემენტალურად, ნაგვის ურნა დაედგათ გარკვეულ ადგილებში, თუმცა, სამწუხაროდ, დღეს, 21-ე საუკუნეშიც კი, ეს გადაუდებლად მნიშვნელოვანი საკითხი მოუგვარებელია.

და ბოლოს, მინდა ვთქვა, რომ ყველაფრის მიუხედავად, ჩაქვი მიმაჩნია ძალიან პერსპექტიულ ადგილად თავისი მდებარეობის, ბუნებრივი პირობებისა თუ სხვა ბევრი დეტალის გამო, რომელთაგან ერთ-ერთი პრიორიტეტული ის არის, რომ იგი ბათუმისა და ქობულეთის გასაყარზეა და მათთან შედარებით ნაკლებად ხმაურიანია. მეორე - არის ზღვის და მთის შუა, ესეც რაღა თქმა უნდა ხელს შეუწყობს ტურიზმს, გვაქვს ულამაზესი, ჯანმრთელობისთვის სასარგებლო, უნიკალური ბუნება, მარტო, საკმაოდ ცნობილი „მტირალას ეროვნული პარკი“, „ბოტანიკური ბაღი“ რად ღირს, აღარაფერს ვამბობ სხვა არანაკლებ ლამაზ, საინტერესო და მნიშვნელოვან ადგილებზე, რომლებსაც ნამდვილად სჭირდებათ პოპულარიზაცია, რომელიც ვფიქრობ, არანაკლებ სარგებელს მოუტანს, როგორც ჩემს რეგიონს, ასევე საქართველოსაც!..

დასასრულს მინდა ისიც აღვნიშნო, რომ სამწუხაროდ, ბევრჯერ ვყოფილვარ ბულინგის მსხვერპლი ჩემი საცხოვრებელი ადგილმდებარეობის გამო, თუმცა ამ ბულინგს ძალა არასოდეს ჰქონია ჩემთვის! მეამაყება და მიხარია, რომ გავიზარდე ჩაქვში, სადაც ვისწავლე ურთერთობა, სიყვარული, მეგობრობა, გაჭირვებაში და ლხინში ცხოვრება, ანუ ის ყველაფერი, რამაც ადამიანად ჩამოყალიბაში შემიწყო ხელი. მე სწორედ აქ ჩამომიყალიბდა ის მოქალაქეობრივი აზროვნება, რომ ყოველი ადამიანი, ვალდებულია თავის სამშობლოზე ზრუნვა თავისი შესაძლებლობის ფარგლებში დაიწყოს იმ ლოკაციიდან, რომელშიც უწევს ცხოვრება... მე ასე მჯერა, რომ ჩემთვის ჩემი ქვეყანა ჩემი რეგიონიდან, ჩემი რეგიონი ჩემი დაბიდან, ჩემი დაბა კი - ჩემი უბნიდან იწყება...

ვფიქრობ, ყველაზე ძვირფასი, ადამიანს მოგონებები გააჩნია. სწორედ ეს მოგონებები დავაგროვე ჩემს სახლში და ჩემს უბანში! ძალიან გამიხარდება თუ ამის შესახებ ყველას გავაგებინებ! გამიხარდება თუ მომეცემა საშუალება ხმამაღლა ვთქვა, რომ „ არ ტეხავს“ სად ცხოვრობ!!! მთავარია გააცნობიერო, რომ შენ ვალდებული ხარ შენი ცხოვრებით იზრუნო სამყაროზე!

სტატიის ავტორი: გურანდა ქათამაძე


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა