ჩარგლის ქრონიკებიდან - „რაც მტრობას დაუნგრევია, სიყვარულს უშენებია“
მცხეთა-მთიანეთის მხარე მუდამ განსაკუთრებული და სანახაობებით სავსე იყო უხსოვარი დროიდან. იგი ასევე გამორჩეულია ინფრსტრუქტურითა და შენობა-ნაგებობების თავისებურებებით, რასაც დიდებული ეკლესია-მონასტრები და კოშკები მოწმობს.
რეგიონი გამორჩეულია კულინარიული შედევრებით. შეუძლებელია ნერწყვი არ მოგადგეს ფშაური დაკეპილი ხინკლის ოხშივარისა და ბებოს მიერ მომზადებული დამბალხაჭოს ეგზოტიკური არომატის წარმოდეგნისას. აქვე აღსანიშნავია, რომ დამბალხაჭოს მიენიჭა კულტურული ძეგლის სტატუსი, რაც ცალსახად ადასტურებს მცხეთა-მთიანეთის სამზარეულოს განსაკუთრებულობას.
დღეს ფშაურ ცხელ-ცხელ ამბებს მოგითხრობთ, პირდაპირ ჩარგლიდან, ვაჟა-ფშაველას მშობლიური და გამორჩეული სოფლიდან.
ფშავის კიდევ ერთი განსაკუთრებულობა მისი ფლორისა და ფაუნის მრავალფეროვნებაშია. აქ შეხვდებით კავკასიურ მურა დათვს, ჯიხვს და ირემს, რომელთა ნახვაც წელიწადის ოთხივე დროს მკვიდრი მოსახლეობისთვის უჩვეულო არ არის.
სწორედ ხალებიან ირემზე და მის ამჟამინდელ სახლზე, სოფელ ჩარგალზე მინდა გესაუბროთ დღეს და მოგიყვეთ ამბავი, რომელიც ანიმაციურ ფილმს „ბემბის“ და დიდებული ვაჟა ფშაველას ნაწარმოებს „შვლის ნუკრის ნაამბობს“ გაგიცოცხლებთ.
ოდესმე გსმენიათ ცხენისა და ირმის მეგობრობაზე? ალბათ არა, ხოდა კარგად მოკალათდით და მომისმინეთ.
2020 წელს მცხეთა-მთიანეთის ერთ-ერთ ღირსშესანიშნავ სოფელ ჩარგალში გამოჩნდა ვაჟა ფშაველასთვის განსაკუთრებული და მისი ერთ-ერთი მეგობარი-ირემი.
უკვე რამდენიმე თვეა, რაც ჩარგლის მწვანე ბალახით შემკულ გორაკებზე მკვიდრი მოსახლეობის ცხენებთან ერთად ხალებიანი ირემი ბალახობს, მისი და თეთრი ცხენის მეგობრობის ისტორიამ უკვე მთელი საქართველო მოიცვა და ყველას აუჩუყა გული, რაც არუნდა სიმბოლურად მოგეჩვენოთ ირემი სწორედ ვაჟა ფშაველას, ბუნების მგოსანის მშობლიურ მხარეში ჩამოვიდა და დღეს მშვიდად აგრძელებს ცხოვრებას მოსახლეობასთან ერთად.
სურათი არაპროფესიონალური ფოტოაპარატითაა გადაღებული შედარებით დისტანციაზე, რადგან ირემი უცხო ხალხს უფრთხის.
ხალებიანი ირმის ყურზე არსებული ნიშანი ამტკიცებს, იმას, რომ იგი გამოქცეულია, თუმცა, ჯერჯერობით დაუდეგნელია საიდან აღმოჩნდა იგი ჩარგლის მთებში. ხალებიანი ირემი პირველად ჩარგლის მკვიდრის ცხენს დაუახლოვდა, ხოლო ამჟამად იგი მკვიდრ მოსახლეობას სცნობს და აღარ უშინდება.
სოფლის მკვიდრის, ზურა გარსევანაშვილის ინფორმაციით, ერთ დღეს, ჩარგლის საძოვრებზე, ცხენებთან ერთად ირემიც დახვდათ. თავდაპირველად ხალებიანი ირემი დაფრთხა ადამიანების დანახვისას, თუმცა, მას შემდეგ იგი ცხენების, განსაკუთრებით კი, თეთრი ცხენის- თეთრონას განუყრელი მეგობარია და სწორედ თეთრონასთან ატარებს იგი ყველაზე დიდ დროს.
ირემი დღეს არც მკვიდრ მოსახლეობას უშინდება. ჩარგალის სტუმრობისას თქვენ ასევე შეხვდებით პატარა შვლის ნუკრსაც, რომელიც სიკვდილს სწორედ სოფლის მკვიდრმა გადაარჩინა.
სოკოს მოსაკრეფად გასულ მაცხოვრებელს ტყიდან განწირული ხმა შემოესმა, ხმას მიჰყვა და მომაკვდავი პაწაწინა შვლის ნუკრი იპოვა. ახლა შვლის ნუკრი ჩარგალში, თბილ სახლში იზრდება.
ეს ორი თავბრუდამხვევი ამბავი ყველას გულში აღძრავს სასიამოვნო ემოციებს, განა ტყუილად უყვარდა ვაჟას მშობლიური მხარე? მას მართლაც განსაკუთრებული დამოკიდებულება ჰქონდა საკუთარი მხარის ბუნებასა და ცოცხალ არსებებთან, დიდებული ვაჟას ანდერძს კი დღეს სოფლის მკვიდრნი აგრძელებენ, რასაც ზემოთ მოთხრობილი ამბები მოწმობს.
ამ სასიამოვნო ამბით ცალსახად ჩანს მცხეთა-მთიანეთის განსაკუთრებულობა, ამიტომ ვფიქრობ, ახლა ის დროა გაემგზავროთ სოფელ ჩარგალში, გზად დაკეპილი ხინკალი და დამბალხაჭო დააგემოვნოთ, ეწვიოთ ვაჟა ფშაველას სახლ მუზეუმს და ვინ იცის? იქნებ გაგიმართლოთ და ბუნების საოცრება, ირემიც კი ნახოთ საკუთარი თვალით.
ავტორი: მარი ქავთარაძე